Google-ის მხარდაჭერა AVIF გამოსახულებებისთვის, საძიებო სისტემებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საიტის პროდუქტიულობას. ალბათ დროა, რომ ამ საკითხს ყურადღება საქართველოშიც მივაქციოთ.
Google-მა განაცხადა, რომ AVIF ფორმატის გამოსახულებები ახლა უკვე შესაძლებელია გამოჩნდეს საძიებო სისტემაში, მათ შორის Google Images-ში და ყველა პლატფორმაზე, რომელიც Google ძიების მონაცემებს იყენებს. AVIF მნიშვნელოვნად შეამცირებს გამოსახულების მოცულობას და გააუმჯობესებს Core Web Vitals შედეგებს, განსაკუთრებით Largest Contentful Paint-ს.
როგორ გააუმჯობესებს AVIF ფორმატი SEO პროცესებს
ვებსაიტის და მასში შემავალი გვერდების “ქროულინგი” და “ინდექსირება” ეფექტური SEO ოპტიმიზაციის პირველი ნაბიჯია. ნებისმიერი რამ, რაც ამცირებს ფაილის ზომას და აჩქარებს ვებგვერდის რენდერინგს, დაეხმარება საძიებო სისტემების ბოტებს უფრო სწრაფად მიაღწიონ საიტზე არსებულ კონტენტს და გააუმჯობესონ “დაქროლილი” გვერდების რაოდენობა.
Google-ის “ქროულინგ” ბიუჯეტის დოკუმენტაცია რეკომენდაციას უწევს გვერდის ჩატვირთვისა და რენდერინგის სიჩქარის გაზრდას, როგორც საშუალებას თავიდან აიცილოთ “Hostload exceeded” გაფრთხილებები.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უფრო სწრაფი ჩატვირთვის დრო საშუალებას აძლევს Googlebot-ს მეტი გვერდი მოინახულოს.
რა არის AVIF ფორმატი?
AVIF არის ახალი თაობის გამოსახულების ფაილის ფორმატი, რომელიც აერთიანებს JPEG, PNG და GIF გამოსახულების ფაილის ფორმატების საუკეთესო მახასიათებლებს, მაგრამ უფრო კომპრესირებულ ფორმატში (JPEG ფორმატთან შედარებით 50%-ით უფრო კომპრესირებული).
AVIF ფორმატის უპირატესობაა უკეთესი კომპრესია (რაც ნიშნავს უფრო მცირე ზომის ფაილებს). დამატებით AVIF-ს შეუძლია ანიმაციის მხარდაჭერაც, როგორც GIF-ს.
AVIF vs WebP – რომელი გამოვიყენოთ?
AVIF ზოგადად უკეთესი ფაილის ფორმატია, ვიდრე WebP, უფრო მცირე ფაილის ზომით (კომპრესიიდან გამომდინარე) და გამოსახულების ხარისხის თვალსაზრისით. WebP უკეთესია უდანაკარგო გამოსახულებებისთვის, სადაც მაღალი ხარისხის შენარჩუნება ფაილის ზომის მიუხედავად უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ყოველდღიური ვებ გამოყენებისთვის AVIF უკეთესი არჩევანია.
რომელ ბრაუზერებს აქვთ AVIF მხარდაჭერა?
AVIF ამჟამად მხარდაჭერილია Chrome, Edge, Firefox, Opera და Safari ბრაუზერების მიერ. აღსანიშნავია, რომ ყველა კონტენტის მართვის სისტემა (CMS) არ უჭერს მხარს AVIF-ს. თუმცა, WordPress-ზე და Joomla-ზეც AVIF მიღებული ფაილის ფორმატია, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ. CDN-ის თვალსაზრისით, Cloudflare-საც გააჩნია AVIF ფორმატის მხარდაჭერა.
AVIF-ის ფორმატის ამჟამინდელი გამოყენება ვებსაიტებზე 0.2%-ს შეადგენს, მაგრამ ახლა, როცა ის მხარდაჭერილია საძიებო გიგანტის Google-ის მიერ, უნდა ველოდოთ, რომ ეს სტატისტიკა საკმაოდ გაიზრდება. AVIF გამოსახულებები, სავარაუდოდ, გახდება სტანდარტული გამოსახულების ფორმატი, რადგან მისი მაღალი კომპრესია დაეხმარება საიტებს იმუშაონ გაცილებით უკეთ და სწრაფად, ვიდრე ამჟამად JPEG და PNG ფორმატებით.
Joost de Valk-ის (Yoast-ის დამფუძნებელი) მიერ 2024 წლის ივლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური მედიის პლატფორმების უმეტესობა არ უჭერს მხარს AVIF ფაილებს. მან აღმოაჩინა, რომ LinkedIn, Mastodon, Slack და Twitter/X ამჟამად არ უჭერს მხარს AVIF-ს, თუმცა მისივე განმარტებით Facebook-ისთვის, Pinterest-ისთვის, Threads-ისა და WhatsApp-ისთვის AVIF მიღებული ფაილის ფორმატია.
AVIF სურათები ავტომატურად ინდექსირებადია Google-ის მიერ
Google-ის განცხადებით, განსაკუთრებული სამუშაოების ჩატარება არ არის საჭირო იმისთვის, რომ AVIF გამოსახულების ფაილები საძიებო სისტემაში ინდექსირებადი გახდეს. (ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლო სექციაში იხილეთ ჩვენი კომენტარი).
“ბოლო წლების განმავლობაში AVIF ვებ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი გამოსახულების ფორმატი გახდა. გვიხარია გამოვაცხადოთ, რომ AVIF ახლა მხარდაჭერილი ფაილის ტიპია Google-ის საძიებო სისტემისთვის, მათ შორის Google Images-ისთვის, ასევე Google-ის ნებისმიერის სივრცისთვის, სადაც გამოსახულებები გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ თქვენ არ გჭირდებათ განსაკუთრებული სამუშაოების ჩატარება იმისთვის, რომ თქვენი AVIF ფაილები ინდექსირებული იყოს Google-ის მიერ.”
*ალპაკას კომენტარი*
SEO სააგენტო “ალპაკას” მიერ AVIF ფაილის ფორმატის იმპლემენტირება მოხდა ერთ-ერთ დამკვეთთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ბლოგის მთავარი ფოტო არის WebP ფორმატში, ხოლო შიდა ფოტოები AVIF გაფართოებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბლოგიც და WebP გაფართოების ფოტოც უკვე დაინდექსებულია Google-ში, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი AVIF ფოტო ინდექსში არ არის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც კი სიახლე გვექნება, აუცილებლად განვაახლებთ აღნიშნულ ინფორმაციას.



















