ლოკალური SEO – შენი ბიზნესის საუკეთესო მეგობარი

ივნისი 14, 2023

ციფრულ ეპოქაში, ონლაინ სივრცეში ხილვადობა ნებისმიერი ზომის ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ინტერნეტს ადგილობრივი ბიზნესისა და სერვისების მოსაძებნად.

ამიტომ, ონლაინ კონკურენტებისგან გამორჩევა სულ უფრო რთული ხდება. ერთ-ერთი სტრატეგია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ბიზნესის ცნობადობა, ხილვადობა და საბოლოო ჯამში მოგება, არის ლოკალური საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.

და მაინც, რა არის ლოკალური SEO და რატომ არის ის გადამწყვეტი იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ გავლენა იქონიოს ადგილობრივ ბაზარზე?

სარჩევი

რა არის ლოკალური SEO?

ლოკალური SEO არის ბიზნესის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის მთავარი მიზანია, რომ პოტენციურ მომხმარებელს დავხვდეთ ზუსტად იქ, სადაც გვეძებენ. გლობალური SEO-სგან განსხვავებით, ადგილობრივი საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ერთგვარად “ავიწროებს” კონკურენციას და ფოკუსირდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც კონკრეტულ ლოკაციაზე ეძებენ სასურველ პროდუქტს.

 ლოკალური SEO მოიცავს (არამარტო) შემდეგ საქმიანობას:

  • Google Business Profile-ის (Google My business) მოწესრიგება
  •  ლოკალური საძიებო სიტყვების პოვნა
  •  ლოკალურად რელევანტური კონტენტის შექმნა.

ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც ფიზიკური ლოკაცია გააჩნია, აუცილებლად მიიღებს სარგებელს ლოკალური SEO-ს გამოყენებით.

წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია: თქვენმა ხელმძღვანელმა ახლახან გაიგო, თუ რამდენად ბენეფიტურია საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ბიზნესის წარმატებისთვის. ამიტომ, დაგავალათ საუკეთესო SEO სააგენტოს შერჩევა. ცხადია, პირველი რასაც იზამთ იქნება „SEO სააგენტოს“ დაგუგვლა. ამ შემთხვევაში საძიებო ველში გამოგიჩნდებათ ორი გრაფა: Map Pack და ჩვეულებრივი საძიებო შედეგების ველი.

  • ქვემოთ მოცემულ სურათზე გამოსახულია Map Pack, რომელიც გუგლში Google Business Profile-ის შექმნის და დადასტურების შედეგად გამოჩნდა. მოცემული ველი მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის თქვენი კომპანიის შესახებ. ამ გრაფის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სააგენტოს სახელი, მათი სერვისები, რუკაზე მოცემული მისამართი, ნომერი, რომელზეც ერთი დაწკაპუნებით დარეკვას შეძლებთ. ასევე ჩანს სამუშაო საათები და სხვა მომხმარებლების შეფასებები.
    სეო სააგენტო ალპაკას map pack
  • ჩვეულებრივი ორგანული საძიებო შედეგების ველი კი ასე გამოიყურება:
    ალპაკა სეო მომსახურება სერპში

რადგანაც დაგუგვლის შედეგად ყველაზე ხშირად ხსენებული კომპანია “ალპაკა” აღმოჩნდა, თქვენ სწორედ ამ სააგენტოთი დაინტერესდით და მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადაწყვიტეთ მის ვებსაიტზე სტუმრობა. ვებგვერდზე ნახეთ, რომ კომპანია უფასო SEO აუდიტს გთავაზობდათ, ამ გზით შეამოწმეთ მათი კომპეტენცია და საბოლოოდ ხელმძღვანელს წარუდგინეთ “ალპაკა”.

რომ არა ადგილობრივი საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, იმის შანსი, რომ თქვენ “ალპაკა”-ს შესახებ გაგეგოთ და შემდეგ მომხმარებლად ქცეულიყავით, შედარებით მცირე იქნებოდა. სწორედ ესაა ლოკალური SEO-ს მაგია.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია?

21-ე საუკუნეში ინტერნეტი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს ტენდენცია დააჩქარა პანდემიამაც,რომელმაც მკვეთრად შეცვალა მომხმარებლის ონლაინ აქტივობები.

