SEO vs SEM – რომელი მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენებაა უმჯობესი ბიზნესისთვის

სექტემბერი 2, 2022

ციფრული მარკეტინგის ორი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და საძიებო სისტემების მარკეტინგი. ორივე სფერო ბიზნესებს სთავაზობს განვითარების უამრავ შესაძლებლობას და თანამედროვე ციფრულ სამყაროში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კომპანიები გამუდმებით ცდილობენ სხვადასხვა ციფრული სტრატეგიების თავიანთ საქმიანობაში ინტეგრირებას. აქედან გამომდინარე კითხვა, თუ რომელი მიმართულების არჩევა სჯობს SEO თუ SEM და სად არის უმჯობესი კომპანიის ბიუჯეტის ინვესტირება, აქტუალობას არ კარგავს.

სარჩევი

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და SEM საძიებო სისტემების მარკეტინგს შორის

სანამ ბიზნესი აირჩევს თუ რომელ ციფრულ სტრატეგიას მიჰყვეს, მნიშვნელოვანია რომ იდენტიფიცირდეს თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

ძირითადი განსხვავება SEO ოპტიმიზაციასა და საძიებო სისტემების მარკეტინგს შორის არის ის რომ, SEO ოპტიმიზაცია გულისხმობს ვებგვერდზე ვიზიტორების რაოდენობის ორგანულ ზრდას, ხოლო SEM თავის მხრივ გულისხმობს ფასიანი რეკლამის მეშვეობით ტრაფიკის მოპოვებას.

მიუხედავად იმისა რომ ორივე მიმართულების მიზანია ბიზნესის ცნობადობის გაზრდა და ვებგვერდზე ვიზიტორების რაოდენობის მატება, რადიკალურად განსხვავებულია შედეგებამდე მისვლის მეთოდები, რასაც დეტალურად მოგვიანებით მივუბრუნდებით. განსხვავებულია შედეგების მიღების პერიოდიც, SEO ოპტიმიზაციის მხრივ ჩატარებული სამუშაოები აისახება გრძელვადიან პერიოდში და საგრძნობი რეზულტატის მიღება საჭიროებს მინიმუმ 6 თვიან პერიოდს, ხოლო ფასიანი რეკლამით მიღებული შედეგები აისახება მყისიერად.

განსხვავებულია საძიებო სისტემების შედეგების (SERP) გვერდზე გამოჩენილი რეზულტატის ადგილმდებარეობაც. SEM სტრატეგიით გაშვებული რეკლამა ყოველთვის ჩანს ორგანული ძიების შედეგების თავზე და აღნიშნულია სპეციალური ნიშნით რაც იძლევა იმის იდენტიფიცირების საშუალებას რომ ძიების შედეგი არის ფასიანი და ლინკზე ყოველი გადასვლისას რეკლამის განმთავსებელს მოუწევს თანხის გადახდა.

გუგლში რეკლამის მაგალთი

SEM-ისგან განსხვავებით SEO ოპტიმიზაციის შედეგად მოწინავე პოზიციებზე მყოფ ვებგვერდების მფლობელებს არ უწევთ არაფრის გადახდა და ყოველი ვიზიტი არის ორგანული.

გუგლში ორგანული შედეგის მაგალითიმნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ უახლესი კვლევების მიხედვით ორგანული ძებნის შედეგებს უფრო მაღალი CTR მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ფასიანი ძიების შემთხვევაში. SEO ბენეფიტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ვრცელ ბლოგს.

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს SEO ოპტიმიზაციას

ზოგადად  SEO არის ვებგვერდის ხილვადობის და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ორგანულად, დამატებითი თანხების გადახდის გარეშე, ისევე როგორც ყველაფერს SEO ოპტიმიზაციასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად.

სეო ოპტიმიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები

SEO ოპტიმიზაციის დადებითი მხარეები

  • SEO ოპტიმიზაციით მიღებული ტრაფიკი არის უფასო – რაც გულისხმობს იმას რომ როდესაც ბიზნესი იყენებს SEO-ს მას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღოს ვიზიტორთა ისეთი ნაკადი რომელიც უშუალოდ დაინტერესებული არიან შესაბამისი ნიშით, ანუ რეკლამისგან განსხვავებით მომხმარებელი თავად მოდის ბიზნესამდე და არა პირიქით, ბიზნესს არ უწევს არაფრის გადახდა შესაბამისი აუდიტორიის მოსაძებნად.
  • SEO-ს ბიზნესისთვის მოაქვს გრძელვადიანი სარგებელი – როდესაც ვებგვერდზე გამართულია SEO (რაც გულისხმობს რომ კონტენტი მოწესრიგებულია და ფოკუსირებულია კონკრეტულ საძიებო სიტყვებზე, ვებგვერდი არის აქტიური და მუდმივად თავსდება სიახლეები, აქვს რელევანტური შემომავალი ლინკები სხვა ძლიერი ვებგვერდებიდან, ოპტიმიზებულია ჩატვირთვის სიჩქარე და გამართულია ტექნიკურად) ყოველი გაწეული ძალისხმევა მუდმივ გამოხმაურებას ჰპოვებს გრძელვადიან პერიოდში. განსხვავებით PPC სარეკლამო კამპანიისა, რომელსაც წინასწარ აქვს გაწერილი მოქმედების პერიოდი და ბიუჯეტის ამოწურვისთანავე ვებგვერდის ხილვადობაც ქრება.
  • SEO ოპტიმიზაციას მოჰყავს რელევანტური მომხმარებელი – რაც ნიშნავს იმას რომ ბიზნესებს შეუძლიათ გამოიყენონ Long-tail საძიებო სიტყვები მათთვის სასურველი სეგმენტის მოსაზიდად. როდესაც მომხმარებელი ეძებს მაგალითად “სახლებს” საჭიროა განვსაზღვროთ თუ რა არის ამ ძიების მიზანი, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სახლების არქიტექტურის დათვალიერება და  ნებისმიერი ზოგადი სახის ინფორმაციის გაცნობა, მაგრამ თუ მომხმარებელი ეძებს მაგალითად “სახლების ფასები თბილისში” დიდი ალბათობით ასეთ მომხმარებელს ამოძრავებს სამომავლოდ სახლის შეძენის სურვილი და ნებისმიერი სამშენებლო კომპანიის სამიზნე აუდიტორიაა. სწორედ ასეთი ვიწრო და და ზუსტი სეგმენტის მოზიდვის საშუალებას იძლევა SEO ოპტიმიზაცია.
  • SEO ოპტიმიზაცია ხელს უწყობს მომხმარებელზე მორგებული ვებგვერდის შექმნას – განსხვავებით სარეკლამო კამპანიებისა, სადაც ბიზნესი იხდის იმისთვის რომ მომხმარებელი მოიზიდოს, პროფესიონალური SEO მომსახურება გულისხმობს ვიზიტორების მოზიდვას ვებგვერდის მუდმივი გაუმჯობესებით და საუკეთესო SEO მეთოდების ვებგვერდზე ინტეგრირებით, ამან შესაძლოა დიდი დრო და ენერგია წაიღოს თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საუკეთესო შედეგის მომტანია.

SEO ოპტიმიზაციის უარყოფითი მხარეები

  • Google-ის მუდმივად ცვალებადი ალგორითმები – გუგლი საკმაოდ ხშირად უშვებს ალგორითმის განახლებებს რომელსაც უნდა მოერგოს SEO სტრატეგია და მეთოდები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ვებგვერდის დაჯარიმება და პოზიციების დროებით ან მნიშვნელოვნად დაქვეითება. თუმცა თუ ვებგვერდი სწორად არის გამართული, არ არის Black-Hat ტექნიკები გამოყენებული და მომხმარებლისთვის სასარგებლო და რელევანტური ინფორმაციაა განთავსებული, დაჯარიმების საშიშროება არ არსებობს.
  • SEO მოითხოვს მუდმივ განახლებას – ახალი ტრენდული ქივორდების მოძიება, ამ ქივორდების მიხედვით კონტენტის განახლება, ახალი შემომავალი ლინკების წყაროების მოპოვება და ვებგვერდის ტექნიკური SEO-ს მონიტორინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე ტოპ პოზიციების გასამყარებლად.
  • SEO ოპტიმიზაცია არის დროში გაწელილი პროცესი – SEO ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული რეზულტატების ასახვას ესაჭიროება მინიმუმ სამიდან ექვს თვემდე პერიოდი, გარდა ამისა დროის პერიოდის ზრდა ან შემცირება დამოკიდებულია კონკრეტულ ნიშაში არსებულ კონკურენციაზე და ვებგვერდის იმ მომენტისთვის არსებულ მდგომარეობაზე როდესაც იწყებს SEO პროცესების იმპლემენტირებას. სწორედ ამიტომ დამატებითი რისკების თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია ბიზნესმა ითანამშრომლოს გამოცდილ და სანდო SEO სააგენტოსთან, რომელიც გამჭვირვალედ ყოველთვიური რეპორტების სახით აწარმოებს ჩატარებული სამუშაოების აღწერას.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს საძიებო სისტემების მარკეტინგს – SEM

საძიებო სისტემების მარკეტინგს ასევე ხშირად მოიხსენებენ როგორც PPC (pay-per-click) რეკლამირებას, რაც გულისხმობს საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP) ვებგვერდის გამოჩენას დასპონსორებული რეზულტატების სექციაში. ამასთან PPC გულისხმობს იმას რომ რეკლამის განმთავსებელს ყოველ ქლიქზე მოუწევს გარკვეული თანხის გადახდა და ამ გზით ტრაფიკის მოპოვება.

გუგლში რეკლამის დადებითი და უარყოფითი მხარეები

PPC რეკლამის გამოყენების დროს განმთავსებლის ვებგვერდი მყისიერად გამოჩნდება ტოპ დასპონსორებულ პოზიციებზე, ხოლო უშუალოდ მერამდენე ადგილზე აღმოჩნდება ეს უკვე დამოკიდებულია აუქციონის პრინციპზე, ეგრეთწოდებულ Bid სისტემაზე. თუკი თქვენს ინდუსტრიაში არსებული კონკურენტი მზად იქნება რომ თითო ქლიქში გადაიხადოს თქვენზე მეტი ამ შემთხვევაში დასპონსორებული რეკლამების სექციაში უპირატესობა მას მიენიჭება და თქვენ დაიკავებთ მის მომდევნო პოზიციას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ ის გვერდი, რომელზედაც მომხმარებელი ხვდება რეკლამაზე გადასვლის შემდეგ, იყოს გამართული და იწვევდეს ვიზიტორის ჩართულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა რეკლამამ დაკარგოს პოზიციები და გადაინაცვლოს SERP-ის ქვედა ნაწილში. რეკლამის ამ პოზიციაზე მოხვედრის შემდეგ მომხმარებლის ვებგვერდზე გადმოყვანის შანსი კოლოსალურად მცირდება.

საძიებო სისტემების მარკეტინგის (SEM) დადებითი მხარეები

  • SEM გამოყენებით ვაღწევთ მაქსიმალურ ხილვადობას ძიების შედეგებში – PPC რეკლამის გამოყენებისას თქვენს მიერ განთავსებული ვებგვერდი ექცევა ძიების რეზულტატების სათავეში, თუმცა მნიშვნელოვანია 3 ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება რათა ეს პოზიცია შევინარჩუნოთ:
    1. მოსალოდნელი CTR მაჩვენებელი, ანუ მომხმარებლების იმ რაოდენობის შეფარდება რომლებიც გადმოვიდნენ ლინკზე და რომლებმაც ჯამურად ნახეს რეკლამა არ უნდა იყოს დაბალი
    2. მნიშვნელოვანია ქივორდების რელევანტურობა, მაგალითად თუ თქვენი ვებგვერდი მომხმარებლებს სთავაზობს მანქანებს და თქვენი რეკლამა ჩანს მათთან ვინც ეძებს ველოსიპედებს, ნიშნავს რომ ქივორდები არარელევანტურია და რეკლამა დაკარგავს პოზიციებს
    3. კიდევ ერთი ფაქტორია Landing Page ხარისხი, გუგლი აანალიზებს იმ გვერდს რომელზედაც მომხმარებელი ხვდება რეკლამაზე გადასვლის შემდეგ.
  • PPC რეკლამის შედეგები არის მყისიერი – რაც გულისხმობს რომ თუკი გაქვთ ახალი ვებგვერდი და გსურთ რომ თქვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდეს საძიებო სისტემებში, თუ ხართ დროში შეზღუდულები და პროექტი არ იძლევა იმის საშუალებას რომ თვეების მანძილზე დაელოდოთ SEO ოპტიმიზაციის შედეგებს, PPC რეკლამის მეშვეობით შეგიძლიათ რეკლამის შექმნისთანავე გამოჩნდეთ საძიებო სისტემების დასპონსორებულ სექციაში. მაგრამ მყისიერი არ ნიშნავს რომ PPC რეკლამა რაიმე გავლენას მოახდენს გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს ორგანულ პოზიციონირებაზე. SEO ოპტიმიზაციის გარეშე, რეკლამის შეჩერებისთანავე თქვენი ვებგვერდი აღარ გამოჩნდება საძიებო სისტემებში
  • საძიებო სისტემების მარკეტინგზე (SEM) გვაქვს სრული კონტროლი – რაც მოიაზრებს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ თუ რომელ გვერდზე გადავა მომხმარებელი რეკლამასთან ინტერაქციისას. რეკლამის შექმნისას შესაძლებელია მივუთითოთ სასურველი Landing Page, რათა დარწმუნებულები ვიყოთ რომ მომხმარებელი საძიებო სიტყვის შესაბამის რელევანტურ გვერდზე გადავა. სარეკლამო კამპანიების შექმნისას ასევე შესაძლებელია Landing page-ების ტესტირება, რაც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ მომხმარებლის ქცევას თუ როგორი სახის გვერდით უფრო ინტერესდებიან.
  • PPC რეკლამა არის მოქნილი – რაც ნიშნავს იმას რომ შესაძლებელია ვაკონტროლოთ თუ რომელ საძიებო სიტყვას მივანიჭოთ უპირატესობა და რომლისთვის გავიღოთ შედარებით ნაკლები თანხა, შესაძლებელია სარეკლამო კამპანიის დროებით შეჩერება, ასევე შესაძლებელია კონკრეტული ადგილების შერჩევა თუ რომელ რეგიონში ან ქვეყანაში გვსურს რომ გამოჩნდეს რეკლამა და მრავალი სხვა დეტალი რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს აუდიტორიის განსაზღვრისას.

სეო ოპტიმიზაცია ბიზნესისთვის vs რეკლამა გუგლში

საძიებო სისტემების მარკეტინგის (SEM) უარყოფითი მხარეები

  • SEM საჭიროებს მუდმივ ბიუჯეტს – როდესაც სარეკლამო ბიუჯეტი ამოიწურება, გაშვებული რეკლამაც გაჩერდება, რაც გამოიწვევს ტრაფიკის მყისიერ ვარდნას. მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების შემთხვევაში კი ეს შესაძლოა ძალზედ საზიანო აღმოჩნდეს და პირდაპირ აისახოს შემოსავლების ვარდნაზე.
  • PPC რეკლამას ზოგიერთი მომხმარებელი აღიქვამს ნეგატიურად – PPC რეკლამა საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე მოქცეულია კონკრეტულ სექციაში და გამოყოფილია სპეციალური ნიშნით, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია იდენტიფიცირება რომ მოცემული ძიების შედეგი არის დასპონსორებული რეკლამა. მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებით დგინდება რომ მომხმარებლებს არ მოსწონთ დასპონსორებული ლინკები, ხშირ შემთხვევაში არ ენდობიან მათ და არ სურთ მათთან ინტერაქცია.
  • PPC რეკლამის ხარჯები ზრდადია – გამომდინარე იქიდან რომ PPC რეკლამა დაფუძნებულია აუქციონის პრინციპზე, შესაძლოა მაღალი კონკურენციის პირობებში ბიზნესს თითო ქლიქში მოუწიოს იმაზე მეტის გადახდა ვიდრე გათვალისწინებული ჰქონდა.
  • SEM საჭიროებს სიღრმისეულ ცოდნას – PPC რეკლამაზე მუშაობა ბევრი ახალი ბიზნესისთვის პრობლემატურია რადგან, უშუალოდ პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და საჭიროებს ბევრ მოკვლევასა და დაკვირვებას.

რომელია უმჯობესი SEO თუ SEM

SEO ოპტიმიზაციასაც და საძიებო სისტემების მარკეტინგსაც აქვთ თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს ბიზნესი ეს დამოკიდებულია უშუალოდ კომპანიის მიზნებზე, თუ კომპანიას აქვს  საკმარისი ბიუჯეტი და სურს საძიებო სისტემებში მყისიერი გამოჩენა ამ შემთხვევაში არჩევანი შეიძლება შეჩერდეს PPC რეკლამაზე, ხოლო თუ კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს ბაზარზე დამკვიდრებას ამ შემთხვევაში უმჯობესია ვებგვერდის SEO ოპტიმიზაცია.

ხშირ შემთხვევაში მარკეტერების უმრავლესობა რეკომენდაციას უწევს SEO ოპტიმიზაციას, გამომდინარე მისი შინაარსიდან რომელიც გულისხმობს ბაზარზე ორგანულად დამკვიდრებას გრძელვადიან პერსპექტივაში, გარდა ამისა SEO ოპტიმიზაციას, PPC რეკლამირებასთან შედარებით ესაჭიროება  ნაკლები ბიუჯეტი.

შესაძლებელია თუ არა SEO და SEM სტრატეგიების ერთად გამოყენება

სეო და რეკლამა გუგლში

თუ კომპანიას აქვს შესაძლებლობა და საკმარისი ბიუჯეტი რომ ორივე სტრატეგია განახორციელოს, ეს იქნება იდეალური შედეგის მომტანი ბიზნესისთვის, რადგან SEO და SEM ერთმანეთს საუკეთესოდ ავსებენ. SEO ოპტიმიზაციით შესაძლებელია ნაკლებად კონკურენტულ საძიებო სიტყვებზე ვებგვერდის პოზიციების გამყარება, ხოლო რთულ ქივორდებზე სადაც კონკურენციის ორგანულად გაწევა შედარებით ძნელია, შესაძლებელია SEM-ის გამოყენება და ამ გზით საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე გამოჩენა.

გარდა ამისა SEO ტრაფიკის გამოყენება შესაძლებელია PPC რემარკეტინგისთვის და პირიქით PPC კამპანიების შედეგებზე დაკვირვება შესაძლოა ერთგვარი ინსაითი აღმოჩნდეს SEO სტრატეგიისთვის.

აგრეთვე SEO და SEM კამპანიების ერთად წარმოების სარგებელი დამატებით არის ის, რომ ბიზნესის ვებგვერდი ორგანულადაც ჩანდეს პირველ ადგილზე და დამატებით რეკლამაც იკავებდეს მოწინავე პოზიციას, რაც თავის მხრივ გულისხმობს კონვერტაციების გაზრდილ მაჩვენებელს.

ამიტომ თუ კომპანიას აქვს ბიუჯეტი და ჰყავს შესაბამისი კადრები ვინც ცალკეულ მიმართულებებად ჩაიბარებს თითოეულს, რა თქმა უნდა რეკომენდებულია რომ ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში მოხდეს ორივე მიმართულების იმპლემენტირება.

მიიღე SEO აუდიტი​ უფასოდ

გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.

სანდრო გერმისაშვილი
სანდრო გერმისაშვილი

სტატიის ავტორი

2 Responses

    1. მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს 🚀 გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კიდევ რაიმე კონკრეტულ საკითხზე ხომ არ გსურთ ინფორმაციის მიღება და შევეცდებით ახალი ბლოგის სახით შემოგთავაზოთ 🙌

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები