Google Buying Guide – ელექტრონული კომერციის SEO ოპტიმიზაცია

აპრილი 5, 2022

წარმოიდგინეთ, შევდივართ მაღაზიაში რაიმეს საყიდლად, პროდუქტის მახასიათებლების უკეთ გაცნობის მიზნით კონსულტანტს უამრავ შეკითხვას ვუსვამთ, ისიც მეტ-ნაკლები სიზუსტით გვპასუხობს. შედეგად კი ვხარჯავთ უზარმაზარ დროსა და ენერგიას გამყიდველთან კომუნიკაციაში. რაც მთავარია, არსებობს რისკი, რომ ვერ მივიღოთ სასურველი ინფორმაცია. ამის საპასუხოდ გუგლი ჯერ-ჯერობით მობილური ვერსიისთვის მუშაობს Buying Guide-ის ფუნქციაზე, რაც მარტივად, რომ ვთქვათ, წარმოადგენს საძიებო სისტემის ონლაინ კონსულტანტს.

სარჩევი

რა არის Google Buying Guide?

გუგლი ახალი საძიებო სისტემის ფუნქციის ტესიტრების რეჟიმშია, რომელიც სავარაუდოდ რადიკალურად შეცვლის და გაამარტივებს სასურველი პროდუქტის ძიების პროცესს.  „Buying Guide-ის“ საშუალებით მომხმარებელი ზუსტად იპოვის კონკრეტული მახასიათებლების მქონე შეთავაზებას.

მას შეეძლება ცვლადების სასურველი კომბინაციით მოძებნოს პროდუქტი ზედმეტი სქროლვისა და გადამისამართების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მობილური ვერსიისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ისიც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში (აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნა).

ცვლილებები მობილური ვერსიის SERP-ში

საინტერესოა, როგორ გამოჩნდება ძიების შედეგები და როდის?

იმისათვის, რომ SERP-ში (საძიებო სისტემის შედეგების გვერდი) გამოჩნდეს Buying Guide-ის შედეგები, საჭიროა საძიებო ველში ჩავწეროთ კონკრეტული პროდუქტის დასახელება, მაგ: „Baseball Bats” (ბეისბოლის ჯოხი).

დასახელების ჩაწერის შემდეგ, გუგლი მომხმარებელს SERP-ის ქვემოთ ან დასაწყისში გამოუჩენს Drop-down მენიუს, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება სამიზნე პროდუქტის ცვლადები: ფასი, ზომა, ტიპი, მასალა, ბრენდები და ა.შ. რაც მთავარია, მომხმარებელს შეეძლება თითოეული ცვლადის კონტროლით გაფილტროს პროდუქტების სია და მარტივად იპოვოს მისთვის სასურველი შეთავაზება.

google-buying-guide-მაგალითი

პროდუქტების დეტალური ძიებისთვის თითოეული ცვლადის ჩაშლაც შეიძლება.  მაგ: ჩამოვშალოთ Types-ის ცვლადი. შედეგების სახით გამოგვიტანს სხვადასხვა მასალას, რისგანაც ბეისბოლის ბიტას ამზადებენ: ალუმინი, ხე და ა.შ. ასევე ზოგადი ინფორმაციის ქვემოთ კარუსელის სახით აჩვენებს სტატიებსა და კონკრეტულ ლინკებს, სადაც მომხმარებელს შეუძლია ვრცელი ინფორმაცია მიიღოს საინტერესო შეთავაზებების შესახებ.

Buying Guide-ის მენიუ არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტების ცვლადების დახასიათებით. მასში დამატებით ჩაშენებულია ხშირად დასმული კითხვების სექციაც (FAQ). მაგ: what is the best wood bat right now?

მომხმარებელს მენიუს აკეცვაც მარტივად შეუძლია, რომელიც შემდეგნაირად გამოჩდება მობილურ ვერსიაზე (იხილეთ სურათი).

google-buying guide ფუნქციები

შეიძლება ითქვას Buying Guide წარმოადგენს SERP-ის სტრუქტურირებულ ვერსიას, რომელიც მობილურის გაცილებით მოკლე მონაკვეთს იკავებს, მაგრამ საკმარისად ინფორმატიულია.

Google Buying Guide-ის სარგებელი მომხმარებლებისთვის

ონლაინ ვაჭრობის სასიამოვნო გამოცდილება

გუგლის თითოეული განახლების მიზანი მომხმარებლისთვის ძიების პროცესის გამარტივებაა. ზემოთხსენებული განახლება კი, მიზნად ისახავს მარტივი და სასიამოვნო ონლაინ ყიდვის გამოცდილება შესთავაზოს მომხმარებელს.

Search Intent (ძიების განზრახვა)

საძიებო სისტემისთვის მთავარია მომხარებელმა ზუსტად და სწრაფად მიაგნოს სასურველ პროდუქტსა თუ სერვისს. შესაბამისად, გუგლმა უნდა წამოიღოს დეტალური ინფორმაცია კომპანიების, მათი პროდუქტებისა და კონტენტის შესახებ და რაც მთავარია, დახარისხებული ფორმით წარუდგინოს მომხმარებელს. ეს ნიშნავს პროდუქტის მაძიებლის მოთხოვნის მოკლე დროში ზუსტად დაკმაყოფილებას.

გუგლი ამ ნაბიჯით აუმჯობესებს ყიდვის რეალურ განზრახვაზე მორგებულ შეძენის პროცესს. მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას არა ქაოტურად ეძებოს შედეგი, არამედ კონკრეტული მახასიათებლების შერჩევით მიიღოს ზუსტად ის, რაც მოცემულ მომენტში სჭირდება.

ნაკლები რისკი ყიდვის პროცესში

პროდუქტის დასახელების შემდეგ მომხმარებელი FAQ-ის საშუალებით რჩევას მიიღებს  შეძენის პროცესთან დაკავშირებით: რა უნდა გაითვალისწინოს, რა პრობლემებს გადააწყდება ყიდვისას, რამდენად სანდოა ჩამოთვლილი ბრენდები და ა.შ. ეს შეამცირებს პროდუქტის შეძენით გამოწვეული იმედგაცრუების მიღების რისკებს.

ძიების სისწრაფე

საძიებო სისტემის ახალი ფუნქცია სმარტფონების მფლობელებს პროდუქტის სწრაფი ძიების შესაძლებლობას სთავაზობს. მომხმარებელს აღარ მოუწევს SERP-ის სხვადსხვა გვერდებზე იმოგზაუროს, რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაცია Buying Guide-ის მენიუში იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, არსებობს იმის საშიშროება, რომ პროდუქტების ძიებისას მომხმარებელი ნაკლებად გადავიდეს საძიებო სისტემის შედეგების განყოფილებაზე.

პროდუქტების საძიებო შედეგების კომპლექსური ვერსია

თუ ადრე სხვადასხვა საიტზე სერფერობით ვცდილობდით პროდუქტის შერჩევას, ახლა პირდაპირ SERP-ში გვაქვს თავმოყრილი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია. კონკრეტულ საიტზე მხოლოდ მაშინ გადავალთ, როდესაც კრიტერიუმების მიხედვით შევარჩევთ პროდუქტს. ეს კი გულისხმობს ნაკლები კლიკით (click) სამიზნე შედეგამდე მიღწევას.

რა სარგებელს მოუტანს ბიზნესებს Buying Guide?

buying-guide-ის-სარგებელი-ბიზნესისთვის

მომხმარებელთან ერთად საინტერესო გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მიიღებს ბიზნესებიც. იმისათვის, რომ გავიგოთ რა ბენეფიტს მიიღებენ კომპანიები, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა არის მათი პირველადი მოთხოვნა საძიებო სისტემისგან. ისინი ელიან ხარისხიან ტრაფიკს – რელევანტური search intent-ის საშუალებით მომხმარებელმა მიაგნოს ბრენდს და გადავიდეს ვებგვერდზე, რაც თავის მხრივ კონვერტაციის გაზრდილ შესაძლებლობას გულისხმობს.

ახლა კი განვიხილოთ გუგლის სცენარი. თუ მომხმარებელი საძიებო ველში ჩაწერს პროდუქტის დასახელებას, ეს  გარკვეულ განზრახვაზე მიუთითებს, მაგრამ თუ buying guide-ით იპოვის კონკრეტულ შედეგს, ეს შეძენის სერიოზულ განზრახვას უვამს ხაზს.  შესაბამისად, ბიზნესებისთვის გაიდიდან მიღებული ტრაფიკი გაცილებით უფრო ხარისხიანია, ვიდრე SERP-დან გადმოსული მომხმარებელი. Guide-ის შემთხვევაში იუზერი „გაყიდვების ძაბრის“ (Sales Funnel) consideration – purchase საფეხურზეა, რაც ზრდის ტრაფიკის წარმატებულ გაყიდვად კონვერტაციის შესაძლებლობას.

დამატებითი სარგებელი ამ განახლებიდან გულისხმობს საძიებო შედეგებში მოხვედრის გაზრდილ ალბათობასაც. მაგ: თუ კომპანიის კონტენტი კარუსელის მოწინავე გვერდზე ვერ მოხვდა „ზომის“ ცვლადში, მას აქვს შესაძლებლობა სხვა ცვლადებში გამოაჩინოს საკუთარი კონტენტი.

ყველაფერთან ერთად Buying Guide ტრაფიკის ანალიტიკის ინსტრუმენტადაც შეიძლება გამოვიყენოთ. კომპანიამ უნდა გაანალიზოს რომელი ცვლადიდან გადმოვიდა ვებგვერდზე მომხმარებელი. შესაბამისად, რომელი მახასიათებლიდანაც აგენერირებს ყველაზე მეტ ტრაფიკს იმ მიმართულებით კარგად აქვს საქმე, სხვა შემთხვევაში კი პროდუქტს, ვებგვერდს ან კონტენტს პრობლემები აქვს და SEO ოპტიმიზაცია სჭირდება.

რა გავლენა ექნება განახლებას E-commerce და SEO ოპტიმიზაციაზე?

buying-guide-ის-გავლენა-იქომერსზე

გუგლის ბოლო განახლებებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომპანია ნამდვილად სერიოზულად დაფიქრდა ონლაინ მოვაჭრე ბიზნესებთან თანამშრომლობაზე: ტესტირების რეჟიმში ჩაუშვა ელექტრონული კომერციის ბიზნესების შეფასების სისტემა – Google Shopping Scorecard, Google Shop-ში დაამატა მცირე ბიზნესების გაფილტვრის ღილაკი -“smaller stores”, დაიწყო Google Buying Guide-ის ტესტირება და ა.შ.

შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო ღრმად შეაბიჯებს ელექტრონული კომერციის სამყაროში. ამისათვის კი SEO სპეციალისტებმა დღესვე უნდა დაიწყონ მზადება. ცხადია, საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციის მოპოვების ლოგიკა უცვლელი დარჩება, უნდა წარმოადგინო დეტალური, რელევანტური და სანდო ინფორმაცია პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ.

შესაბამისად, საინტერესოა კონკრეტულად რა ცვლილებებს შემოიტანს Buying Guide  E-commerce და SEO  ოპტიმიზაციის პროცესში.

ამ სიახლეს ყველაზე დიდი გავლენა ონლაინ მოვაჭრე კომპანიებისთვის ექნება. ელექტრონული ვაჭრობის ბრენდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება პროდუქტების საძიებო სისტემისთვის ოპტიმიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ონლაინ მაღაზიებმა ყოველი კატეგორიისთვის, ქვეკატეგორიისა და პროდუქტისთვის ტექნიკურად გამართულ გვერდებთან ერთად უნდა დააგენერირონ ხარისხიანი და სპეციალიზირებული კონტენტი. თუ ადრე  ზოგადად სანტექნიკის შესახებ იწერებოდა, ახლა კონკრეტულად სანტექნიკის სფეროდან რომელიმე პროდუქტის შესახებ უნდა დაიწეროს.

რის მიხედვით გამოჩნდება Buying Guide-ში კონტენტი? – გუგლი იმ ბრენდებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებიც პროდუქტის დეტალურ და რელევანტურ აღწერას სთავაზობენ მომხმარებლებს, რაც გულისხმობს სტატიების, ალტ-ტექსტების, მეტა აღწერებისა და კომენტარების სექციის ოპტიმიზაციას. თითოეული მათგანი გუგლისთვის წარმოადგენს ვებგვერდიდან მიღებულ დამატებით სიგნალს შეთავაზების შესახებ. შესაბამისად, ყველა მათგანი ვებგვერდმა buying guide-სთვის რელევანტური ინფორმაციის მისაწოდებლად უნდა გამოიყენოს.

მაგ: კონტენტის SEO ოპტიმიზაციისთვის სასარგებლოა, როდესაც კომენტარებში საუბარია გვერდის რელევანტურ თემაზე. შესაბამისად, თუ გუგლი აღმოაჩენს, რომ პროდუქტის გვერდზე მომხმარებელი საუბრობს ამ შეთავაზების შესაბამის თემაზე და ვრცლად განიხილავს მას, საძიებო სისტემა მიიღებს დამატებით შეტყობინებას პროდუქტის შესახებ. ეს კი ვებგვერდს სანდოობის გაზრდასა და გაიდში მოწინავე პოზიციის დაკავებაში შეუწყობს ხელს.

ამ საძიებო სისტემის სიახლის წყალობით გაიზრდება product schema-ს (პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გუგლისთვის) მნიშვნელობა. მისი ქივორდების მიხედვით გაწერა კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდება გუგლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბრენდებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ პროდუქტების კატეგორიზირებული აღწერა Buying Guide-ში წარმოდგენილი ცვლადების გათვალისწინებით და დამატებით დაახასიათონ პროდუქტი ან მომსახურება ისეთი კუთხით, რომლითაც იშვიათად აღწერენ ხოლმე.  რაც გულისხმობს, რომ ვირტუალურ სამყაროს ვუჩვენოთ პროდუქტის გამოყენების ახალი გზა!

ვინაიდან გუგლს სურს მომხმარებელი დეტალური ძიების პროცესით მივიდეს შედეგამდე, პროდუქტის ახალი ცვლადით აღწერა გაზრდის მის Buying Guide-ში გამოჩენის ალბათობას. შესაბამისად, განსხვავებული აღწერის შემოტანით საძიებო სისტემა დამატებით სიგნალს მიიღებს პროდუქტის მახასიათებლების შესახებ, რაც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პროცესში პრიორიტეტულია.

Buying Guide-ის მიმდინარე ხარვეზები (რეკომენდაციები)

buiyng guide ხარვეზები

მობილური ვერსიის მოცემული განახლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შინააარსობრივად ოპტიმიზირებული სემანტიკური ანალიზი. ეს გულისხმობს, რომ საძიებო სისტემამ უნდა გაარჩიოს როდის ეძებს ადამიანი პროდუქტს და როდის სხვა ინფორმაციას. დავუბრუნდეთ სტატიის დასაწყისში მოყვანილ მაგალითს, ჩავწეროთ გუგლში „Baseball bats”. Buying Guide-ში ზოგიერთ ცვლადში, მართლაც, გამოიტანა ბეისბოლის ბიტების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ სხვა ცვლადებში ღამურების (Bats) შესახებ მოგვაწოდა კონტენტი.

რას ნიშნავს ეს?BERT-ისა და MUM-ის განახლებები არ არის საკმარისი გუგლისთვის გაარჩიოს პროდუქტის ქივორდი სხვებისგან. შესაბამისად,  Buying Guide-ში უნდა ველოდოთ არარელევანტური შინაარსის მქონე სტატიებსაც.

MUM (Multitask Uniform Model) – გუგლის განახლება, რომელიც გულისხმობს ალგორითმის მიერ სხვადსხვა ინფორმაციის ერთდროულად გაანალიზებასა და დახარისხებას. შედეგად, საძიებო სიტყვასთან გაცილებით რელევანტური SERP გენერირდება.

BERT (Bidirectional Encoder Representations from Transformers)  – გუგლის განახლება, რომლის საშუალებითაც ალგროთმი მრავალმხრივ აანალიზებს საძიებო სიტყვას ან ფრაზას. შესაბამისად, მომხმარებელი საძიებო განზრახვაზე მორგებულ შედეგებს იღებს.

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს მიგნება? – თუ რომელიმე პროდუქტის ქივორდზე არარელევანტური კონტენტი შეგვხვდა, შესაძლოა ნიშნავდეს, რომ გუგლს არ აქვს მრავალფეროვანი ინფორმაცია მასზე და სჭირდება დამატებითი აღწერა პროდუქტის სხვა ქივორდებისგან გასარჩევად. ამიტომ თუ ამ დროს ვებგვერდი კონკრეტულ შეთავაზებას უფრო სკრუპულოზურად აღწერს, საძიებო სისტემა, სავარაუდოდ, პრიორიტეტსაც მიანიჭებს.

E-commerce ოპტიმიზაციის მომავლის პერსპექტივა

იქომერსის ოპტიმიზაციის მომავლის პერსპექტივა

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული განახლება ძირითადად ელექტრონული კომერციის ოპტიმიზაციასა და ბიზნეს გვერდებზე იქონიებს გავლენას, ეს არ გამორიცხავს, რომ ბლოგებს ექნებათ საშუალება მოხვდნენ სისტემის შედეგებში. გაიდში ჩაშენებული FAQ-ის საშუალებით შეიძლება დამატებითი კონტენტის სახით გამოჩნდნენ მომხმარებლების მობილურებში. ამიტომ ეს ცვლილება მხოლოდ კომპანიებს არ შეეხებათ.

გუგლი მობილურ ვერსიასთან ერთად დესკტოპის გაუმჯობესებასაც ცდილობს, მაგ: Desktop Page Experience-ის განახლება. შესაბამისად, დიდი ალბათობით ეს გაიდი დესკტოპ ვერსიაზეც იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომ SEO სააგენტო კონტენტის ოპტიმიზაციისას თავიდანვე უნდა ითვალისწინებდეს, თუ როგორ უნდა გამოჩნდეს გუგლის დეკსკტოპ და მობილურ ვერსიებზე.

რაც შეეხება გუგლის ონლაინ ყიდვის გამოცდილების გაუმჯობესებას, ის კიდევ უფრო დეტალური ძიებისკენ მიიწევს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს პროდუქტებისა და მომსახურებების სპეციალიზირებული (ვიწრო) კონტენტის გენერირებას.

სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

სტატიის ავტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

მსგავსი სტატიები