რა არის ვებგვერდის ტექნიკური SEO

აპრილი 8, 2022

რა არის SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბიზნესებისთვის, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ვებ სივრცეში, ამაზე ვრცლად წინა ბლოგებში ვისაუბრეთ და თუ არ წაგიკითხავთ გირჩევთ აუცილებლად გადახედოთ, რადგან კონკრეტულად ამ ბლოგის მიზანია, უფრო ახლოდან გაგაცნოთ, ვებგვერდის SEO-ს მთლიანი “ფაზლის” ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ვებგვერდის “ტექნიკური SEO”.

ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვებგვერდი აკმაყოფილებდეს თანამედროვე საძიებო სისტემების მიერ მოთხოვნილ ყველა ტექნიკურ მახასიათებლებს. ვებგვერდის ტექნიკურად ოპტიმიზირების მიზანია, დაეხმაროს Google-ს, რომ პრობლემების გარეშე შემოვიდეს, გაერკვეს გვერდის სტრუქტურაში და დააინდექსოს (განათავსოს) ის საძიებო სისტემებში.

მაგალითად, თუ ფლობთ კომპანიას და გსურთ, რომ დაუკვეთოთ შესაბამის სააგენტოს SEO მომსახურება, გაითვალისწინეთ: თქვენ შესაძლოა გქონდეთ საუკეთესო ვებგვერდი, მასზე განთავსებული რჩეული და საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზირებული კონტენტით, თუმცა თუ ის ტექნიკურად არ არის მორგებული საძიებო სისტემებისთვის, შესაბამისად Google Bots არ შეუძლია მისი სტრუქტურის სათანადოდ დათვალიერება და შესწავლა, მაშინ მარტივი პასუხი გვაქვს, საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP) კომპანიის ვებგვერდი შესაძლოა საერთოდ ვერ მოხვდეს, ან თუ მოხვდება ვერ შევა კონკურენციაში და გაუჭირდება პოზიციების გამყარება. ეს არის ფუნდამენტური პროცესი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ მთლიანი ოპტიმიზაციისგან ვერ მიიღოთ მოსალოდნელი შედეგი და ფაქტიურად წყალში ჩაგივარდეთ ის ძალისხმევა რაც მასში ჩადეთ.

სარჩევი

რატომ არის ვებგვერდის ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად იფიქრეთ შემდეგზე, წარმოიდგინეთ, რომ ავტომობილის შეძენა გსურთ და უკვე გყავთ თქვენი ფავორიტი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდით და საბოლოოდ გადაწყვიტეთ მისი შეძენა, მიხვედით შესაბამის ავტოცენტრში და ადგილზე მისულს, ჯერ ძალიან დიდხანს გალოდინეს, შემდეგ შესაბამისი დოკუმენტები ვერ იპოვეს და თავგადასავლის დასასრულს აღმოჩნდა, რომ ავტომობილი აღარ არის ხელმისაწვდომი. რათქმაუნდა სერვისით უარყოფითი გამოცდილება მიიღეთ და სასურველი პროდუქტის შეძენის გარეშე, ძალიან  გაბრაზებული გამობრუნდით უკან. დაახლოებით იგივე გამოცდილებას იღებს საძიებო სისტემები და ვიზიტორები, როცა კომპანიის ვებგვერდი ტექნიკურად გაუმართავია.

აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, კარგი ამბავიც გვაქვს, იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდის შესაბამისი ტექნიკური ასპექტები მოწესრიგებულია, საბოლოო ჯამში გაიზრდება შანსები, რომ საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP) რეიტინგი და პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

რას მოიცავს ვებგვერდის ტექნიკური SEO მომსახურება

ვებ გვერდის სეო

Google-ი და სხვა სისტემების ბოტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ მომხმარებლებს საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP) საუკეთესო რეზულტატები შესთავაზონ. ისინი იკვლევენ და აფასებენ ვებგვერდებს მრავალი ფაქტორის მიხედვით, მათ შორის ტექნიკურ ოპტიმიზაციასაც გააჩნია თავისი ფაქტორები, რომელთა შესახებ დეტალურად ბლოგის განმავლობაში ვისაუბრებთ, ახლა კი წარმოგიდგენთ ტექნიკურად ოპტიმიზირებული ვებგვერდის რამდენიმე ძირითად მახასიათებელს.

Robots.txt – ვებგვერდი ხელმისაწვდომია საძიებო სისტემების ალგორითმებისთვის

საძიებო სისტემები იყენებენ ბოტებს, რომლებიც შემოდიან ვებგვერდზე, სადაც მიყვებიან კონკრეტულ ბმულებს, რათა აღმოაჩინონ ვებგვერდზე განთავსებული კონტენტი.

ამ პროცესის მართვაში თქვენც შეგიძლიათ ჩაერიოთ და მაგალითად, საძიებო სისტემების ბოტს აუკრძალოთ კონკრეტულ ბმულზე და კონტენტზე გადასვლა, ასევე გაქვთ შესაძლებლობა ბოტს მისცეთ კონტენტზე წვდომა, თუმცა მიანიშნოთ, რომ აღნიშნული გვერდი არ განათავსოს საძიებო სისტემებში.

ზემოთაღნიშნულ ბრძანებებს Robots.txt ფაილის დახმარებით გასცემთ, ეს არის საკმაოდ ძლიერი ხელსაწყო, რომლითაც მართავთ ბოტის გადაადგილებას, თუმცა როგორც აქამდე ავღნიშნეთ, პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცუდი შედეგი და ვებგვერდი Google-ში საერთოდ არ განთავსდეს, მაგალითად ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ Robots.txt – ში გაწერილი არასწორი ინფორმაციის გამო, ადამიანებმა ბოტებს უნებლიედ დაუბლოკეს წვდომა ვებგვერდის CSS და Javascript ფაილებთან. ეს ფაილები შეიცავს კოდს ვებგვერდის ვიზუალური და ფუნქციური ნაწილის შესახებ, შესაბამისად მისი დაბლოკვის გამო საძიებო სისტემები ფიქრობენ, რომ თქვენი ვებგვერდი გამართულად არ მუშაობს, შესაბამისად მნიშვნელოვანია Robots.txt-ში, ბრძანებები სწორად და შეცდომების გარეშე იყოს გაწერილი.

Mobile-Friendly – ვებგვერდი არის მობილურისთვის ოპტიმიზირებული

Statista.com-ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვებგვერდის ტრაფიკის დაახლოებით 54% მოდის მობილური მოწყობლობებიდან და თუ ამ მონაცემებს გასულ წლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ სამომავლო პერსპექტივაში ტრენდი კიდევ უფრო მზარდია.

ასევე, მობილურებისთვის ოპტიმიზირებული ვებგვერდი, არის კარგი საშუალება მოიპოვო ვიზიტორების ლოიალურობა. რათქმაუნდა თუ თქვენს ვებგვერდზე განთავსებული კონტენტი პატარა მოწყობილობებზეც მარტივი აღსაქმელია და გამოსახულებაც ლამაზად არის გამოტანილი, მომხმარებლები კმაყოფილნი დარჩებიან ინტერაქციით, შესაბამისად საიტზე უფრო მეტ დროს გაატარებენ და კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან თქვენს ბრენდს.

რაც ყველაზე მთავარია 2016 წლის ნოემბრის თვეში Google-მა “Mobile-First Indexing” დააანონსა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი საძიებო სისტემა ვებგვერდის ინდექსაციისა და რანკირების პროცესში უპირატესობას მობილური ვერსიის კონტენტს ანიჭებს.

Core Web Vitals – სწრაფი ვებგვერდი

ვებგვერდის სისწრაფე მოქმედებს SEO პროცესზე, რადგან ის საძიებო სისტემებში პოზიციონირების პირდაპირ ფაქტორს წარმოადგენს. მას შეუძლია ასევე გვერდის რეიტინგზე ირიბი ზეგავლენა მოახდინოს, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ მომხმარებელს არ უყვარს ვებგვერდები, რომლებიც ნელა იტვირთება, Google-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მობილური ვერსიის მომხმარებლების 53 %, ბოლომდე არ ელოდება ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც ჩატვირთვას 3 წამზე მეტს ანდომებენ და დროზე ადრე ტოვებენ მას. აღნიშნულიდან გამომდინარე იმატებს ე.წ „Bounce Rate”, საბოლოო ჯამში კი პროცესი უარყოფითად აისახება სტატისტიკურ მონაცემებზეც

აქამდე ვისაუბრეთ, რომ მომხმარებელი ღიზიანდება, როცა ვებგვერდი ნელა იტვირთება, თუმცა კიდევ უფრო გამაღიზიანებელია, როცა ვებ სივრცეში დიდი ხნის ძიების შემდეგ, იპოვით სასურველ პროდუქტს და შესაბამის გვერდზე გადასვლისას აღმოაჩინეთ, რომ გვერდი საერთოდ არ არსებობს (404 Error), რაც დამეთანხმებით არასასიამოვნო პროცესია. საბოლოოდ ვიზიტორი, თქვენი ვებგვერდიდან მიიღებს უარყოფით გამოცდილებას.

ასევე ფაქტია, რაც არ მოსწონს მომხმარებელს, არ აღაფრთოვანებს საძიებო სისტემების ბოტებსაც რომლებიც, ვიზიტორების კმაყოფილების ასამაღლებლად მაქსიმალურად ცდილობენ ოპტიმიზირებული ვებგვერდები საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე, უფრო მაღალ პოზიციებზე განათავსონ.

სამწუხაროდ ხშირად შეხვდებით 404 გვერდებს, რადგან საიტზე მუშაობა განგრძობითი პროცესია და ამისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა აუცილებელია ასეთი ტიპის გვერდების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, რაც მოიცავს შემდეგს: იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული გვერდი არის წაშლილი, იდეალურ ვარიანტში ის უნდა გადამისამართდეს იმ გვერდზე, რომელმაც ჩაანაცვლა ძველი URL-ი.

სხვა შემთხვევაში, თუ ახალი გვერდი არ შექმნილა, წაშლილი გვერდი უნდა გადამისამართდეს მაქსიმალურად რელევანტურ და შინაარსობრივად იდენტურ URL-ზე.

თუ არცერთი მათგანის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაშინ აუცილებელია ე.წ „მკვდარი გვერდი“ აწყობილი იყოს ისე, რომ მომხმარებელმა არ დატოვოს ვებგვერდი და ადგილზევე დაინტერესდეს სხვა კონტენტით. მაგალითისთვის მოვიყვანთ ორი ტიპის 404 გვერდს.

როგორი არ უნდა იყოს 404 გვერდი

404 error

ეს არის კლასიკური 404 გვერდის მაგალითი, რომელსაც არ გააჩნია დიზაინი და არ აქვს შესაბამისი ღილაკები, რომლის დახმარებითაც ვიზიტორი გადავა ვალიდურ, ან რელევანტურ გვერდზე. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით მსგავსი ტიპის გვერდზე გადასვლისას, უმეტესობა თქვენგანი აღარ გააგრძელებთ აღნიშნულ ვებგვერდზე ნავიგაციას და სწრაფადვე დატოვებთ მას.

როგორი უნდა იყოს 404 გვერდი

404 error მაგალითი

საპირისპიროდ, წარმოგიდენთ 404 გვერდს, რომელიც შეიცავს იგივე დიზაინს როგორსაც ვებგვერდი, იგივე ფერები, ლოგო, მენიუ, სანავიგაციო ელემენტები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. დაგვეთანხმებით მსგავს 404-ზე მოხვედრისას უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ვიზიტორი გავიდეს ვებგვერდიდან და არ გააგრძელოს ნავიგაცია.

HTTPS (SSL Certificate) – დაცული ვებგვერდი

ტექნიკურად ოპტიმიზირებული ვებ-გვერდი, უნდა იყოს აუცილებლად დაცული. ამით თქვენს მომხმარებლებს აძლევთ გარანტიას, რომ დაცული იქნება მათი კონფიდენციალური მონაცემები. ვებ-გვერდის დაცულობის უზრუნველსაყოფად მრავალი გზა არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი HTTPS პროტოკოლის დანერგვაა.

HTTPS-ის დახმარებით, ბრაუზერსა და ვებგვერდს შორის გაცვლილ ინფორმაციაზე წვდომა გარეშე პირს ვერ ექნება, მაგალითად თუ მომხარებელი თქვენს საიტზე გაივლის რეგისტრაციას და  კონკრეტული პროდუქტის ინტერნეტში შესაძენად საბანკო ბარათის მონაცემებს გამოიყენებს, სარეგისტრაციო და საბანკო ინფორმაცია დაცული იქნება და არ ჩაუვარდება მესამე პირს.

საიტზე HTTPS პროტოკოლის იმპლემენტირებისთვის, საჭიროა ე.წ SSL სერტიფიკატის შეძენა. დაცულობის ასპექტს Google-ი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომაც HTPPS-ი ვებგვერდის „რანკირების“ ერთ-ერთ ფაქტორია და მისი დახმარებით ის საძიებო სისტემაში უფრო მაღალ პოზიციებს დაიკავებს, ვიდრე სახიფათო და დაუცველი ვებგვერდი.

როგორ გამოვავლინოთ დაცული და დაუცველი ვებგვერდები

პირველ რიგში ჩვენი რეკომენდაციაა დაუცველ ვებგვერდზე, მოერიდოთ პირადი და საბანკო მონაცემების შეყვანას, ამისათვის საჭიროა გამიჯნოთ დაცული და დაუცველი სივრცეები. დარწმუნდით, რომ ვებგვერდი დაშიფრულია უსაფრთხო კავშირით, ერთ-ერთი ასეთი მინიშნება არის URL ბმული, რომელიც დაცული ვებგვერდის შემთხვევაში “http”-ის ნაცვლად, უნდა იწყებოდეს „https”-ით, სადაც ბოლო ასობგერა “S”-ი მიგვანიშნებს SSL (Secure Sockets Layer) სერტიფიკატზე, რაც უსაფრთხო კავშირს უზრუნველყოფს.

ასევე ყურადღება მიაქციეთ URL-ის მარცხნივ განთავსებულ “ბოქლომის“ ნიშანს (Google Chrome-ის შემთხვევაში), მისი არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, თქვენი მონაცემები დაცულია.

Ssl

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდი, რომელზეც იმყოფებით არ არის უსაფრთხო, გამოიყურება შემდეგნაერად:

no ssl

გირჩევთ მოერიდოთ მსგავსი ტიპის ვებგვერდებს და თავი დაიცვათ ინტერნეტ მტაცებლებისგან, რომლებიც გამალებით ელოდებიან თქვენი პირადი მონაცემების მოპოვებას.

Canonical URL – ვებგვერდი არ  შეიცავს დუბლირებულ კონტენტს

არსებობს რამდენიმე სახის დუბლირება, ერთ-ერთი მათგანია www და non-www ვებგვერდები. თუ კომპანიის გვერდი შეიცავს ორივე ვერსიას, მაგალითად www.site.ge და site.ge-ს და ორივე მათგანზე განთავსებულია იდენტური კონტენტი, საძიებო სისტემების ბოტების მხრიდან ეს აღიქმება, როგორც დუბლირება, იგივე პრინციპია https:// და http:// შემთხვევაში, შესაბამისად ბოტები ცდილობენ შეარჩიონ URL-ის ერთი კანონიკური (ორიგინალი) ვერსია, რომელზეც შემოვლენ, გადახედავენ და განათავსებენ გვერდს საძიებო სისტემებში, ხოლო სხვა იდენტური კონტენტის მქონე გვერდები ჩაითვლება დუბლირებად და ნაკლები ყურადღება მიექცევა.

თუ თქვენ არ შეატყობინებთ საძიებო სისტემებს, რომელი არის დუბლირებული კონტენტის კანონიკური გვერდი, ბოტები თავისით გააკეთებენ არჩევანს, ან ყველა დუბლირებას თანაბარი წონა მიენიჭება, რაც კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.

საბედნიეროდ ამ პრობლემის გადაწყვეტის ტექნიკური გზა არსებობს – ე.წ „კანონიკური ბმულების“ (Canonical URL) დახმარებით შეგიძლიათ მიუთითოთ, დუბლირებული კონტენტის შემცველი URL-ებიდან, რომელი არის ორიგინალი გვერდი, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, შეატყობინებთ საძიებო სისტემების ბოტებს, რომელ გვერდს მიანიჭოს უპირატესობა და „დააინდექსოს“ (განათავსოს) საძიებო სისტემაში.

Schema Markup (Structure Data) – ვებგვერდი შეიცავს სტრუქტურულ მონაცემებს

ეს არის სტრუქტურულ მონაცემთა ლექსიკა, რომელიც ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ ინფორმაცია თქვენი ვებგვერდისა და კონკრეტული გვერდების შესახებ, რათა საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP), კომპანიის შესახებ, უფრო დეტალური ინფორმაცია მოხვდეს. ასეთი ტიპის მარკირებები საძიებო სისტემებს საშუალებას აძლევს დეტალურად აღიქვან, ვებგვერდზე განთავსებული კონტენტის არსი. მაგალითად რა ტიპის პროდუქტს ყიდით და რა ფასად, ასევე თუ რეცეპტების ვებგვერდი გაქვთ სტრუქტურული მონაცემების საშუალებით შეატყობინებთ საძიებო სისტემებს რეცეპტის შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ.

საბოლოო ჯამში, სტრუქტურული მონაცემების დახმარებით საძიებო სისტემებს გადავცემთ სწორ  და დეტალურ სიგნალებს ბიზნესისა და მასში არსებული კონტენტის შესახებ, თავის მხრივ, რადგან საძიებო სისტემებს ვებგვერდთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეული ინფორმაცია აქვთ, დაინტერესებულ მომხმარებლებს, ვებგვერდის შესახებ მრავალფეროვან შედეგებს (Rich Results) სთავაზობს, რაც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.

სწორედ ამ მიზეზით Schema Markup-ი, SEO ოპტიმიზაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა.

XML Sitemap – ვებგვერდს გააჩნია საიტის რუკა

xml sitemap

ეს არის საძიებო სისტემების ბოტებისთვის განკუთვნილი ფაილი,  რომელიც ინახავს ინფორმაციას, გვერდების, სურათების, ვიდეოების, ვებგვერდზე განთავსებული სხვა ფაილების და მათ შორის არსებული კავშირების შესახებ.

XML Sitemap-ი რობოტებს აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას. მაგალითად ვებგვერდზე განთავსებული, რომელი გვერდები და ფაილებია მნიშვნელოვანი, როდის განახლდა კონკრეტული გვერდი, აქვს თუ არა ვებგვერდს ალტერნატიული ენის ვერსიები და სხვა.

თავის მხრივ საძიებო სისტემის ბოტები კითხულობენ ამ ფაილს და იწყებენ ვებგვერდების უფრო ეფექტურ შემოწმებას, თქვენ კი დარწმუნებული ხართ, რომ ამ პროცესში ბოტებს არ გამორჩებათ საიტზე განთავსებული არცერთი მნიშვნელოვანი კონტენტი.

აღსანიშნავია, რომ საძიებო სისტემების ბოტებისთვის XML Sitemap-ის საჭიროება არ არსებობს, იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდი შეიცავს კარგ შიდა გადალინკვის სტრუქტურას, რომელიც რელევანტურად და ბუნებრივად აკავშირებს გვერდებსა და საიტზე განთავსებულ კონტენტს ერთმანეთთან.

თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ტიპის მოწესრიგებული ვებგვერდები ძალიან ცოტა გვხვდება, ამიტომ უმჯობესია XML Sitemap ფაილი მაინც ფიქსირდებოდს, მითუმეტეს მაშინ როცა მას ვებგვერდისთვის არანაერი ზიანის მიყენება არ შეუძლია.

ტექნიკურად ოპტიმიზირებული ვებგვერდის მნიშვნელობა SEO მარკეტინგისთვის

ტექნიკური სეოს მნიშვნელობა

ვებგვერდის ტექნიკური ოპტიმიზირება, SEO მარკეტინგის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ის უზრუნველყოფს, რომ ვებგვერდი არ შეიცავდეს ტექნიკურ ხარვეზებს, არ იყოს მიუწვდომელი საძიებო სისტემებისთვის, იყოს როგორც დესკტოპ, ისე მობილური ვერსიისთვის და ვიზიტორს კომფორტული ნავიგაციის შესაძლებლობა ქონდეს. ეს ყველაფერი ტრაფიკის ორგანული ზრდის საფუძველი იქნება. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი დარჩება როგორც მომხმარებელი, ისე საძიებო სისტემები.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექნიკური SEO, ვებგვერდის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზირების პირველი ეტაპია და საბოლოო წარმატებისთვის უფრო მეტია საჭირო. ტექნიკურად ოპტიმიზირებული ვებგვერდი არ ნიშნავს, რომ საძიებო სისტემებში ავტომატურად დაიკავებთ მოწინავე პოზიციებს, თუმცა ამ საკითხის იგნორირებით ამაზე ოცნებაც არ ღირს. ვებგვერდი, რომელიც შეიცავს ტექნიკურ პრობლემებს, საძიებო სისტემების მიერ აუცილებლად დაისჯება, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეგიშლით ციფრული მარკეტინგის მიზნების განხორციელებაში, როგორც აქამდე აღვნიშნეთ წარმატება შესაძლოა მიუღწეველიც კი იყოს.

სწორედ ამიტომ აუცილებელია სერიოზული ყურადღება მიექცეს ვებგვერდის ტექნიკურ SEO – ს, ჩატარდეს შესაბამისი აუდიტი და ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მოხდეს იმ და სხვა დეტალების იმპლემენტირება, რაზეც ბლოგის  განმავლობაში ვისაუბრეთ.

ვებგვერდის უფასო ტექნიკური SEO აუდიტი

და ბოლოს ტექნიკურ SEO-ში ინვესტირება, წარმატებული კამპანიების საწინდარია, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ისეთი პრობლემები, რომლებმაც სამომავლო პერსპექტივაში  შესაძლოა გავლენა იქონიოს ვებგვერდის საძიებო სისტემების ოპტიმიზირების სხვა აქტივობებზე.

ვიმედოვნებთ აღნიშნული ბლოგი თქვენთვის ინფორმაციული გამოდგა და ახლა უკვე იცით, რომელ ტექნიკურ ასპექტებს მიაქციოთ ყურადღება, რათა საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP), თქვენი ვებ-გვერდის პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესდეს.

აქვე გაცნობებთ, რომ SEO სააგენტო Alpaca, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ გთავაზობთ ვებგვერდის პირველად SEO აუდიტს, რაც ასევე მოიცავს ტექნიკურ მხარეს, ამისათვის მარტივად, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ შესაბამისი განაცხადი, რის საფუძველზეც ჩვენი კომპანიის წარმომადგენები დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან ანგარიშს, თქვენი ვებგვერდის შესახებ.

ბონდო ქავთარაძე
ბონდო ქავთარაძე

სტატიის ავტორი

2 Responses

  1. ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც არ ვიცოდი, ნამდვილად ისეთი ბლოგია ადამიანს რომ გადააწყვეტინებს SEO ოპტიმიზაციის შესრულებას თავის საიტზე. მადლობა, წარმატებები.

    1. ალექსანდრე მადლობა, რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს 🚀 ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ბლოგი დაგეხმარებათ ტექნიკური SEO მიზნების განხორციელებაში ✌️

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები