სამსახურიდან დაღლილი სახლში ბრუნდები. სუპერმარკეტთან ჩავლისას გაგახსენდა, რომ მეგობარმა შავი შოკოლადი დაგაბარა თხილის გარეშე. დახლთან მისვლისას შოკოლადების უამრავი სახეობა და ბრენდი ერთმანეთში ირევა, კონსულტანტებსაც შენთვის არ სცალიათ. როგორ უნდა იპოვო ასეთმა დაღლილმა მათ შორის შავი შოკოლადი თხილის გარეშე? – ისღა დაგრჩენია სახლში გამობრუნდე, მაგრამ გახსენდება, რომ გუგლმა სულ ახლახანს ძიების გენიალური ფუნქცია დაამატა: Scene Exploration, რომელიც შენს ირგვლივ არსებულ სამყაროში სასურველ ნივთს გაპოვნინებს. ამიტომ ხსნი გუგლის აპლიკაციას, Google Lens-ში უთითებ “Nut free” და მეგობარიც ბედნიერია.
გუგლის ძიების ახალი ფუნქცია ნამდვილად რევოლუციურია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მის ირგვლივ არსებული ნებისმიერი ნივთი სწრაფად იპოვოს. გუგლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ობიექტს პარალელურად აანალიზებს და მიღებული მონაცემებიდან მომხმარებელს სასურველ შედეგს წარუდგენს. მოცემული განახლება „მრავალი კრიტერიუმით ძიების“ (Multisearch) სერიის გაგრძელებაა. ახლა, მომხმარებელს შეუძლია გუგლის თვალებით უყუროს სამყაროს და დეტალურად გამოიკვლიოს ის.
რატომ Google Scene Exploration?
მოცემულ ფუნქციას მრავალი გამოყენება აქვს:
- შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ნივთი, რომელსაც საათობით უშედეგოდ ეძებდით;
- თუ შორს კარგად ვერ ხედავთ, გუგლის დახმარებით შორ მანძილზეც ადვილად შეამჩნევთ ობიექტებს;
- გიყვართ წიგნიდან საინტერესო ფრაზების ამოწერა და ზუსტად არ გახსოვთ ციტატა, მაშინ გადაუღეთ ტექსტს, მიუთითეთ დაახლოებითი შინაარსი და გუგლი თავად გიპოვით მას;
- თუ გაინტერესებთ არის თუ არა სასადილოს დახლზე თქვენი საყვარელი კერძი, ჩაწერეთ დასახელება, დაუმიზნეთ კამერა დახლს და გუგლი უსწრაფესად გიპოვით მას.
- რაც მთავარია შეიცნობთ თქვენს ირგვლივ არსებულს სამყაროს უფრო დეტალურად, გახდებით გაცილებით დაკვირვებული და ინფორმირებული.
როგორც ვარაუდობენ, სიახლე მომავალში გავლენას მოახდენს საძიებო სისტემის კონკურენციაზე. SEO სპეციალისტებს მოუწევთ გაითვალისწინონ Google Multi Search რეკომენდაციები, რომლებიც მომხმარებლებს გაუმარტივებს კონტექსტური ძიების პროცესს. არც თუ შორეულ მომავალში ამგვარი ოპტიმიზაცია, ალბათ, საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციების დაკავებაშიც დიდ როლს ითამაშებს და გაზრდის ვებგვერდის ვიზიტორების რაოდენობას.
დამატებით კი საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი გახდება FMCG პროდუქტებისთვის (ყოველდღიური მოხმარების საქონელი – ყავა, შაქარი, პური …), მომხმარებლის ეკრანზე ხომ კარგად უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ბრენდი.
ჯერჯერობით Google Multi Search ქართველი მომხმარებლებისთვის მხოლოდ ნაწილობრივადაა ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ ორმაგი ძიების ფუნქციით ისარგებლოთ (სურათი და ტექსტით პარალელური ძებნა), მაგრამ Scene Exploration ქართულ Google Lens-ში ჯერ არ არის დამატებული.
გუგლი მუდმივად ავითარებს ხელოვნური ინტელექტით ძიების პროცესს და ბუნებრივია, კიდევ ბევრი ნიუანსი აქვს დასახვეწი. მომხარებელს კი შეუძლია დატკბეს ტექ გიგანტის გენიალური სიახლეებით და არ ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს.