2024 წლის ყველაზე ძიებადი სიტყვები – შეჯამება

დეკემბერი 20, 2024

Google Trends-ის მონაცემები საუკეთესო საშუალებაა საზოგადოების ციფრული ინტერესებისა და ონლაინ ქცევების გამოსავლენად. 2024 წლის მონაცემებზე დაკვირვება გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საკითხები, მოვლენები და თემები იყო განსაკუთრებით აქტუალური ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის.

SEO სააგენტო ალპაკა გთავაზობთ 2024 წლის პოპულარული საძიებო სიტყვების დეტალურ მიმოხილვას კატეგორიების მიხედვით. ჩვენი ანალიზი დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ რა აინტერესებდა და რას ეძებდა ქართველი მომხმარებელი ინტერნეტში 2024 წელს.

სარჩევი

მნიშვნელოვანი შენიშვნა: Google-ის ალგორითმს ხშირად უჭირს ქართული საძიებო სიტყვების კონტექსტის სრულად გააზრება და მათი სწორად კატეგორიზაცია. შესაბამისად, ზოგიერთ კატეგორიაში უმეტეს შემთხვევაში შეგხვდებათ ისეთი საძიებო სიტყვები, რომლებიც შინაარსობრივად არარელევანტურია და სხვა კატეგორიას მიეკუთვნება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად წარმოგვედგინა წლის ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვები.

2024 წლის ტოპ საძიებო სიტყვების ანალიზი (ყველა კატეგორია)

2024 წლის მონაცემების მიხედვით, ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების ძიების პრიორიტეტებში წამყვან პოზიციებს Google-ის სერვისები, განსაკუთრებით Translate და საძიებო სისტემა Google ინარჩუნებს.

გასული 12 თვის მონაცემების ანალიზი აჩვენებს საინტერესო სურათს ინტერნეტ მომხმარებლების ძიების პრიორიტეტების შესახებ. კერძოდ, ეს აისახება სათამაშო პლატფორმების დომინანტურ პოზიციებზე – ექვსი წამყვანი სათამაშო პორტალის (Adjarabet, Crystalbet, Betlive, Crocobet, Liderbet, Europebet) ჯამური ძიების მაჩვენებელი არ ჩამოუვარდება სხვა პოპულარული სერვისების, მათ შორის Google Translate-სა და ამინდის პროგნოზის ჯამურ მაჩვენებლებს.

საერთო სურათი ასეთია, 2024 წლის ტოპ 25 საძიებო სიტყვიდან, 6 სწორედ აზარტული თამაშების ინდუსტრიაზე მოდის.

იხილეთ 2024 წლის ტოპ საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

ეს სტატისტიკა საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. სათამაშო პლატფორმების ასეთი მაღალი პოპულარობა შესაძლოა ასახავდეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ფინანსურ მოწყვლადობას და სწრაფი გამდიდრების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საგანმანათლებლო რესურსებისა და პროდუქტიული სერვისების ძიება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სათამაშო პლატფორმების პოპულარობას.

ეს მონაცემები ასევე წარმოაჩენს აზარტული თამაშების რეგულირების და საზოგადოების ფინანსური განათლების გაუმჯობესების აუცილებლობას. როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად ეძებს აზარტულ სათამაშო პლატფორმებს, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს არა მხოლოდ გართობის სურვილზე, არამედ პოტენციურად შესაძლოა დაკავშირებული იყოს სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან.

2024 წლის ყველაზე მზარდი საძიებო სიტყვები

წლის მზარდ ტენდენციებში იკვეთება ონლაინ შოპინგის პლატფორმა Temu-ს ძიების საგრძნობი ზრდა, EURO 2024-ის მიმართ ინტერესის მატება და ChatGPT-ს პოპულარობის ზრდა. აღსანიშნავია ასევე ადგილობრივი სტრიმინგ პლატფორმებისა და მედია სერვისების განვითარების დინამიკაც.

იხილეთ 2024 წლის ყველაზე მზარდი (Rising) საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

მთავარი მიგნებები

  • სათამაშო ინდუსტრიის აბსოლუტური დომინირება ქართულ ინტერნეტ სივრცეში;
  • ელექტრონული კომერციის პლატფორმების მკვეთრი ზრდა, რაც ონლაინ შოპინგის კულტურის დამკვიდრებაზე მიუთითებს;
  • ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისადმი მზარდი ინტერესი;
  • სპორტული კონტენტის და განსაკუთრებით საფეხბურთო ჩემპიონატების მაღალი პოპულარობა;
  • ადგილობრივი სტრიმინგ სერვისების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

ბიზნესი (Business & Industrial)

2024 წლის მონაცემები აჩვენებს ციფრული პლატფორმების მზარდ მნიშვნელობას ბიზნეს სექტორში. TikTok-ის დომინანტური პოზიცია და მასთან დაკავშირებული სერვისების (download, downloader) ძებნის მაღალი მაჩვენებლები ბიზნეს კომუნიკაციებში სოციალური მედია მარკეტინგის გაძლიერებულ როლზე მიუთითებს.

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

საბანკო სექტორის წარმომადგენლებიდან ტოპ 25 საძიებო სიტყვაში ორი უმსხვილესი ქართული ბანკი მოხვდა. Google Trends-ის მონაცემებით, წლის განმავლობაში საძიებო სიტყვა “tbc” კატეგორიაში მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო “saqartvelos banki” – მეოთხეს, რაც მიუთითებს მომხმარებლების მაღალ ინტერესზე საბანკო სერვისების მიმართ.

ბანკების მიმართ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ დამატებით შევისწავლეთ და ერთმანეთს დავადარეთ ამ ორი კომპანიის ძიების ტენდენციები როგორც ქართული, ისე ლათინური შრიფტით.

საინტერესო სურათი გამოიკვეთა: ლათინური შრიფტით ძიებისას “tbc” მნიშვნელოვნად აღემატება “saqartvelos banki”-ის ძიების მაჩვენებელს, თუმცა ქართული შრიფტით ძიებაში საპირისპირო ტენდენცია ვლინდება – “საქართველოს ბანკი” უფრო ხშირად იძებნება, ვიდრე “თიბისი”.

იხილეთ შედარება:

TBC VS Saqartvelos banki თიბისი VS საქართველოს ბანკი

ბიზნესის კატეგორიაში ასევე საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა: მეთერთმეტე პოზიციაზე მყოფი Myauto-ს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მომხმარებლები კომპანიას განსხვავებული ფორმულირებითაც – “mai avto” ეძებენ. ეს შემთხვევა კარგად წარმოაჩენს SEO-ს მნიშვნელობას ბიზნესისთვის.

მსგავს სიტუაციებში რეკომენდებულია კომპანიებმა შეიძინონ დამატებითი დომენი (ამ შემთხვევაში maiavto.ge) და 301 გადამისამართებით დააკავშირონ ძირითად ვებსაიტთან. ეს არა მხოლოდ მომხმარებლის ძიების ჩვევებს პასუხობს, არამედ იცავს ბრენდს პოტენციური სპამ პრაქტიკებისგან.

*კომენტარი: იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია არაკეთილსინდისიერად არ იქნას გამოყენებული, ალპაკამ უკვე შეიძინა აღნიშნული დომენი და უსასყიდლოდ გადავცემთ კომპანიას.

მთავარი მიგნებები

  • სოციალური მედიის, განსაკუთრებით TikTok-ის, გაძლიერებული როლი ბიზნეს კომუნიკაციებში;
  • დასაქმების ონლაინ პლატფორმების მზარდი მნიშვნელობა;
  • ელექტრონული კომერციის პლატფორმების სწრაფი ზრდა;
  • საბანკო სექტორის მაღალი ციფრული აქტივობა, რაც ტოპ საძიებო სიტყვებში ორი უმსხვილესი ბანკის მოხვედრით დასტურდება;
  • მომხმარებელთა განსხვავებული საძიებო ქცევა ქართული და ლათინური შრიფტის გამოყენებისას, რაც საბანკო სექტორის მაგალითზე გამოვლინდა;
  • ბრენდების საძიებო სიტყვების ვარიაციების მნიშვნელობა SEO სტრატეგიისთვის (Myauto-ს მაგალითი)

2024 წლის ფინანსური სექტორი (Finance)

საქართველოს ფინანსურ სივრცეში ყველაზე მეტად საძიებო თემები კვლავ სავალუტო კურსებთან და საბანკო მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებენ:

1. USD კურსის მონაცემებს სხვადასხვა ვარიაციით, რაც ლარის მიმართ დოლარის გაცვლითი კურსის მუდმივ მონიტორინგზე მიუთითებს.

2. საბანკო სექტორიდან გამოსარჩევია Liberty Bank-ის და Rico Credit-ის სერვისებისადმი მაღალი ინტერესი, რაც სწრაფი სესხებისა და ფინანსური პროდუქტების აქტუალობაზე მეტყველებს.

3. ზოგადად ვალუტის გაცვლის კურსები სხვადასხვა მიმართულებით – მნიშვნელოვანი საძიებო თემებია.

4. სწრაფი სესხის კალკულატორებისა და ფინანსური გაანგარიშებების საძიებო აქტიურობა იზრდება.

მნიშვნელოვანი დაკვირვება: ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ Google-ში რუსულენოვანი ძიებების მკვეთრი ზრდაა შესამჩნევი. ეს პირდაპირ მიუთითებს საქართველოში რუსულენოვანი აუდიტორიის რაოდენობრივ ზრდაზე, რაც მიგრაციული პროცესების და გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში საინტერესო სოციალურ ტენდენციას წარმოადგენს.

საბოლოო ჯამში, აღნიშული კატეგორიის მონაცემები ადასტურებს, რომ 2024 წელს, მომხმარებლები განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ სავალუტო ოპერაციების, საბანკო სერვისებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღებით.

უძრავი ქონების სექტორი (Real Estate)

2024 წლის ძიების მონაცემები აჩვენებს მყიდველების მკაფიო პრიორიტეტებს უძრავი ქონების ბაზარზე. საძიებო სიტყვა “ბინა” ლიდერობს 100 ქულიანი ფარდობითი პოპულარობის მაჩვენებლით, სადაც გაყიდვებთან დაკავშირებული ძიებები (“იყიდება” – 93 ქულა), მნიშვნელოვნად აღემატება გაქირავების მაჩვენებლებს (“ქირავდება” – 71 ქულა).

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

მთავარი მიგნებები

  • საკუთრების შეძენა პრიორიტეტულია გაქირავებასთან შედარებით
  • ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოთხოვნის ზრდა
  • სახელმწიფო სერვისების აქტიური გამოყენება

ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები (Internet & Telecom)

2024 წლის მონაცემების ანალიზი ციფრულ სივრცეში მობილური ტექნოლოგიების დომინანტურ პოზიციას აჩვენებს. iPhone და Google თითქმის თანაბარი მაჩვენებლით ლიდერობენ სიას, რაც თანამედროვე კომუნიკაციებში მობილური ტექნოლოგიებისა და საძიებო სერვისების ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

ძიების მიმართულებით აღსანიშნავი ტენდენციებია:

  1. iPhone-ის  მაღალი პოპულარობა საქართველოში.
  2. Google-ის შემდეგ Yandex (яндекс) იკავებს მაღალ პოზიციას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს:
    • რუსულენოვანი აუდიტორიის მნიშვნელოვან წილზე საქართველოში.
    • მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების გავლენაზე, ინფორმაციულ სივრცეზე.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება Yandex-ის გამოყენების საფრთხეების შესახებ: აღნიშნული პლატფორმა შესაძლოა წარმოადგენდეს კიბერუსაფრთხოების რისკს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან არსებობს პერსონალური მონაცემების გაჟონვის რეალური საშიშროება.

ვიმედოვნებთ აღნიშნული ვითარება მალე შეიცვლება და ქართველი მომხმარებელი სრულად გადავა Google-ის საძიებო პლატფორმის გამოყენებაზე.

კომუნიკაციის საშუალებებიდან WhatsApp-ი კვლავ ლიდერ პოზიციაშია, რაც მობილურ კომუნიკაციებში თანამედროვე მესენჯერების გადამწყვეტ როლზე მიუთითებს.

დამატებითი საინტერესო ტენდენციები მოიცავს:

  • მაღალ მოთხოვნას Web-სერვისებზე.
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების (Gmail, Yahoo Mail, Twitter) აქტიურ გამოყენებას.
  • ტექნოლოგიური პროდუქტების, მათ შორის ინტერნეტის სიჩქარის შემოწმებაზე მაღალ ინტერესს, რაც შესაძლოა საქართველოში ინტერნეტის ხარისხთან იყოს დაკავშირებული.

საცალო ვაჭრობა (Shopping)

2024 წლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს საერთაშორისო მოდის ბრენდების დომინანტურ პოზიციას ქართულ ონლაინ საცალო ვაჭრობის სეგმენტში. Zara აბსოლუტური ლიდერია, მას მოსდევს Adidas და Mango. განსაკუთრებით საინტერესოა საბერძნეთის საცალო პლატფორმების მიმართ გამოხატული მაღალი ინტერესი (Zara Greece, Mango Greece).

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

მთავარი მიგნებები

  • საერთაშორისო მოდის ბრენდების აბსოლუტური დომინირება;
  • საბერძნეთის საცალო პლატფორმების მნიშვნელოვანი როლი;

ხელოვნება და გართობის ინდუსტრია (Arts & Entertainment)

ხელოვნებისა და გართობის კატეგორიაში YouTube პლატფორმა აბსოლუტურ ლიდერობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ პლატფორმის ძიება სხვადასხვა ვარიაციით ხდება – youtube, ютуб, you, iutubi. აქტუალურია სტრიმინგისა და ვიდეო კონტენტის სხვადასხვა პლატფორმებიც, მაგალითად, Netflix, Myvideo, Adjaranet.

როგორც ჩანს, ქართულად გახმოვანებულ ფილმებსა და სერიალებზე დიდი მოთხოვნაა, რასაც ისეთი ძიებები ადასტურებს, მაგალითად, როგორიცაა ,,filmebi qartulad”.

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

კატეგორიის მზარდი ტენდენციები

წლის მზარდ ტენდენციებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ევროვიზიის კონკურსს, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება საქართველოს ტრიუმფს საბავშვო ევროვიზიაზე. როგორც ჩანს, აქტუალური იყო მუსიკალური ინდუსტრიის სკანდალური ამბებიც, ამერიკელ პროდიუსერ Diddy-სთან დაკავშირებული სკანდალის გარშემო ქართველი მომხმარებლების მაღალმა ინტერესმა, გლობალურ მედია ტრენდებთან თანხვედრა აჩვენა.

მთავარი მიგნებები

  • YouTube-ის აბსოლუტური დომინირება ციფრული გართობის პლატფორმებს შორის;
  • ქართულენოვანი აუდიო-ვიზუალური კონტენტის მზარდი მოთხოვნა;
  • გლობალური კულტურული მოვლენების და სკანდალების მნიშვნელოვანი გავლენა ადგილობრივ ინტერესებზე;
  • კინემატოგრაფიული კონტენტის მრავალფეროვნება – ანიმაციური ფილმებიდან (Inside Out 2, Kung Fu Panda 4) სერიალებამდე (Cobra Kai);

ჰობი (Hobbies & Leisure)

2024 წლის მონაცემების ანალიზი წარმოაჩენს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დომინანტურ პოზიციას ჰობისა კატეგორიაში. AI პლატფორმების სხვადასხვა ვარიაციებით ძიება – GPT, Chat GPT – შეიძლება AI ტექნოლოგიების ყოველდღიურ აქტივობებში ინტეგრაციის მაჩვენებელი იყოს.

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

2024 წლის ტოპ საძიებო სიტყვები YouTube-ზე

2024 წლის საძიებო ტენდენციების ანალიზი საინტერესო სურათს გვიჩვენებს YouTube-ის გამოყენების კუთხით. მონაცემებიდან ჩანს, რომ ქართველი მომხმარებლები პლატფორმას ძირითადად მუსიკალური კონტენტის მოსასმენად იყენებენ, რაზეც მიუთითებს ისეთი საძიებო სიტყვების პოპულარობა, როგორებიცაა “song”, “music”, “სიმღერები” და “simgerebi”.

საბავშვო კონტენტის მხრივ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ემილია” და “ჟოზე” – საბავშვო გასართობი არხები, რაც მიანიშნებს პლატფორმის მნიშვნელოვან როლზე ბავშვების გართობისა და განვითარების კუთხით.

განსაკუთრებით საინტერესოა ქართული სერიალების მიმართ შენარჩუნებული მაღალი ინტერესი. “ჩემი ცოლის დაქალები” და “შუა ქალაქში” კვლავაც რჩება აქტიურ საძიებო კონტენტად, რაც ადასტურებს ამ სერიალების მდგრად პოპულარობას და YouTube-ის მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი სატელევიზიო კონტენტის მოხმარებაში.

კატეგორიის Top საძიებო სიტყვების სრული სია (18 დეკემბრის მონაცემები):

ყველაზე მზარდი საძიებო სიტყვები იუთუბზე

2024 წლის მთავარ აღმოჩენად იქცა ,,უსაშველოები”, რომელმაც მკვეთრი (Breakout) ზრდა აჩვენა. საინტერესოა, რომ პროექტის ძიება სხვადასხვა ფორმით ხდებოდა (უსაშველოები, usashveloebi, usaშველოები), რაც მის ფართო პოპულარობაზე მიუთითებს.

მთავარი მიგნებები

  • Youtube-ი ძირითადად მუსიკალური კონტენტის მოსასმენად გამოიყენება.
  • პლატფორმაზე ძალიან პოპულარულია საბავშვო გასართობი კონტენტი.
  • სატელევიზიო კონტენტის წარმატებული ადაპტაცია YouTube პლატფორმაზე.

2024 წლის ძიების ტენდენციების შეჯამება

Google Trends-ის 2024 წლის მონაცემების ანალიზი (18 დეკემბრის მდგომარეობით) საინტერესო სურათს გვიჩვენებს ქართული ინტერნეტ სივრცის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, არსებული მონაცემები საკმარისია ძირითადი ტენდენციების გამოსაკვეთად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენების შემთხვევაში, ჩვენი ანალიზი შესაბამისად განახლდება.

2024 წლის მთავარი ტრენდები მრავალფეროვან სურათს ქმნის:

  • სათამაშო პლატფორმების დომინირება;
  • საბანკო სექტორის აქტიური ციფრული ტრანსფორმაცია;
  • მობილური ტექნოლოგიების, განსაკუთრებით iPhone-ის, მზარდი პოპულარობა;
  • Google-ის სერვისებისა და ამინდის პროგნოზის პლატფორმების მაღალი პოპულარობა;
  • ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების (GPT, ChatGPT) მზარდი გამოყენება;
  • ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმების (Temu) წარმატება;
  • ეროვნული გასართობი კონტენტი, განსაკუთრებით “უსაშველოები”, “ჩემი ცოლის დაქალები” და “შუა ქალაქში”, კვლავ რჩება ქართველი მომხმარებლის ინტერესის ცენტრში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Google Trends-ის კატეგორიზაციის სისტემა ჯერ არ არის სრულყოფილად ადაპტირებული საქართველოს რეგიონისთვის. შედეგად, ცალკეულ კატეგორიებში ხშირად გვხვდება არარელევანტური საძიებო სიტყვები, რაც ართულებს კონკრეტული კატეგორიების ინდივიდუალურ ანალიზს. სწორედ ამიტომ, ყველაზე სრულ და ობიექტურ სურათს გვაძლევს ყველა კატეგორიის ერთობლივი ანალიზი.

ასევე შეინიშნება მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებების კვალი – რუსულენოვანი საძიებო სიტყვების აქტივობის ზრდა მიგრაციული პროცესების გავლენაზე მიუთითებს.

SEO სააგენტო “ალპაკა” განაგრძობს ამ ტენდენციების მონიტორინგს და ყოველწლიურად გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების ქცევის შესახებ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესებს უკეთ გაიგონ და უპასუხონ მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებებს ციფრულ სივრცეში.

თუ გაინტერესებთ უფრო დეტალური ანალიზი კონკრეტული მიმართულებით ან გსურთ მსგავსი კვლევის ჩატარება თქვენი ბიზნესისთვის, შეგიძლიათ უფასო SEO აუდიტით ისარგებლოთ, ან დაგვიკავშირდით – ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ.

Picture of სალომე სუხიტაშვილი
სალომე სუხიტაშვილი

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი სტატიები