გასაუბრება ხელოვნურ ინტელექტთან – Interview Warmup Tool

აგვისტო 10, 2022

ერთხელ ერთმა HR-მა დაღონებულმა თქვა: „ რა კარგი იქნებოდა კომპიუტერს, რომ შეეძლოს ჩემს მაგივრად 1000-ობით გასაუბრების ჩატარება, ამით ხომ უამრავ დროს დავზოგავდი.“ გუგლმა შეისმინა მისი თხოვნა და გენიალური გადაწყვეტილება მიიღო.

წარმოგიდგენთ გუგლის Interview Warmup Tool-ს, ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთ შესაძლებლობას. ეს არის პროექტი, რომელსაც ძირეულად შეუძლია შეცვალოს გასაუბრებების წარმართვის პროცესი და რაც მთავარია, სამუშაოს მაძიებლებს მისცეს შესაძლებლობა უკეთ მოემზადონ ინტერვიუსთვის.

რა არის Interview Warmup Tool?

Warmup Tool – გუგლის AI (artificial intelligence), რომელიც ადამიანებს გასაუბრებას უტარებს, აძლევს რჩევებს, რეკომენდაციებს და ა.შ.

მას შეუძლია live რეჟიმში (ჯერჯერობით წერილობითი ფორმით – speech-to-text) დაგისვათ შეკითხვები თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე ცდილობს განსაზღვროს რამდენად მიმზიდველად და კომპეტენტურად უპასუხეთ, კიდევ რაზე შეიძლებოდა საუბარი და ა.შ. ამ ეტაპზე პროგრამა არ გაფასებთ წარმატებით გაიარეთ თუ არა გასაუბრება, მაგრამ გაძლევთ რჩევებს, რომელი სიტყვები უნდა გამოგეყენებინათ, რა სიხშირით და ა.შ.

პროექტის შექმნის თავდაპირველი მიზანი Google Career Certificate-ის შემსწავლელთათვის სამუშაოს ძიებისა და მოპოვების გამარტივება იყო. თუმცა ამჟამად მის მასშტაბურ გამოყენებაზე ფიქრობენ.

როგორც გუგლი აცხადებს, Warmup Tool არ ინახავს ინტერვიუების მონაცემებს და გასაუბრების შედეგები კონფიდენციალური იქნება. შესაბამისად, ამ ინფორმაციებზე წვდომა კომპანიებს არ ექნებათ. თქვენ შეგიძლიათ რამდენჯერაც გსურთ იმდენჯერ გაიაროთ პროცესი თავისუფლად.

Interview Warmup Tool: რევოლუციური AI პროექტი HR ბაზრისთვის და მისი ინტერფეის

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით კითხვებს წერილობითი ფორმით გისვამთ, მომავალში კი დიდი ალბათობით უშუალოდ ინტერვიუს ფორმა ექნება, სადაც speech-to-speech საუბრის შესაძლებლობაც დაემტება.

ვინაიდან გუგლის პროდუქტი ახალი ჩაშვებულია, ამჟამად შეზღუდული ფუნქციები აქვს. ის კანდიდატს შემდეგი მიმართულებებით ამოწმებს:

  • გამოცდილება (background) – გავლილი ტრენინგები და მიღებული განათლება.
  • სიტუაციური შემოწმება (situational) – როგორ მოქმედებს კანდიდატი სხვადასხვა გარემოებაში.
  • პროფესიული კომპეტენცია (technical) – კონკრეტული პროფესიული განათლება, უნარები და კვალიფიკაციის შემოწმება.

გასაუბრებები პროფესიების მიხედვითაა დალაგებული, ამჯერად ხელმისაწვდომია შემდეგი: მონაცემთა ანალიტიკა, ელექტრონული ვაჭრობა (E-commerce), IT მხარდაჭერა, პროექტების მენეჯმენტი და UX დიზაინი.

ჯერჯერობით ქართულ ვერსიაზე ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა საძიებო სისტემებისა და AI განვითარებასთან ერთად ბუნებრივია ქართული ენაც გაიზიარებს ამ სიახლეს.

რა სარგებლობა მოაქვს Interview Warmup Tool-ის გამოყენებას HR მენეჯერებისთვის?

დიდი ორგანიზაციებისთვის „თავებზე ნადირობა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. თუ ბიზნესი ჭკვიანი და სწორად შერჩეული კადრების ნაკლებობას განიცდის, მის მომავალს საფრთხე დაემუქრება. თავის მხრივ, შერჩევის ფაზა მენეჯერებისგან კოლოსალურ დროსა და ენერგიას მოითხოვს. გუგლის ახალი ხელოვნური ინტელექტი კი თვეებით გაწელილ შერჩევის პროცესს რამდენიმე დღეში დაასრულებს.

თუ ადრე ადამიანური რესურსების მენეჯერი ყველა კანდიდატს ინდივიდუალურად ესაუბრებოდა, ახლა შეეძლება ეს საქმე ხელოვნურ ინტელექტს მიანდოს. დავუშვათ, შესარჩევ ბაზაში 1000 ადამიანია. მენეჯერს შეუძლია გაფილტვრის მიზნით ყველას გუგლის HR AI-სთან ჩაატარებინოს გასაუბრება. რამდენიმე ასეთი ფაზის შემდეგ კი საუკეთესო ოცეულს, ათეულს ან თუნდაც ხუთეულს შეარჩევს და მხოლოდ ახლა ჩაერთვება HR მენეჯერი გასაუბრების პროცესში.

მენეჯერის სარგებელი:

  • მეტ ადამიანს მოიცავს HR კამპანია
  • დიდი დროის გამოთავისუფლება
  • დაბალი ფინანსური დანახარჯები
  • კანდიდატის სკრუპულოზური შემოწმება

სარგებელი კომპანიისთვის:

  • HR დეპარტამენტში ნაკლები კადრი და დაბალი დანახარჯები
  • ვაკანტური პოზიციის მყისიერი შევსება
  • გასაუბრების ჩატარების პროცესის უკეთესი კონტროლი
  • კომპანიის საჭიროებაზე მორგებული თანამშრომლის აყვანა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Warmup Tool დაკვირვებისა და გაუმჯობესების რეჟიმშია. შესაბამისად, მომავალში კიდევ უფრო მასშტბურ HR AI სიახლეებს უნდა ველოდოთ გუგლისგან.

 

 

სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

ავტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

მსგავსი სტატიები