რას ნიშნავს E-E-A-T და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
E-E-A-T აბრევიატურაა და შემდეგნაირად იშიფრება: Experience, Expertise, Authoritativeness, Trustworthiness.
Experience (გამოცდილება): აქვს თუ არა კონტენტის შემქმნელს პირადი გამოცდილება მოცემულ თემასთან დაკავშირებით?
Expertise (ექსპერტიზა): რამდენად კვალიფიციურია ავტორი კონკრეტულ სფეროში?
Authoritativeness (ავტორიტეტულობა): რამდენად ავტორიტეტულად ითვლება მოცემული წყარო?
Trustworthiness (სანდოობა): რამდენად სანდოა ინფორმაცია და მისი წყარო?
E-E-A-T პრინციპზე დაყრდნობა ეხმარება Google-ს გამოავლინოს მაღალი ხარისხის კონტენტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია YMYL (Your Money or Your Life) საიტებისთვის – ვებგვერდებისთვის, რომლებიც ეხება ჯანმრთელობას, ფინანსებს, უსაფრთხოებას და სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვთ ადამიანების კეთილდღეობაზე.

E-E-A-T-ის ოთხი კომპონენტის დეტალური განხილვა
E-E-A-T ფუნდამენტური საყრდენია, რომლებზეც ხარისხიანი ციფრული კონტენტი შენდება. ეს კომპონენტები არ არის ონლაინ სივრცეში იზოლირებული ერთეულები, არამედ ბრენდის წარმატებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ასპექტებია და ქმნიან საიტის ან ბრენდის რეპუტაციას ონლაინ სივრცეში. თითოეული მათგანი თამაშობს უნიკალურ როლს მომხმარებლის ნდობის მოპოვებაში და Google-ის ალგორითმების დაკმაყოფილებაში. ამ კომპონენტების სიღრმისეული გაგება და მათი ეფექტური იმპლემენტაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზებული რესურსი, რომელიც ამავდროულად ნამდვილად ღირებული და სანდოა აუდიტორიისთვის.
გამოცდილება (Experience)
გამოცდილება E-E-A-T-ის ყველაზე ახალი კომპონენტია. Google-მა ის 2022 წლის ბოლოს დაამატა. ითვალისწინებს კონტენტის შემქმნელის პირად, პრაქტიკულ გამოცდილებას მოცემულ თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, პროდუქტის მიმოხილვა უფრო სანდოდ ჩაითვლება, თუ ავტორს რეალურად გამოუყენებია ეს პროდუქტი.
როგორ ვაჩვენოთ გამოცდილება:
- წერისას გამოიყენეთ პირველი პირი და პირადი ისტორიები
- დაურთეთ ორიგინალური ფოტოები და ვიდეოები
- გააზიარეთ კონკრეტული დეტალები, რომლებიც მხოლოდ პირადი გამოცდილებით შეიძლება იცოდეთ
ექსპერტიზა (Expertise)
ექსპერტიზა მოიაზრებს ავტორის ცოდნას და უნარებს მოცემულ სფეროში. ეს შეიძლება იყოს როგორც ფორმალური განათლება და პროფესიული გამოცდილება, ისე თვითნასწავლი ცოდნაც.
როგორ ვაჩვენოთ ექსპერტიზა:
- მიუთითეთ ავტორის კვალიფიკაცია და გამოცდილება
- გამოიყენეთ სპეციალიზებული ტერმინოლოგია (ზომიერად)
- დაურთეთ კვლევები და სტატისტიკა თქვენს მოსაზრებებს
ავტორიტეტულობა (Authoritativeness)
ავტორიტეტულობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად აღიარებულია წყარო როგორც ექსპერტი კონკრეტულ სფეროში. ხშირად გამოიხატება სხვა ავტორიტეტული წყაროების მიერ ციტირებით ან მოხსენიებით.
როგორ ავამაღლოთ ავტორიტეტულობა:
- მოიპოვეთ ხარისხიანი ბექლინკები უკვე ავტორიტეტულად აღიარებული საიტებიდან
- ითანამშრომლეთ ცნობილ ბლოგებთან, გამოაქვეყნეთ პარტნიორული პოსტები
- მონაწილეობა მიიღეთ ინდუსტრიის ღონისძიებებში და კონფერენციებში
სანდოობა (Trustworthiness)
სანდოობა E-E-A-T-ის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად ითვლება. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის თანასწორებს შორის ყველაზე თანასწორია. მოიცავს ინფორმაციის სიზუსტეს, გამჭვირვალობასა და საიტის უსაფრთხოებას.
როგორ გავზარდოთ სანდოობა:
- უზრუნველყავით ინფორმაციის სიზუსტე და რეგულარული განახლება
- მიუთითეთ სანდო წყაროები და ბმულები
- უზრუნველყავით საიტის უსაფრთხოება (HTTPS)
- გამოაქვეყნეთ გადამოწმებადი საკონტაქტო ინფორმაცია, ავტორის გვერდი და კარგად გამართული “ჩვენს შესახებ” გვერდი
E-E-A-T-ის მნიშვნელობა YMYL საიტებისთვის
YMYL (Your Money or Your Life) საიტები ვებგვერდებია, რომლებსაც პოტენციურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ადამიანების ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე ან ფინანსურ კეთილდღეობაზე. ასეთი საიტებისთვის E-E-A-T განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
YMYL საიტების მაგალითებია:
- სამედიცინო ინფორმაციის საიტები
- ფინანსური რჩევების ბლოგები
- იურიდიული კონსულტაციის პლატფორმები
- ონლაინ მაღაზიები, რომლებიც ამუშავებენ საკრედიტო ბარათის ინფორმაციას
Google განსაკუთრებით მკაცრად აფასებს ასეთი საიტების E-E-A-T-ს, რადგან არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მომხმარებლებს.
აღსანიშნავია, რომ E-E-A-T-ის გაუმჯობესება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას და გამოცდილებას – განსაკუთრებით მოცულობითი YLYM ტიპის ვებსაიტებისთვის. ამ გამოწვევის დასაძლევად, ბევრი ბიზნესი მიმართავს პროფესიონალურ SEO სააგენტოს, რომელსაც აქვს შესაბამისი ექსპერტიზა და რესურსები.

E-E-A-T-ის გაუმჯობესების პრაქტიკული სტრატეგიები
E-E-A-T-ის გაუმჯობესება მხოლოდ კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი.
პირველ რიგში საჭიროა მაღალი ხარისხის, ორიგინალური კონტენტის შექმნა. ეს გულისხმობს საფუძვლიან კვლევას, უნიკალური პერსპექტივების გამოყენებას და კონტენტის რეგულარულ განახლებას. ამასთან ერთად, სანდო ავტორის ბიოგრაფია ზრდის კონტენტის სანდოობასაც. შექმენით თითოეული ავტორისთვის ცალკე გვერდი, სადაც მითითებული იქნება კვალიფიკაცია, გამოცდილება და სოციალური მედიის პროფილები.
ციტირება და წყაროების მითითება ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია. გამოიყენეთ სანდო და ავტორიტეტული წყაროები, მიუთითეთ და დაურთეთ ბმულები, დაიცავით ციტირების სწორი ფორმატი.
მომხმარებლების შექმნილი კონტენტი დამატებით ღირებულებას სძენს თქვენს საიტს. შეეცადეთ საიტზე დაამატოთ მიმოხილვები და კომენტარები, გამოიყენეთ რეალური გამოცდილებები და გქონდეთ დროულად რეაქცია უკუკავშირზე.
მნიშვნელოვანია სფეროში ბრენდის რეპუტაციის გაძლიერება ციფრული სამყაროს მიღმაც. მიიღეთ მონაწილეობა ინდუსტრიის ღონისძიებებში, გამოაქვეყნეთ პრეს-რელიზები მნიშვნელოვან მიღწევებზე და ითანამშრომლეთ სხვა ავტორიტეტულ ბრენდებთან.
ამ ყველაფრის პარალელურად, არ უნდა დაგავიწყდეთ ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია – უზრუნველყავით საიტის სწრაფი ჩატვირთვა, გამოიყენეთ HTTPS პროტოკოლი და ოპტიმიზაცია გაუკეთეთ მობილური მოწყობილობებისთვის.
E-E-A-T-ის გავლენა AI-ით გენერირებულ კონტენტზე
ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კონტენტის შესაქმნელად სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა აჩენს კითხვებს E-E-A-T-ის კონტექსტში. AI-ს არ აქვს რეალური გამოცდილება ან ექსპერტიზა, და მისი ავტორიტეტულობა და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. Google-ის ამჟამინდელი ოფიციალური პოზიცია არ კრძალავს AI-ით გენერირებული კონტენტის გამოყენებას. მაგრამ რადგან მთავარი კონტენტის ხარისხი და სარგებლიანობაა, რეკომენდებულია AI-ის გამოყენება დამხმარე ინსტრუმენტად და არა მთავარ SEO ქოფირაითერად.

საუკეთესო პრაქტიკა გულისხმობს AI-ის გამოყენებას იდეების გენერირებისთვის და კვლევისთვის. შემდეგ კი შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანის მიერ AI-ით შექმნილი კონტენტის გადამოწმებას და რედაქტირებას. იდეალურ შემთხვევაში სპეციალისტი სტატიას პირად გამოცდილებასა და ექსპერტულ ცოდნას ამატებს.
გარკვეულ რელევანტურ შემთხვევებში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა AI-ის გამოყენების შესახებაც (მომხმარებელმა უნდა იცოდეს რომ ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებულ კონტენტს კითხულობს).
Google-ის ხარისხის შემფასებლები და E-E-A-T
Google-ის ხარისხის შემფასებლები არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ საძიებო შედეგების ხარისხს Search Quality Evaluator Guidelines-ის გამოყენებით.
შეფასების ძირითადი ასპექტებია კონტენტის ხარისხი და სიზუსტე, ავტორის და/ან საიტის რეპუტაცია, გამოცდილებისა და ექსპერტიზის დემონსტრირება, გამჭვირვალობა და სანდოობა. ეს კრიტერიუმები ეხმარება Google-ს მიაწოდოს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, სანდო ინფორმაცია.
Google-ის ხარისხის შემფასებლები პირდაპირ არ განსაზღვრავენ საიტის რეიტინგს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ალგორითმის დახვეწაში. Google იყენებს მათ შეფასებებს ალგორითმების გასაუმჯობესებლად, რაც უზრუნველყოფს მაღალი E-E-A-T-ის მქონე საიტების მაღალ პოზიციონირებას საძიებო შედეგებში.
E-E-A-T-ის გაუმჯობესება განგრძობითი პროცესია და არა ერთჯერადი ქმედება. მოითხოვს თანმიმდევრულ ძალისხმევას და ყურადღებას დეტალებისადმი. ყოველი ახალი სტატია, ყოველი განახლება და ყოველი ინტერაქცია მომხმარებელთან საიტის E-E-A-T-ის გაძლიერების შესაძლებლობაა.
მაგალითად, თუ თქვენ მართავთ ჯანმრთელობის თემატიკის ბლოგს, შეგიძლიათ რეგულარულად მოიწვიოთ სხვადასხვა დარგის ექსპერტები სტუმრის პოსტების დასაწერად. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენი კონტენტის ხარისხს, არამედ გაზრდის თქვენი საიტის ავტორიტეტულობასა და სანდოობას – თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული მოწვეული ექსპერტისთვის აუცილებლად უნდა შექმნათ მოწესრიგებული, SEO ოპტიმიზირებული ავტორის გვერდი. ამასთან, თუ თავად ხართ კონკრეტული სფეროს ექსპერტი, არ მოგერიდოთ თქვენი კვალიფიკაციის და გამოცდილების წინ წამოწევა. შექმენით დეტალური “ჩვენს შესახებ” გვერდი, სადაც აღწერთ თქვენს გამოცდილებას და მიღწევებს.
ამასთან ერთად ჩვენი გამოცდილებით სამედიცინო ნიშაში დომინირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დომენის ავტორიტეტს, ასაკს, კონტენტის გამოქვეყნების სიხშირეს და კონტენტის ხარისხს. ჯერჯერობისთ საქართველოს SEO ბაზარზე სამედიცინო სფეროში პოზიციების მოპოვება შესაძლებელია ისეთი პრაქტიკების გარეშე, როგორიცაა მოწესრიგებული ავტორის გვერდი, უცხოურ ბაზრზე კი Google დიდ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტატია რამდენად გადამოწმებულია დარგის ექსპერტებთან.
კონტენტის შექმნისას ყოველთვის იფიქრეთ მკითხველზე. დაუსვით თავს კითხვა: “რა სარგებელს მოუტანს ეს ინფორმაცია ჩემს აუდიტორიას?” თუ თქვენ ქმნით კონტენტს, რომელიც რეალურად ეხმარება ადამიანებს, ეს ბუნებრივად გაზრდის თქვენს E-E-A-T-ს.
გახსოვდეთ, რომ E-E-A-T არის არა მხოლოდ Google-ში პოზიციების გაუმჯობესების გზა, არამედ იმის დემონსტრაციაც, თუ როგორ აღიქვამენ სხვები თქვენს ბრენდს. მნიშვნელოვანია ხილვადობა თქვენს ინდუსტრიაში, მიიღეთ აქტიური მონაწილეობა დისკუსიებში, გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები სოციალურ მედიაში და ითანამშრომლეთ სხვა ავტორიტეტულ ბრენდებთან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენი ბრენდის რეპუტაციის გაძლიერებასა და, შესაბამისად, E-E-A-T-იც გაუმჯობესდება.
არ დაივიწყოთ ტექნიკური SEO ასპექტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ E-E-A-T-ში, განსაკუთრებით სანდოობის კომპონენტში. უზრუნველყავით, რომ თქვენი საიტი იყოს უსაფრთხო (HTTPS), სწრაფად იტვირთებოდეს და იყოს მობილურის ეკრანისთვის ოპტიმიზებული. ეს გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და ამასთან გაზრდის თქვენი საიტის სანდოობას Google-ის თვალში.
E-E-A-T-ის გაუმჯობესება არის ინვესტიცია თქვენი საიტის გრძელვადიან წარმატებაში. მოითხოვს დროს, ძალისხმევას და თანმიმდევრულობას, მაგრამ შედეგები ამად ღირს. მაღალი E-E-A-T-ის მქონე საიტები არა მხოლოდ უკეთ პოზიციონირდებიან Google-ში, არამედ უფრო მარტივად იძენენ მომხმარებლების ნდობას და ლოიალურობას, რაც ნებისმიერი ონლაინ ბიზნესის წარმატების საწინდარია.
გაიგე ზრდის პოტენციალი! გამოგვიგზავნე ვებგვერდის ბმული და მიიღე პირველადი SEO აუდიტი უფასოდ.
თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი ვებსაიტი E-E-A-T პრინციპებს და სად არის გაუმჯობესების პოტენციალი, ისარგებლეთ ჩვენი უფასო SEO აუდიტით. შედეგები დაგეხმარებათ გამოავლინოთ თქვენი საიტის ძლიერი და სუსტი მხარეები E-E-A-T-ის თვალსაზრისით და შეიმუშაოთ სტრატეგია მისი გასაუმჯობესებლად.



