  • მომხმარებლის 97% ყველაზე დიდ ინფორმაციას ლოკალური კომპანიის შესახებ სწორედ ინტერნეტიდან იღებს. (წყარო: SEO Tribunal, 2018)
  •  54% თვეში ერთხელ მაინც გუგლავს ლოკალურ სეოსთან დაკავშირებულ საძიებო სიტყვებს. (Local Search Statistics: 2023 Edition by Moz)
  • გუგლის ძებნების 46% მიმართულია ადგილობრივი ინფორმაციის ან სერვისების მოძიებისკენ. (Source: GoGulf, 2020)
  • მობილურით ლოკალური ბიზნესის მაძიებლების 88% ურეკავენ ან სტუმრობენ მაღაზიას მომდევნო 24 საათში. (Source: Nectafy)
  • ადგილობრივი ძიებების შედეგად მომხმარებლების 50% იმავე დღეს სტუმრობენ მაღაზიას რეალურ ცხოვრებაში. (Source: Google, 2018)

ამ მონაცემების გათვალისწინებით აშკარაა, რომ მცირე ბიზნესისთვის აუცილებელია ადგილობრივი SEO-ს გამართვა, რისი დახმარებითაც მოიზიდავთ იმ ადამიანებს, რომელთა რეალურ მომხმარებლებად ქცევის პოტენციალი ყველაზე მეტია. ასევე, ამ გზით მიწვდებით ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფ მომხმარებლებს, რომლებსაც ესაჭიროებათ თქვენი დახმარება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში კარგი სერვისის მიწოდების შემდეგ იზრდება ბრენდის მიმართ ლოალობაც.

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

ადგილობრივი SEO-ს რანკირების სისტემა

ლოკალური SEO-ს შემთხვევაში, Google-ი ჩვეულებრივი რანკირების სისტემის გარდა ითვალისწინებს დამატებით ფაქტორებსაც. ეს ფაქტორებია:

  • შესაბამისობა (Relevance) – გუგლი ცდილობს, რომ მომხმარებელს მათ შეკითხვაზე მაქსიმალურად მორგებული/რელევანტური შედეგები შესთავაზოს.
  • დისტანცია (Distance) – წინა პუნქტის გათვალისწინებით, ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისას დისტანცია მნიშვნელობანი ფაქტორია. მაგალითად, თუ ეძებთ „პიცას ვაკეში“ გუგლი დიღომში მდებარე პიცერიას ნაკლებად თუ გიჩვენებთ.  მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ სივრცეში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია იყოს მუდმივად განახლებადი და რეალური, რადგან სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გვაფასებენ მომხმარებლები და საძიებო სისტემების ბოტები.
  • გამორჩეულობა (Prominence) – ეს ფაქტორი გულისხმობს, რომ ბიზნესს ჰქონდეს გამართული ვებსაიტი, იყოს აქტიური სოციალურ მედიაში, ბევრ ადგილობრივ ე.წ “ბიზნეს ლისტინგებზე” იყოს განთავსებული/წარმოდგენილი კომპანიის შესახებ ინფორმაცია და რა თქმა უნდა კარგი შეფასება ჰქონდეს მომხმარებლების მხრიდან.

ლოკალური SEO-ს კომპონენტები

თუ დაგაინტერესათ ადგილობრივი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციამ დიდი ალბათობით გაინტერესებთ, თუ რა გზით უნდა გამოიყენოთ ის თქვენი ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის.

ქვემოთ მოცემული ნაბიჯები დაწყებაში დაგეხმარებათ:

ლოკალური საძიებო სიტყვების (ქივორდების) ანალიზი

ლოკალური საძიებო სიტყვების ანალიზი მოიცავს იმ “ქივორდების” შერჩევას, რომელსაც მომხმარებელი ადგილობრივი სერვისების ძიებისას იყენებს. უმეტესად ასეთი სიტყვები გრძელი (Long Tail Keywords) და ფრაზული სახისაა, თუმცა მათი (მაძიებლების) მყიდველებად გადაქცევის დიდი შანსია.

ლოკალური “ქივორდების” ძებნისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • გაანალიზეთ თქვენი ბიზნესი – ჩამოწერეთ ის სერვისები, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობთ. საწყისი ეტაპისთვის გამოყავით პრიორიტეტები და შემდგომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყეთ საძიებო სიტყვების მოძიების პროცესი.
  • გაიცანით თქვენი მომხმარებლები გაითვალისწინეთ ისიც, რომ საძიებო სიტყვების შერჩევისას კარგი იქნება თავი მომხმარებლის ადგილას წარმოიდგინოთ. თქვენივე პროდუქტის პოტენციური მომხმარებელი რომ იყოთ, რა სიტყვებით მოძებნიდით სასურველ სერვისს?

სწორი ლოკალური “ქივორდების” ანალიზი სამიზნე აუდიტორიის გაცნობის საკმაოდ საინტერესო პრაქტიკაა. ეს დაგეხმარებათ, როგორც SEO სტრატეგიის შემუშავებაში, ისე მომხმარებელთან სასაუბრო ენის შერჩევაში.

  • შექმენით საძიებო სიტყვების სია – “ქივორდების” შერჩევისას გაითვალისწინეთ სიტყვების მაძიებელთა რაოდენობა, “ქივორდის” სირთულე და ძიების მიზანი. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ საძიებო სიტყვა ლოკალური სერვისის, ან პროდუქტის მოძიებისკენ იყოს მიმართული.

    საძიებო სიტყვები სხვადასხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლის მიხედვით კლასტერებად დაყავით. მაგალითისთვის, შეიძლება გააკეთოთ მხოლოდ ერთი სერვისის კლასტერი, ასევე შესაძლებელია ცალკე გამოყოთ ის სიტყვები, რომელშიც ლოკაციაა გამოყენებული. დამერწმუნეთ, ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტი სიტყვა შემატოთ თქვენს სიას და ამასთან ერთად, საქმეს უფრო ორგანიზებულადაც გაუძღვებით.
  •   გამოიკვლიეთ თქვენი კონკურენტების ონლაინ აქტივობანახეთ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები ონლაინ სივრცეში. შეამოწმეთ მათი შეფასებები, დაფიქრდით, თუ რას შეცვლიდით მეტი მომხმარებლის მოსაზიდად და თქვენი ორიგინალური იდეების გამოყენებით ეცადეთ გაუმჯობესებული კონტენტი შესთავაზოთ ვიზიტორებს.
  •   გამოიყენეთ სპეციალური ხელსაწყოები – ინტერნეტში არაერთი ხელსაწყოა, რომლებიც “ქივორდების” მოძიებაში დაგეხმარებათ. მათ შორის ბევრს მრავალფუნქციური უფასო ვერსიებიც აქვთ, ამიტომ გატესტეთ ისინი და შეარჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო ვარიანტი.

Google Business Profile ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის

Google Business Profile (ძველი Google My Business) უფასო ბიზნეს საინფორმაციო სიაა. GBP ბიზნესს საშუალებას აძლევს სტრუქტურირებულად უჩვენოს მომხმარებელს ყველა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია, ვებსაიტის ბმული, მომხმარებელთა შეფასებები და სურათები. ცნობარი ინტეგრირებულია Google Maps-თან, ეს კი მომხმარებელს ეხმარება,რომ უფრო მარტივად მოგაგნონ.

კარგად ოპტიმიზირებულ Google Business Profile-ს შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს თქვენი კომპანიის ხილვადობა, ეს თავის მხრივ დაგეხმარებათ მეტი ვიზიტორების გენერირებაში.  GMB-ზე მუშაობისას გაითვალისწინეთ შემდეგი ნაბიჯები:

Google Business Profile-ზე რეგისტრაცია

კომპიუტერით შედით თქვენს Google Business Profile-ზე და შექმენით ახალი ექაუნთი. ახალი ბიზნეს პროფილის შექმნისას გამოიყენეთ კომპანიის მეილი (მაგალითად example@alpaca.ge). შემდეგ მიუთითეთ თქვენი ბიზნესის კატეგორია.

გუგლის ბიზნეს პროფილზე რეგისტრაცია

თუ ბიზნესის პროფილი უკვე შექმნილია შეგიძლიათ მოითხოვოთ მფლობელის სტატუსი. ამისათვის ბიზნეს პროფილის მოძებნის შემდეგ ქვემოთ გამოჩნდება ღილაკი „წვდომის მოთხოვნა” („Claim Your Business”). შემდეგ გამოგიჩნდებათ მარტივი ფორმა, რომლის გადაგზავნის შემდეგაც ამჟამინდელ მფლობელს მიუვა მეილი, რომელიც მას სთხოვს, რომ დაგეკონტაქტოთ. საბოლოოდ, თქვენ მიიღებთ დასტურის მეილს.

გუგლის ბიზნეს პროფილზე კონტროლის მოთხოვნა (სეო სააგენტო ალპაკას მაგალითი)

 

პროფილის დადასტურება

პროფილის დასადასტურებლად რამდენიმე გზა არსებობს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში Google-ი ჩვეულებრივ აგზავნის საფოსტო ბარათს თქვენი ბიზნესის ფიზიკურ მისამართზე დამადასტურებელი კოდით (რომელიც ძირითადად არ ჩამოდის). ეს ნაბიჯი გადამწყვეტია ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად და არაავტორიზებული მომხმარებლების მხრიდან თქვენ ბიზნესზე პრეტენზიის თავიდან ასაცილებლად.

პროფილის დადასტურება ასევე შესაძლებელია ონლაინ შეხვედრის ჩანიშვნით, რა დროსაც Google-ის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ითხოვენ კომპანიის შიდა ინტერიერის დათვალიერებასა და ფიზიკური ლოკაციის (ზუსტი მისამართის) ვიზუალურად დადასტურებას.

ყველაზე კარგ შემთხვევაში კი რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე ბიზნესის პროფილის დადასტურება შესაძლებელია, მითითებულ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე მოსული საიდენტიფიკაციო კოდის დახმარებით.

Google Business Profile-ის ოპტიმიზაცია

GBP პროფილის ოპტიმიზაციის დროა. მომხმარებელს მიაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ – სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებსაიტი და სამუშაო საათები. დარწმუნდით, რომ ეს ინფორმაცია არის ზუსტი და შეესაბამება იმას, რაც ჩამოთვლილია თქვენს ვებსაიტზე და სხვა ონლაინ პლატფორმებზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბიზნესის კატეგორიისა და ქვეკატეგორიის სწორად შერჩევა, რადგან ის ეხმარება Google-ს გადაწყვიტოს, რომელ საძიებო სიტყვებზე გამოჩნდეს თქვენი ჩამონათვალი.

GBP-ი ბიზნესს მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. მომხმარებელთა შეფასებებზე პასუხის გაცემა – იქნება ეს პოზიტიური თუ უარყოფითი – შესანიშნავი გზაა აჩვენოთ მომხმარებლებს, რომ აფასებთ მათ გამოხმაურებას. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვა-პასუხის განყოფილება, რათა უპასუხოთ მომხმარებელთა შეკითხვებს. ვიზიტორებისთვის სიახლეების გაზიარებას კი შეძლებთ “add update” ფუნქციის მეშვეობით.

ფოტოების და ვიდეოების ოპტიმიზაცია GBP პროფილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ოპტიმიზაცია თქვენს პროფილს უფრო მიმზიდველს ხდის და მომხმარებელს კომპანიის შესახებ უკეთეს წარმოდგენას უტოვებს.

რაც შეეხება GBP-ის „Insights“ განყოფილებას, ის  გვაწვდის მნიშვნელოვან მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ და სად გპოულობენ მომხმარებლები Google-ში და რა ქმედებები განახორციელეს თქვენს ბიზნეს პროფილზე. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ლოკალური SEO სტრატეგიის გასაუმჯობესებლად და უფრო ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.

Google Business Profile არის ძლიერი ინსტრუმენტი ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს ადგილობრივი ონლაინ ხილვადობა. ეფექტურად ოპტიმიზირებულ და აქტიურ GBP პროფილს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ბიზნესის ლოკალური SEO, მიიზიდოს მეტი ტრაფიკი ვებსაიტზე და საბოლოო ჯამში, მეტი მომხმარებელი მოიყვანოს თქვენს კართან.

ბიზნეს საინფორმაციო ცნობარები და NAP პრინციპი

ბიზნეს საინფორმაციო ცნობარები, ე.წ “Listing” გვერდები, კიდევ ერთი გზაა ცნობადობის გასაზრდელად. ეს თავის მხრივ დაგეხმარებათ გუგლის შედეგების ველში უკეთესი პოზიციების დაკავებაში. თუ თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია მოხსენიებულია ბევრ მაღალი ავტორიტეტის მქონე წყაროებში, საძიებო სისტემები უფრო ლეგიტიმურად აღგიქვამენ და მაღალი პოზიციებით დაგაწინაურებენ.

ბიზნეს ცნობარებში და ზოგადად ონლაინ სივრცეში ბიზნესის შესახებ ინფორმაციის განთავსებისას გაითვალისწინეთ NAP (Name, Address, Phone) ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ბრენდის სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი ყველა სივრცეში ერთი და იგივე ფორმით იყოს მოცემული.

მობილურის როლი ლოკალურ SEO-ში

სმარტფონებმა მკვეთრად შეცვალეს ადგილობრივი SEO-ს ლანდშაფტი. სმარტფონების მოხერხებულობის გათვალისწინებით, ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მობილურ მოწყობილობებს. შესაბამისად, ბიზნესისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ვებგვერდის მობილურზე რესპონსულობის გამართვა. სმარტფონები საკმაოდ გამოსადეგ ფუნქციონალებს გვთავაზობენ, ამიტომ განვიხილოთ მათი როლი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პროცესში.

„ჩემთან ახლოს“ (Near Me) ძიება: მობილურის მოხმარების ზრდასთან ერთად მოიმატა “ჩემთან ახლოს” ძიებების რაოდენობამაც, ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამძაფრდა პანდემიის შემდეგ. ეს არის მდებარეობაზე დაფუძნებული ძიება, რა დროს მომხმარებლები ეძებენ კონკრეტულ პროდუქტს, სერვისს ან ბიზნესს მათ ამჟამინდელ ლოკაციასთან ახლოს. Google-მა განაცხადა, რომ “ჩემთან ახლოს” ძიებების უმრავლესობა მობილურ მოწყობილობებზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ,  ადგილობრივ ბიზნესს სჭირდება ოპტიმიზაცია ამ ტიპის ძიებებისთვის, რათა დაიპყროს მობილური აუდიტორია.

რუკები: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლოკალური ძიებისას შედეგების ველში ჩნდება Google Maps-ის რუკა. ვებგვერდისგან განსხვავებით, მობილურის რუკა GPS-ის გამოყენებით მეტ ფუნქციონალს სთავაზობს მომხმარებელს, შესაბამისად იზრდება შანსი, რომ ისინი ფიზიკურ ლოკაციაზე უფრო სწრაფად მოგაკითხავენ.

ხმოვანი ძიება: ხმოვანი ასისტენტების გამოყენება, როგორიცაა Siri, Google Assistant და Alexa, საკმაოდ არის გაზრდილი. ეს ტექნოლოგიები კი ხშირად ეყრდნობა ადგილობრივ SEO ინფორმაციას მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხების გენერირებისას. მაგალითად, ბრძანება, როგორიცაა “იპოვე პიცის ადგილი ჩემ მახლობლად” დააბრუნებს შედეგებს ადგილობრივი საძიებო სისტემებიდან აღებული მონაცემების საფუძველზე.

სმარტფონების როლი ლოკალურ SEO-ში უმნიშვნელოვანესია. ის საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ იმ მომხმარებელს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ძიების პროცესში და სწრაფად სჭირდება პასუხები.



სწრაფად მზარდ ციფრულ სამყაროში, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო კონკურენტული ხდება, მცირე ბიზნესისთვის ძლიერი
ლოკალური SEO ოპტიმიზაცია არ არის მხოლოდ ვარიანტი, არამედ აუცილებლობაა.

ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად, ლოკალური SEO-ს მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება. ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა გვპირდება ძიების ახალ ეპოქას, ეს კი ადგილობრივ SEO-ს კიდევ უფრო გადამწყვეტს გახდის. ამიტომ, ბიზნესებმა, რომლებსაც სურთ წარმატების მოპოვება ადგილობრივ ბაზარზე, უნდა მოერგონ, განვითარდნენ და გააძლიერონ ლოკალური SEO სტრატეგიები ინტერნეტში მყარი პოზიციების მოსაპოვებლად.

ციფრული მარკეტინგის ამ ეპოქაში მანტრა მარტივია – იფიქრე გლობალურად, მაგრამ იმოქმედე ადგილობრივად.

ანა ქარელი
ანა ქარელი

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები