On-Page SEO ოპტიმიზაციის 6 ტექნიკა – “ალპაკას” გზამკვლევი

დეკემბერი 1, 2023

ვებ-გვერდის On-page ოპტიმიზაცია პროცესია, რომელიც საძიებო სისტემაში ვებსაიტის რეიტინგის გაუმჯობესებასა და ინდივიდუალური გვერდების ხილვადობის გაზრდას ისახავს მიზნად. 

პროცესი კონტენტის ოპტიმიზაციას, მეტა თეგების გამართვას, გვერდების სათაურების სწორად ჩამოყალიბებას, ფოტოების ოპტიმიზაციასა და ბევრ ისეთ ასპექტს მოიცავს, რომელიც საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე (Search Engine Results Page) საიტის რეიტინგის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სარჩევი

უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, On-page ოპტიმიზაცია გვეხმარება ჩვენი ვებსაიტი საძიებო სისტემისთვის მაქსიმალურად მისაღები გავხადოთ, რაც, თავის მხრივ, მეტ ვიზიტორს განაპირობებს.

On-Page ოპტიმიზაცია კი შემდეგი პროცესებისგან შედგება:

საძიებო სიტყვების კვლევა

იმისთვის, რომ საიტზე ის ინფორმაცია განთავსდეს, რომელიც მომხმარებლის საძიებო ინტერესს ეხმიანება, აუცილებელია საკვანძო სიტყვების მოძიება და კონტენტში მათი ინტეგრირება. 

ვებსაიტზე შესაფერისი ინფორმაციის განსათავსებლად მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მომხმარებელი საძიებო სისტემაში რას ეძებს აქტიურად. ამისთვის ქივორდების კვლევის მეთოდს ვიყენებთ, რაც, პირველ რიგში, იმ თემის განსაზღვრას გულისხმობს, რომელსაც საძიებო სიტყვები უკავშირდება. სამიზნე სიტყვასთან დაკავშირებული ფრაზების დასაძებნად შესაძლებელია შემდეგი უფასო რესურსების გამოყენება:

  • Google Trends – გუგლის ხელსაწყო, რომელიც გვეხმარება გავიგოთ რამდენად ტრენდულია ნებისმიერი საკვანძო სიტყვა. პლატფორმაზე სიტყვების მოკვლევის პრინციპი შემდეგნაირია: საძიებო ველში შეგვყავს სასურველი ფრაზა, რის შემდეგაც ხელსაწყო გრაფიკის სახით გვიჩვენებს სიტყვების ძიების ზრდას ან კლებას დროის სხვადასხვა მონაკვეთებში. ეს გვაძლევს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა გარკვეულ პერიოდში მოცემულ ფრაზაზე კონტენტის შექმნა.

on-page SEO Google Trends-ში

გარდა ამისა, Google Trends შეყვანილ სიტყვასთან დაკავშირებულ დამატებით ფრაზებს გვაწვდის, რაც კონტენტის განვითარებისთვის ახალი იდეების გენერირებაში გვეხმარება.

  • გუგლის შედეგების გვერდი (SERP) – აქ შეხვდებით ყველა იმ გვერდს, რომელიც, გუგლის აზრით, თქვენს საძიებო ინტერესს პასუხობს. 

SEO ოპტიმიზაცია SERP-ში

SERP-ის გამოყენება საძიებო სიტყვების მოსაძიებლად მართლაც კარგი გზაა, რადგან თუ გვერდს ბოლომდე ჩამოსქროლავთ, დაინახავთ “Related Searches” ველს. ის მოძებნილ ქივორდთან დაკავშირებულ ფრაზებს გვიჩვენებს, რაც საკმაოდ გამოსადეგი ინფორმაციაა – ვიგებთ, რომ მომხმარებელს ეს ფრაზა უკვე დაძებნილი აქვს, შესაბამისად, მისი მხრიდან ინტერესი არსებობს. სიტყვის ძებნისას გუგლი გარკვეულ ფრაზებს თავადაც გთავაზობთ, რაც Keyword-ების მოძიებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. 

SEO სააგენტო Google-ს Related Search ველში

Keyword-ების მოკვლევა და მათი დახარისხება მომხმარებლის განზრახვის, ძიების რაოდენობისა და მრავალი სხვა ნიშნის მიხედვით ისეთი ფასიანი SEO რესურსების გამოყენებითაც შეგიძლიათ, როგორებიცაა Semrush, Ahrefs და Moz. 

საკვანძო სიტყვების მოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კონკურენტების კონტენტის ანალიზია, რომელიც პირდაპირი და ირიბი კონკურენტების კონტენტის წაკითხვასა და გააზრებას გულისხმობს. 

On-Page ოპტიმიზაცია – H-თეგების გამართვის მნიშვნელობა

On-Page SEO ოპტიმიზაცია ვებსაიტზე არსებული ინფორმაციის სტრუქტურირებასაც მოიცავს. H-თეგების გამართვა კონტენტის სათაურებისა და ქვესათაურების გამოყოფას გულისხმობს. H-თეგებში, განსაკუთრებით კი H1 თეგში (გვერდის სათაურში), აუცილებლად უნდა მოხვდეს საკვანძო სიტყვა – ეს საძიებო სისტემების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა On-Page ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. 

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ h-თეგებში ჩასმული საკვანძო სიტყვა აუცილებლად უნდა იყოს ორგანული და ერწყმოდეს გვერდზე მოცემული ინფორმაციის შინაარსს. ვებსაიტის რეიტინგის გასაზრდელად სათაურებსა და ქვესათაურებში მათი გადაჭარბებულად გამოყენება არაა მიზანშეწონილი და ეწინააღმდეგება Google-ს რეკომენდაციებს. 

შიდა გადალინკვები

შიდა გადალინკვების ქსელის გამართვა გუგლის ბოტს მნიშვნელოვანი გვერდების პოვნასა და “გაქროლვაში” ეხმარება. ის ხელს უწყობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გვერდებზე მეტი ვიზიტორის მოგროვებასაც.

შიდა გადალინკვების გამართული ქსელით უმჯობესდება მომხმარებლის გამოცდილებაც (UX) – მას საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება. 

ასეთ დროს ვებსაიტის ვიზიტორს არ უწევს დამატებითი ინფორმაციის სხვა პლატფორმებზე ძებნა. ეს კი, თავის მხრივ, ვებ-გვერდიდან ვიზიტორების გადინებას (Bounce Rate)  ამცირებს.  

ყველაფერთან ერთად, შიდა გადალინკვები გუგლის ბოტს უჩვენებს, რომ ვებსაიტზე არსებული კონტენტი საკმაოდ მოცულობითია და ადამიანების სრულ ინფორმირებას უზრუნველყოფს.

მეტა ინფორმაცია

მეტა სათაურები და მეტა აღწერები გვიჩვენებს, თუ როგორ გვხედავს მომხმარებელი საძიებო სისტემაში. რეკომენდაციების მიხედვით, Title Tag უნდა მოიცავდეს მთავარ საძიებო სიტყვას, მარკეტინგულ ღირებულებასა და, საჭიროების შემთხვევაში, ბრენდის დასახელებასაც. სიმბოლოების რაოდენობამ, სასურველია 60-ს არ გადააჭარბოს. Title tag-ის შედგენისას, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ბუნებრიობა და ტექსტი არამხოლოდ საძიებო სისტემის სტანდარტებს, არამედ თავად ვებსაიტის სპეციფიკასაც მოვარგოთ. 

მეტა აღწერას (Meta Description) კი პროდუქტის/სერვისის შინაარსის აღწერა ევალება შედარებით ვრცელი სახით. ისიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს მთავარ ქივორდს. სასურველია, მეტა აღწერა 150-160 სიმბოლოს არ აღემატებოდეს. თუ  ის გამართულად და საინტერესოდ გამოიყურება, ეს  კონკრეტულ გვერდებზე მეტი ვიზიტორის მოპოვების შანსს ზრდის. 

საბოლოო ჯამში, გამართული მეტა ინფორმაცია მომხმარებლისთვის პირდაპირი სიგნალია იმის, რომ ვებსაიტი სანდოა. მასში მოქცეული მიმზიდველი შეთავაზება კი როგორც საიტზე შესვლის, ისე პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის გაცნობის სურვილს უჩენს მას. 

ბმულების ოპტიმიზაცია

გუგლი რეკომენდაციას უწევს ისეთი URL-ების გამოყენებას, რომლებიც ამოუცნობ სიმბოლოებს არ მოიცავს. ბმულების ოპტიმიზაციის საკითხში მთავარია URL შინაარსობრივად აღწერდეს გვერდს. ეს მომხმარებლისთვის საიტზე ნავიგაციასა და, საჭიროების შემთხვევაში, ლინკის გაზიარებას ბევრად უფრო მარტივს ხდის.

შინაარსის სწორად აღწერასთან ერთად, მნიშვნელოვანია ბმული Slug-ებად მოიცავდეს იმ გზას, რომელიც ვიზიტორმა კონკრეტულ გვერდზე მოხვედრამდე გაიარა. 

Slug-ები შესაძლოა დაწერილი იყოს როგორც ლათინური, ისე ქართული ასოებით, თუმცა ქართულად შედგენილი ბმული ზედმეტად გრძელია, რაც მის გაზიარებას ძალიან არაკომფორტულს ხდის. 

მიუხედავად ამ დისკომფორტისა, ბოლოდროინდელი ტენდენციაა ვებსაიტების URL-ების ქართული ასოებით შედგენა. ეს ბმულს ქართველი ვიზიტორებისთვის მეტად აღქმადს ხდის და, საბოლოო ჯამში, UX-ს აუმჯობესებს. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად “ალპაკამ” “ქართURL” შექმნა – ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ გრძელი და გაუგებარი სიმბოლოს შემცველი ბმული მარტივად აღსაქმელ URL-ად აქციოთ. 

ქართurl - "ალპაკას" ახალი ხელსაწყო

ფოტოების ოპტიმიზაცია

On-Page ოპტიმიზაცია ვებსაიტზე არსებულ ფოტოებთან მუშაობასაც მოითხოვს. თავდაპირველად, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ იმაში, რომ საიტზე არსებული ფოტოების მოცულობა არ აღემატება 100KB-ს – ეს ხელს შეუწყობს სურათების უფრო სწრაფ ჩატვირთვას. ვებსაიტზე შესაბამისი მოცულობის მქონე ფოტოების განთავსება უმნიშვნელოვანესია სიჩქარის ოპტიმიზაციისთვის. 

გუგლი რეკომენდაციას ფოტოების webp ფორმატით წარმოდგენას უწევს.  ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და გაზარდოთ თქვენი რეიტინგი საძიებო სისტემაში. 

მომდევნო ეტაპი სურათების დაკომპრესებაა. დიდი ზომის ფოტოები გვერდის სწრაფ ჩატვირთვას უშლის ხელს, რაც პრობლემურია როგორც ვებსაიტის დესკტოპ ვერსიის მომხმარებლების, ისე მობაილ ვიზიტორებისთვის. სწორედ ამიტომ, ფოტოების ზომაში შემცირება ვებსაიტის ოპტიმიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 

საჭიროა ფოტოებისთვის რელევანტური სახელებისა და Alt-ტექსტების გაწერაც, Alt-Text-ი გვეხმარება სურათის კონტექსტი როგორც საძიებო სისტემის ბოტამდე, ისე ვებსაიტის ვიზიტორამდე მივიტანოთ. სასურველია, ის არ აღემატებოდეს 125 სიმბოლოს.

საბოლოო ჯამში,  ვებსაიტის SEO ოპტიმიზაცია უამრავ ასპექტს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ On-Page SEO სამუშაოებია. ის ინდივიდუალური გვერდების გაძლიერებით, მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნით, საკვანძო სიტყვების სათანადო გამოყენებითა და UX-ზე ფოკუსირებით ვებსაიტს საძიებო სისტემის ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებაში ეხმარება. 

Picture of მარი ფერაძე
მარი ფერაძე

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები