SEO ქოფირაითინგი

მარტი 4, 2024

ვიცით, რომ არსებობს ქოფირაითინგი და ვიცით რომ არსებობს SEO. ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ასევე არსებობს SEO ქოფირაითინგი. ეს უკანასკნელი სტანდარტული ქოფირაითინგისგან და ზოგადად კონტენტის შექმნისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

სხვა შემთხვევაში, მთავარი მიზანი, თუ მკითხველის/მომხმარებლის დაინტერესება, მოხიბვლა, ყურადღების მიქცევაა, SEO კონტენტის შექმნისას ჩვენი ინტერესის ობიექტი მხოლოდ ცოცხალი მკითხველი არაა. 

ციფრულ სამყაროში არსებობს გუგლის ასეთი ქმნილება, სახელად Googlebot. ეს არის პატარა, მეგობრული რობოტი (დაახლოებით “Pixar”-ის “Wall-E”-ს მსგავსი), რომელიც მოგზაურობს მთელს ინტერნეტში, სტუმრობს ვებსაიტებს და ათვალიერებს იქ არსებულ კონტენტს. მთავარი ამოცანა ვებ გვერდების შინაარსის წაკითხვა და გაგებაა, რათა შემდეგ შეძლოს მათი Google-ის საძიებო ინდექსში დამატება. საძიებო ინდექსი უზარმაზარი ბიბლიოთეკასავითაა, სადაც Google ინტერნეტში მოძიებულ მთელ ინფორმაციას ინახავს. როდესაც Google-ში რაღაცას ეძებთ, თავის მხრივ გუგლი ამ ინდექსში “იქექება”, რათა იპოვოს ყველაზე რელევანტური ვებსაიტები და შემდეგ თქვენს საძიებო ველში გამოიტანოს.

ასე რომ, SEO ქოფირაითერს რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა. ჩვენი მიზანია, გარდა მკითხველისა, გუგლის ბოტისთვის მოსაწონი კონტენტი შევქმნათ და, რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ დამკვეთის ინტერესები. 

სარჩევი

SEO ქოფირაითინგი – პირველი ნაბიჯი

კონტენტი რომ რელევანტური იყოს, ამისთვის შესაბამისი საკვანძო სიტყვები, ე.წ. ქივორდები დაგვჭირდება. კონტენტის SEO ოპტიმიზაცია საკვანძო სიტყვების სწორად ინტეგრირების გარეშე წარმოუდგენელია. 

SEO ქოფირაითინგის ბლოგისთვის, რომელსაც ახლა ვწერ, მთავარი ქივორდები ჩემმა კოლეგამ მოიძია და სახელდახელო ბრიფიც შექმნა. 

საძიებო სიტყვების მოძიება საკმაოდ ვრცელი პროცესია. როგორ გააკეთა ეს ჩემმა კოლეგამ, რა პლატფორმები გამოიყენა და რომელ სტრატეგიას მიმართა, ამას დეტალურად “ალპაკას” ბლოგპოსტში იხილავთ. ტექსტში სიღრმისეულადაა განხილული საკვანძო სიტყვების მოძიების პროცესი: როგორ მოვიძიოთ საკვანძო საძიებო სიტყვები?

შიდა გადალინკვების ქსელის გამართვა

ქივორდების მოძიების შემდეგ მნიშვნელოვანია იმ გვერდების განსაზღვრა, რომლებიც შიდა გადალინკვების გზით უნდა გაძლიერდეს. On-Page SEO ოპტიმიზაცია რომ სრულყოფილად წარიმართოს, ამისთვის რიგი გვერდების გაძლიერება აუცილებელია.

შიდა გადალინკვები “გუგლის” ბოტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გვერდების პოვნაში ეხმარება, ფეიჯზე მეტ ვიზიტორს აგროვებს და მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესი ორგანულად წარიმართოს და გადალინკვები ხელოვნურად არ იყოს ტექსტში გამოყენებული.

კონტენტის ტიპის განსაზღვრა და Tone Of Voice-ს შერჩევა

SEO ბლოგი წერილობითი კონტენტის ყველაზე პოპულარული ფორმაა, მაგრამ, გარდა ბლოგ პოსტებისა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია სხვა მეთოდებსაც აქტიურად იყენებს: პროდუქტის კატეგორიის აღწერა, Landing Page-ს ტექსტი, ბექლინკის კონტენტი და ა.შ.

თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. კომპანიებისა და ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებულია ბლოგ პოსტების Tone Of Voice და სტილი.

ქვემოთ უფრო ფართოდაა მიმოხილული თუ როგორ შეიძლება ტონის ადაპტირება სხვადასხვა სექტორში:

ელექტრონული კომერცია:

მიმზიდველი და დამაჯერებელი: კონტენტის მიზანია მკითხველის ინტერესი პროდუქტებისა და სერვისებისკენ მიმართოს და წაახალისოს შესყიდვის გადაწყვეტილება.

მეგობრული: მეგობრული ტონით ბრენდი უფრო უახლოვდება მომხმარებელს და ზოგადად, იზრდება მისი ცნობადობა.

B2B :

ავტორიტეტული: ტონი უფრო ფორმალურია და მიზნად ისახავს მკითხველებს შორის სანდოობის დამყარებას. აქცენტი გადატანილია ინდუსტრიის ტენდენციებსა და მონაცემებზე ორიენტირებულ შინაარსზე.

საგანმანათლებლო და ინფორმატიული: პროდუქტები, სერვისები და ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიუანსები სიღრმისეულადაა ახსნილი. მთავარი მიზანი პოტენციური ბიზნეს კლიენტების ინფორმირებაა კომპანიის სერვისებსა და საქმიანობის მეთოდიკაზე.

ტექ სფერო:

ინოვაციური: ტექ სფეროსთვის დამახასიათებელი კონტენტის ტიპი, რომელიც საუბრობს ინოვაციებზე, უახლესი ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიის მომავალზე.

საგანმანათლებლო და ინფორმაციული: ტექნიკური პროდუქტებისა და სერვისების სირთულის გათვალისწინებით, გადამწყვეტია მათი გასაგებად ახსნა.

სამედიცინო სფერო:

ემპათიური: ემპათიური ტონი მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა. 

საგანმანათლებლო და ინფორმაციული: გთავაზობთ ღირებულ ინფორმაციას სხვადასხვა დაავადებებზე და გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორც შეიძლება ამა თუ იმ დაავადების პრევენცია.

მოგზაურობა:

თავგადასავლების მოყვარული: ამ ინდუსტრიაში იყენებენ ტონს, რომელიც შთააგონებს, აღაფრთოვანებს და მკითხველს ახალი მოგზაურობისთვის წაახალისებს.

ინფორმატიული: აწვდის პრაქტიკულ ინფორმაციას და რჩევებს მოგზაურებს: რჩევები მოგზაურობის დაგეგმვაზე, აუცილებლად სანახავ ადგილებზე და ა.შ.

კვლევა და ტექსტის შესავალი

სანამ ტექნიკურ რჩევებს მოგცემთ, მანამდე მთავარ ნაწილს შევეხებით – კვლევა.

Research – [noun] 1) კვლევა, შესწავლა, ძიება; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო; 2) (after) გულმოდგინე ძებნა, გადაქოთება; 3) [verb] კვლევა (გამოიკვლევს), კვლევითი საქმიანობით დაკავება (დაკავდება, დაკავებულია); 4) მასალების შეგროვება.

Research-ის თარგმანი ფაქტობრივად ზუსტად აღწერს იმ პროცესს, რაც უნდა გაიაროს SEO ქოფირაითერმა, არ აქვს მნიშვნელობა ბლოგს უბრალოდ ბადრიჯანზე წერს, ან უფრო რომ გავართულოთ: “რა როლი აქვს კალიუმს ადამიანის ორგანიზმში” მსგავს კომპლექსურ საკითხზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ რეალობიდან შორს საერთოდ არაა, ამ ორ რადიკალურად განსხავებულ თემებზე ერთმანეთის მიყოლებით მოგვიწიოს დაწერა. 

პირადი გამოცდილებით, კვლევა-ძიება SEO კონტენტის შექმნის ყველაზე ხანგრძლივი (და ამავდროულად საინტერესო) პროცესია. კვლევისას აღმოაჩენ, რომ მაგალითად, ბადრიჯანს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია და სხვა ყველაფერთან ერთად, ბოსტნეულებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ნიკოტინს (ამიტომაა რთული ნიგვზიან ბადრიჯანზე თავის დანებება!).

რაც შეეხება კალიუმს ჩვენს ორგანიზმში, ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაკროელემენტი. ამ შემთხვევაშიც გვაქვს საინტერესო ფაქტი – ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის კალიუმია, რომ მისგან პატარა ბომბი დამზადდეს.

როგორც ნებისმიერი სხვა ტექსტის შემთხვევაში, შესავალი SEO მიზნებისთვის განკუთვნილ ბლოგშიც ძალიან მნიშვნელოვანია. მკითხველი რომ მაქსიმალურად ჩავითრიოთ, პირველ რიგში, საკითხის კარგად ცოდნაა საჭირო და რა თქმა უნდა, სასურველია წერის ცოდაოდენი უნარიც გაგვაჩნდეს. 

რა სტრატეგია ჯობია შესავლის დასაწერად ეს ავტორის პრეფერენციებზე, თემის სპეციფიკასა და ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ჩემი მაგალითი აიღოთ (ბადრიჯანი+კალიუმი) და თავიდანვე საინტერესო ფაქტი შეაგებოთ მკითხველს.  გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სათქმელი დახვეწილად და მარტივად გადმოვცეთ, რათა მკითხველი თავიდანვე დარწმუნდეს ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდა და ამ ტექსტის წაკითხვით ღირებულ ინფორმაციას მიიღებს. 

ტექსტის სწორად სტრუქტურირება (Header Tag)

ბლოგის ტექნიკურ მხარეზეც ვისაუბროთ.

  • H1 მთავარი სათაურისთვისაა განკუთვნილი. დაიმახსოვრეთ, თითო გვერდზე უნდა იყოს მხოლოდ ერთი H1 თეგი.
  • დაყავით შინაარსი სექციებად და ქვესათაურები H2 და H3 თეგებად გადაანაწილეთ. სათაურებში ჩართეთ პირველადი და მეორადი საკვანძო სიტყვები, მთავარია რომ ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად მოხდეს საძიებო სიტყვების ინტეგრირება.
  • Body Text, ანუ მთავარი ტექსტი, ინფორმაციული და ღირებული უნდა იყოს, რომელიც ეხმიანება მკითხველის განზრახვას. რეკომენდებულია მოკლე აბზაცები და წინადადებები. 
  • Bullet Points ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომ ტექსტი ადვილად აღქმადი გავხადოთ და მნიშვნელოვან პუნქტებს ხაზი გავუსვათ.
  • ნამუშევრის სტრუქტურის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ, რომ, სასურველია შიდა გადალინკვები ტექსტის სხვადასხვა ნაწილში განთავსდეს. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საძიებო სიტყვა ტექსტში ზომიერად, რაოდენობის გადაჭარბების გარეშე გამოვიყენოთ. ამ პრაქტიკას საძიებო სისტემის ბოტი მანიპულაციად მიიჩნევს, მომხმარებელი კი ნაკლებად კომფორტულად გრძნობს თავს კითხვისას.

ტექსტის გადამოწმება და UX-ის შეფასება

ტექსტის დასრულების შემდეგ აუცილებლად წაიკითხეთ სრულად და ეცადეთ, ნეიტრალური ვიზიტორის თვალით შეაფასოთ მომხმარებლის გამოცდილება. 

საბოლოო ჯამში, SEO ქოფირაითინგი, როგორც საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე მოწინავე ადგილის მოპოვებას, ისე ვებსაიტზე ნავიგაციის გამარტივებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება. 

ბექა შათირიშვილი
ბექა შათირიშვილი

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები