რა არის კონტენტის SEO ოპტიმიზაცია

აპრილი 13, 2022

თანამედროვე საბაზრო კონკურენციის ზრდის პირობებში შეუძლებელია ცნობადი და განვითარებადი ვებგვერდის ჩამოყალიბება კონტენტ მენეჯმენტის გარეშე. საინტერესო და მომხმარებელზე მორგებული სტატიები მაღალი ტრაფიკის გენერირებაში გვეხმარება.

მაგრამ, მხოლოდ მიმზიდველი ინფორმაციით ვერ შევძლებთ საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციებზე გამოვჩნდეთ და მომხმარებელი ვებგვერდზე გადმოვიყვანოთ. ამისათვის კონტენტის ეფექტური SEO ოპტიმიზაციაა საჭირო.

სარჩევი

რა არის კონტენტი?

პირველ რიგში გავიაზროთ თუ რას ნიშნავს სიტყვა კონტენტი და რას ვგულისხმობთ მასში. კონტენტში მოვიაზრებთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციულ შიგთავსს, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გენერირდება ვებგვერდებზე, საძიებო სისტემის შედეგებში და ა.შ.

ვებგვერდის კონტენტი მოიცავს ინფორმაციას მისი მიზნის, მისიის, საინტერესო საკითხების, შეთავაზებებისა და პროდუქტების შესახებ.  ორგანიზაციები მას ძირითადად  თვითწარდგენისთვის იყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ კონტენტი ბრენდის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის.

რას ნიშნავს კონტენტ მენეჯმენტი?

კონტენტ მენეჯმენტი

სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა განვსაზღვროთ კონტენტის მიზანი, მოცულობა, სიხშირე, ფორმატი (ტექსტი, ფოტო, ვიდეო..), შევაგროვოთ მასალები (references) დავგეგმოთ და ორგანიზება გავუკეთოთ ვებგვერდისთვის რელევანტურ ინფორმაცის. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვის ვესაუბრებით და რატომ. სწორედ, ზემოთ ხსენებული პროცესი წარმოადგენს კონტენტ მენეჯმენტს.

კონტენტ მენეჯმენტის ხარისხზეა დამოკიდებული მარკეტინგის ტაქტიკური და სტრატეგიული ნაბიჯების წარმატება.

კონტენტ მენეჯმენტის პროცესი

კონტენტის მართვის პროცესი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. ის, კრეატიულ უნარებთან ერთად, ღრმა ანალიტიკურ აზროვნებასაც მოითხოვს. პროცესების სკრუპულოზურად დამუშავება კონტენტ მენეჯმენტს გაცილებით ამარტივებს.  მართვის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაოდენობა არ არის ეფექტურობის წინაპირობა. ბუნებრივია, ტექსტის მოცულობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ფოკუსირება კონტენტის ხარისხზე უნდა გავაკეთოთ.

მიზნის განსაზღვრა

როდესაც სამუშაოს ვიწყებთ წინასწარ უნდა გვქონდეს სასურველი შედეგი განსაზღვრული, უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: მართლა გვჭირდება თუ არა ბლოგი (ან რაიმე ფორმის კონტენტი), რატომ გვჭირდება, რა შედეგს მოგვიტანს, რომელი პროდუქტებისთვის ვწერთ, რა არის ჩვენი პრიორიტეტი: ტრაფიკის ზრდა, ცნობადობის გაზრდა, მაღალი კონვერსიები თუ სხვა. ნათელი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები ეფექტური ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება.

კონტენტის მიზნების განსასაზღვრად შეგიძლიათ ისარგებლოთ S.M.A.R.T მოდელით.

მიზანი უნდა იყოს:

Specific კონკრეტული – ზუსტად ჩამოყალიბებული მიზნები აუცილებელია სამოქმედო გეგმის შესადგენად.

Measurable გაზომვადი – უნდა არსებობდეს ინსტრუმენტი, რომლითაც შევაფასებთ მიზნებს და გვქონდეს ჩამოყალიბებული, რას ნიშნავს წარმატებული კონტენტი. ამისათვის კი  KPI-ები (Key Perfomance Indicator) უნდა განვსაზღვროთ.

Acceptable მისაღები – მიზანი უნდა გამომდინარეობდეს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მომხმარებლების ინტერესებიდან.

Realistic  რეალისტური – მიზანი უნდა იყოს პრაქტიკაში განხორციელებადი.

Time-bound დროში გაწერილი – მიზნების მიღწევა დროის წინასწარ განსაზღვრულ ვადაში უნდა შეიძლებოდეს, რათა სამუშაო პროცესი არ გაიწელოს.

წყაროების შეგროვება

ვეძებთ ვებგვერდის მთავარი სათქმელის შესაბამის წყაროებს, რომლებზეც დაფუძნდება მთელი სტატია ან ნებისმიერი კონტენტ-მასალა. ამ ეტაპს ძალიან გაგვიმარტივებს წყაროების მოძიების ხელსაწყოები, მაგ: Feedly,  Semrush, Ahrefs, Google Search, Google Scholar, დამატებით შეგიძლიათ მოიძიოთ კვლევები, დაეყრდნოთ პირად გამოცდილებას, ცოდნასა და ჩანაწერებს, ექსპერტების მოსაზრებებს და გამოიყენოთ ნებისმიერი შემთხვევა შთაგონებისთვის.

დახარისხება

ინფორმაციების მოძიების შემდეგ საჭიროა გავფილტროთ ისინი. რის მიხედვით უნდა დავახარისხოთ? – უპირატესობა მივანიჭოთ იმ ინფორმაციას, რომელიც უკეთესად პასუხობს ჩვენი ბლოგ-პოსტის მიზანს.

მონახაზის შექმნა

მოძიებული მასალების გარშემო ვაყალიბებთ სტრუქტურას, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი სტატია, რამდენ სიტყვას უნდა შეიცავდეს, როგორ ჩავშლით ქვეთავებად და ა.შ.

ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი ზედმეტად შევიზღუდოთ თავი, თუმცა საჭიროა ვიაზრებდეთ კონტენტის ზოგად მონახაზს.

კონტენტის შექმნა

ეს ნაბიჯი გულისხმობს დაგეგმვის ფაზაში მიღებული გადაწყვეტილებების ხორცშესხმას. თუ ვთვლით, რომ უკეთესი იდეები გაგვიჩნდა, ამ ეტაპზე დასაშვებია ცოტათი გადავუხვიოთ კიდეც გეგმას.

მონიტორინგი

კონტენტის ვებგვერდზე განთავსებით მენეჯმენტის პროცესი არ სრულდება. საჭიროა ეტაპობრივად თვალყური ვადევნოთ რომელ ქივორდებზე (საძიებო სიტყვები) ჩნდება SERP-ში, ხომ არ დაკარგა ტრაფიკი, რამდენად შეესაბამება შემოსული ვიზიტორები სამიზნე აუდიტორიას და შევეცადოთ ავხსნათ მიმდინარე მოვლენების გამოწვევი მიზეზები.

გაზომვა

უნდა შევაფასოთ რამდენად წარმატებულად განვახორციელეთ მიზნები, მივაღწიეთ თუ არა პროექტის KPI-ს.

ამისთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ page view, bounce rate, CTR (Clickthrough Rate),  Impressions და ა.შ. გაზომვის პროცესში აპრობირებული ხელსაწყოებია Google Analytics და Google Search Console. ამ ეტაპზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრული წარმოდგენა უნდა შევიქმნათ კონტენტის არსებულ მდგომარეობაზე.

გამოსწორება

ზუსტად უნდა განისაზღვროს მონიტორინგის ფაზაში მიღებულ დასკვნებზე როგორ ვრეაგირებთ. ცვლილებების განხორციელება არ უნდა ვიჩქაროთ. შესაძლოა, კონტენტის მიმდინარე არადამაკმაყოფილებელი ტრენდი მოკლევადიანია და განზოგადებად არ ღირს.

შესაბამისად, პასუხი უნდა გავცეთ კითხვებს: როგორია მიმდინარე მდგომარეობა, მიზნის მიხედვით ვითარდება თუ არა მოვლენები, საჭიროა თუ არა ცვლილება და რომელი ნაბიჯით გამოსწორდება სიტუაცია.

ამ ეტაპის შემდეგ თავიდან იწყება მონიტორინგი – გაზომვა – გამოსწორება ციკლი.

ვებგვერდის კონტენტის სახეობები

კონტენტის სახეობა

ვირტუალურმა სამყარომ კონტენტის მრავალი სახეობა წარმოშვა, რომელიც მარკეტერებს მომხმარებლამდე სათქმელის ეფექტურად მიტანაში ეხმარება.

კონტენტის ტიპის შერჩევისას უნდა ვიხელმძღვანელოთ სათქმელის მიზნისა და ბრენდის იმიჯის კატეგორიებით.

უამრავი ტიპის კონტენტი არსებობს, თუმცა განვიხილოთ ყველაზე პოპულარული სახეობები:

ბლოგი – ბლოგი არის ინტერნეტ სივრცეში ვებგვერდზე განთავსებული სტატიების ან პოსტების ერთობლიობა, რომელიც ტექსტურ მასალასთან ერთად იყენებს ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა ტიპის კონტენტის ფორმატებს.

სიტყვა მიღებულია World Wide Web-ისა და log-ის შერწყმით, რომელიც „ვებგვერდის დეტალურ ჩანაწერებს“ ნიშნავს. 1997 წლის 17 დეკემბერს ჯონ ბერგერმა შემოიტანა ტერმინი „weblog“, თუმცა მალევე 1999 წელს პიტერ მერლოცმა მისი შემოკლებული ვერსია „blog” შემოგვთავაზა. სიტყვა გამოიყენება როგორც არსებითი სახელის, ასევე ზმნის ფორმითაც.

ბლოგის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, მხოლოდ ვორდპრესის სტატისტიკის მიხედვით თვეში დაახლოებით 70 მილიონი ბლოგ-პოსტი ქვეყნდება. მზარდ კონკურენციასთან ერთად იზრდება კონტენტის ხარისხიც.

ფოტო – ამ ფორმატში უნდა გავითვალისწინოთ სურათის რეზოლუცია, სათაური, ალტ-ტექსტი და დიზაინი. ფოტოს მიზანია ტექსტის სათქმელი უფრო ეფექტურად გადმოსცეს, რათა მომხმარებელმა მარტივად გაიგოს მთავარი შეტყობინება. როდესაც მომხმარებელი გვერდზე შემოვა შეიძლება მთავარი სურათი (thumbnail) იმდენად მოეწონოს, რომ ტექსტის მთლიანად წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს.

ფოტოებით წარმატებული სტატიების შექმნის თვალსაჩინო მაგალითია wikiHow, რომელიც სურათებისა და მოკლე აღწერის კომბინაციით საინტერესო კონტენტს სთავაზობს მომხმარებლებს.

ვიდეო – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმატია, რომელიც საკომუნიკაციო მესიჯის დინამიურად გადმოცემაში გვეხმარება. Semrush-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37%-ისთვის (პირველი პოზიცია) ვიდეო ფორმატია ყველაზე მიმზიდველი. ბრენდები საინტერესო თემებზე ხშირად ვიდეოების საშუალებით ესაუბრებიან აუდიტორიას, აჩვენებენ როგორ გამოიყენონ პროდუქტი, უხსნიან რთულ საკითხებს, აძლევენ რჩევებს და ამყარებენ თბილ ურთიერთობებს.

YouTube ვიდეოები ამის ნათელი მაგალითია. GoPro-ს (ცნობილია ვიდეო კამერებით) არხი მზარდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებლებში. კომპანია თავისი პროდუქტით მრავალფეროვან ვიდეოებს იღებს, რაც აძლევს საშუალებას ბრენდის ირგვლივ დიდი აუდიტორია შემოიკრიბოს.  2022 წლის აპრილის თვის დასაწყისში არხს 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

პოდკასტი – ბოლო პერიოდში აუდიო კონტენტი ძალიან წარმატებული გახდა. უამრავი ადამიანი ყოველდღიურად პოდკასტის საშუალებით ინდუსტრიის ტრენდებსა და ცხელ-ცხელ ამბებს ეცნობა.

პოდკასტი ნამდვილად ხელსაყრელი შესაძლებლობაა აუდიტორიის შესაგროვებლად. მოცემული ფორმატის საშუალებით მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებაა შესაძლებელი.

მსმენელი თავს კომუნიკაციის ნაწილად გრძნობს, თითქოს მთხრობელი პირისპირ ესაუბრებოდეს. პოდკასტი ინფორმაციის მიღების კომფორტული საშუალებაა. თუ ტექსტის კითხვა რთულია მგზავრობის ან განტვირთვის დროს, პოდკასტის მოსმენა მარტივადაა შესაძლებელი, თუნდაც საჭეს მართავდეთ.

ბრაიან ტრეისი წიგნში „შეჭამე ბაყაყი“ რეკომენდაციას უწევს მანქანის მართვის დროს პოდკასტით ცოდნის მიღებას და ამბობს, რომ ამ გზით 1 წლის განმავლობაში სფეროს სპეციალესტებადაც შეიძლება ჩამოყალიბდეთ.

საყურადღებოა, რომ ბრენდებმა პოდკასტში მხოლოდ მათ პროდუქტებზე არ უნდა ისაუბრონ, არამედ, უმჯობესია მომხმარებლისთვის საინტერესო და ბრენდისთვის რელევანტურ თემებზე გაამახვილონ ყურადღება, პროდუქტებს კი ძალიან მცირე დრო დაუთმონ.

ინფოგრაფიკები – ბევრისთვის მოსაწყენია ციფრების ლაბირინთში გზის გაგნება, ამიტომ როდესაც კომპანიას სურს წარმოადგინოს ანალიტიკური მასალა, ამას ინფოგრაფიკების საშუალებით ახორციელებს. მასში თავმოყრილია დიდი მონაცემთა ბაზის კომპრესირებული ვერსია, რომელიც მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს.

ინფოგრაფიკა გვეხმარება კომპლექსური იდეების მარტივად გაგებაში, შესაბამისად საკითხის ახსნის დროს რეკომენდირებულია მისი გამოყენება.

პროდუქტის გვერდები – ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა კომპანიისთვის. ამიტომ პროდუქტების გვერდი მდიდარი უნდა იყოს  უნიკალური აღწერით, დეტალური და ყოვლისმომცველი ინფორმაციით, სურათებით და ა.შ. შესაძლოა თავად არ წარმოადგენდეს კონტენტის უნიკალურ ფორმატს, მაგრამ კონვერტაციისთვის მისი მნიშვნელობის გამო აუცილებელია ცალკე გამოვყოთ.

კომპანია Apple პროდუქტების გვერდს დიდ ყურადღებას აქცევს. მასში მრავალფეროვანი კონტენტის ფორმატის მეშვეობით გადმოსცემს ელექტრონული მოწყობილობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. პროდუქტის თითოეულ მახასიათებელს დამოუკიდებლად განიხილავს.

ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალების სინთეზით ცდილობს პროდუქტის გვერდი ინტერაქციული გახადოს. ცხადია, გვერდის სტუმრობის შემდეგ მომხმარებელს სრული წარმოდგენა აქვს სმარტფონის კონკრეტული მოდელის ფუნქციებზე, უპირატესობებსა და მახასიათებლებზე. Apple-ის  პროდუქტების ოფიციალური გვერდები ვიზიტორს პროდუქტის იმდენად დეტალურ პრეზენტაციას სთავაზობს, რომ შეიძლება ითქვას ონლაინ კონსულტანტებს წარმოადგენენ.

ქართულ ბაზარზე ნაკლებად გვხვდება პროდუქტის დეტალური აღწერა, უბრალოდ ზოგადი კრიტერიუმებით შემოიფარგლებიან ხოლმე. რეალურად კი, პროდუქტის გვერდი არის „გაყიდვების ძაბრის“ ბოლო საფეხური, რომელიც მაქსიმალურად ინფორმაციული და მიმზიდველი უნდა იყოს. სწორედ, მან უნდა გადააწყვეტინოს მომხმარებელს იყიდის თუ არა პროდუქტს.

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

სეო ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემაში სასურველი ინფორმაციის პოვნა სწრაფად იკიდებს ფეხს ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებში. გუგლს (ყველაზე მძლავრი და დიდი საძიებო სისტემა) აქტიურად იყენებენ შოპინგისთვის, წიგნების წასაკითხად, სამუშაოს მოსაძებნად და შეიძლება ითქვას თითქმის ყველაფრისთვის. საძიებო სისტემის მრავალმხრივი გამოყენება კომპანიების მზარდ ინტერესს უზრუნველყოფს.

რატომ სურს კომპანიებს გამოჩნდნენ საძიებო შედეგების მოწინავე პოზიციებზე? – რადგან SERP-ის (საძიებო სისტემის შედეგების გვერდი) ჯამური ტრაფიკის დაახლოებით 30% პირველ გვერდზე, 16% მეორეზე , მესამეზე კი 11% მისამართდება. შესაბამისად, მომხარებლის ვებგვერდზე გადასვლა პროდუქტების გაყიდვების შანსებს საგრძნობლად ზრდის (კონვერტაციის მაჩვენებელი). შესაბამისად, ყველას უნდა, რომ პირველი შეეგებოს მომხმარებლებს.

როგორ უნდა მოხვდნენ SERP-ის მოწინავე პოზიციებზე? – ვებგვერდის SEO ოპტიმიზაციით.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია  – SEO ვებგვერდზე ჩატარებული კვლევებისა და მოქმედებების ერთობლიობაა, რომლებიც უზრუნველყოფენ გვერდის საძიებო შედეგებში მოწინავე პოზიციაზე გამოჩენას და ამ გზით ვებგვერდის ორგანული ტრაფიკის ზრდას.

ხარისხიანი ტრაფიკის ზრდის თანმდევი შედეგებია მაღალი კონვერტაცია, ბრენდის გაზრდილი ცნობადობა, მაღალი CTR (Click Through Rate) და ზოგადად მარკეტინგული მიზნების მიღწევა.

რა არის SEO კონტენტი?

შევაჯამოთ უკვე განხილული ორი ცნება „SEO“ და „კონტენტი“. შედეგად, მივიღებთ ნებისმიერი ტიპის კონტენტს, რომლის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში ვებგვერდის ტრაფიკის ორგანულად ზრდა (რეკლამის გარეშე ტრაფიკის გენერირება).

რეალურად, სტატიის ვებგვერდზე განთავება არ არის საკმარისი. შესაძლოა, მართლაც იდეალური ბლოგ-პოსტი შექმნათ, მაგრამ თუ ვერავინ შეამჩნია მისი ღირებულება ნულს უახლოვდება. მიზანი ხომ აუდიტორიის ბრენდის ირგვლივ გრძელვადიან პერსპექტივაში შემოკრებაა.

ვებგვერდის კონტენტის ოპტიმიზაციისთვის ეფექტური და საყოველთაოდ აპრობირებული მეთოდია ბლოგ-პოსტების წარმოება.

რატომ გვჭირდება ბლოგი?

მუდმივად განახლებადი ბლოგი ბრენდისა და ვებგვერდის სიცოცხლისუნარიანობის ინდიკატორია. ის ბიზნეს მომხმარებლებთან მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება. ბლოგს ბრენდის არქეტიპი უფრო გამოკვეთილად და მიმზიდველად მიაქვს აუდიტორიამდე.

დამატებით, ბლოგის წარმოება SEO ოპტიმიზაციისთვისაც სასარგებლოა. იმისათვის, რომ კონკრეტულ საძიებო სიტყვებზე (keywords) შევძლოთ მოწინავე პოზიციაზე მოხვედრა საჭიროა ვაწარმოოთ ბლოგი.

ბლოგი ბრენდს უფრო ხილვადსა და ხელშესახებს ხდის. მისი საშუალებით მარტივად აღწევს მომხმარებლებამდე კომპანიის იდენტობა, საკომუნიკაციო ტონი, მესიჯი, ხასიათი და ბრენდის პიროვნებაც კი. ბლოგის საშუალებით იზრდება მომხმარებლებთან გადაკვეთის წერტილები (Customer Touch Point). შესაბამისად, ორგანიზაციამ უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად მიმზიდველად წარუდგინოს თავი მომხმარებლებს მისთვის საინტერესო და რელევანტური თემების განხილვით.

როდესაც აუდიტორიას ორგანიზაციისთვის რელევანტურ თემებზე საინტერესოდ ესაუბრებით, კომპანია ავტომატურად იძენს „ექსპერტის“ რეპუტაციასა და სანდოობას, რაც წარმატებული ბრენდინგის აუცილებელია ატრიბუტია.

გაყიდვების ზრდა ბიზნესის მთავარი ამოცანაა. გაყიდვებს ე.წ „ლიდები“ (leads – მარკეტინგული ძალისხმევის შედეგად მოპოვებული პოტენციური კლიენტები) კვებავს, ლიდებს კი თავის მხრივ ხარისხიანი ტრაფიკი სჭირდება. შესაბამისად, ბლოგს დიდი გავლენა აქვს კომპანიის გაყიდვებისა და შემოსავლების მაჩვენებლებზე.

გაყიდვების მაქსიმიზაციისთვის საჭიროა არა უბრალოდ ტრაფიკი, არამედ ხარისხიანი ტრაფიკი. ეს ნიშნავს, რომ ის მომხმარებლები უნდა გადმოვიდნენ ვებგვერდზე, რომლებიც ბრენდის სამიზნე სეგმენტში ხვდებიან. თუ არარელევანტური ვიზიტორი ჰყავს გვერდს, ეს გაზრდის ტრაფიკს, მაგრამ გაყიდვებში არ კონვერტირდება.

ასეთ ადამიანებზე  რესურსების დახარჯვა ირაციონალურია. მაგ: თუ გვაქვს სარეცხი მანქანის ვებგვერდი და მომხმარებლები კონდიციონერის ქივორდით ხვდებიან ჩვენთან, ცხადია, ასეთი ტიპის აუდიტორია არ კონვერტირდება გაყიდვებში. რელევანტურ საკვანძო სიტყვებზე აგებული ბლოგი კი ხარისხიან ტრაფიკს აგენერირებს.

ბლოგი, ტრაფიკის გენერირების გარდა,  კომპანიას აძლევს საშუალებას სოციალური მედიის არხებშიც საინტერესოდ გამოიყურებოდეს. სტატიები შეგიძლიათ გააზიაროთ Facebook-ზე, LinkedIn-ზე, Quora-ზე და ა.შ.  რაც თავის მხრივ ბრენდის ირგვლივ კრეატიულ ინტერაქციას (creative buzz) წარმოშობს.

დიდი აუდიტორიის გრძელვადიანი დაინტერესებისთვის მოცემული ფორმატი იდეალურია. მაგალითად: SEO სპეციალისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ონლაინ ხელსაწყო Semrush ხარისხიანი კონტენტის მართვის გამორჩეული შემთხვევაა. ის მომხმარებლებს უზრუნველყოფს ვებგვერდის აუდიტის, ტექნიკური, on-page და off-page SEO აუდიტის, ქივორდების კვლევისა და სხვა მრავალი საინტერესო შესაძლებლობით.

ამასთანავე, სემრაშს აქვს მუდმივად განახლებადი და ოპტიმიზირებული ბლოგი, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში მზარდი აუდიტორია შესძინა კომპანიას. სემრაში წლიდან წლამდე ნაკლებს ხარჯავს რეკლამებში და ორგანულად (უფასოდ) იღებს ახალ მომხმარებლებს. შესაბამისად, ბლოგის საშუალებით გრძელვადიანი მარკეტინგული ხარჯების შემცირებაც შესაძლებელია.

ორგანული ტრაფიკი

გუგლი დიდ ყურადღებას აქცევს ვებგვერდის მიღებულ ლინკებს (backlinks). ხარისხიანი და საინტერესო სტატია შეიძლება სხვა ვებგვერდმა წყაროდ გამოიყენოს და გვერდმა ბექლინკი მოიპოვოს. ეს გაზრდის ვებგვერდის ავტორიტეტს გუგლისთვის და დიდი ალბათობით მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლებს.

თუ ახალი ამბავი გაქვთ აუდტორიისთვის, მაშინ ბლოგის საშუალებით მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ გააცნოთ მომხმარებლებს მიმდინარე მოვლენები კომპანიის გარშემო.

ბლოგის SEO ოპტიმიზაცია

ბლოგის ოპტიმიზაცია

საინტერესო ინფორმაციის მოწინავე პოზიციებზე გამოჩენისთვის აუცილებელია გუგლის რეკომენდაციების გათვალისწინება, ანუ უნდა გავიაზროთ როგორ ბლოგ-პოსტებს ანიჭებს უპირატესობას საძიებო სისტემა.

SEO რეკომენდაციები ბლოგისთვის:

ბლოგის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვებგვერდის განვითარებისთვის. ამისათვის, საჭიროა გამოცდილი სპეციალისტების SEO მომსახურება, რომელიც გულისხმობს გუგლის რეკომენდაციების მიხედვით ვებგვერდის თითოეული გვერდის ოპტიმიზაცია.

საკვანძო სიტყვების კვლევა (Keyword Research)

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სტატიის სამიზნე სიტყვები, რომლებზეც საძიებო შედეგებში გამოჩნდება ვებგვერდი.

კარგი იქნება თუ ქივორდებს შევარჩევთ მაღალი ძიებით (high volume) და საშუალო ან დაბალი კონკურენციით (keyword difficulty). კარგი პოზიციების მოპოვების შესაძლებლობა მაღალ ვოლუმიან და დაბალ კონკურენტულ ქივორდებში იმალება. ძირითადად, ასეთი ტიპის ქივორდებს ე.წ long-tail ქივორდები (3 ან მეტი სიტყვა) წარმოადგენენ.

უნდა გაანალიზდეს არა მხოლოდ ჩვენი ვებგვერდისთვის რელევანტური ქივორდები, არამედ დავაკვირდეთ რა სიტყვებზე ჩნდებიან კონკურენტები საძიებო სისტემაში, გვაქვს თუ არა შანსი ამ ქივორდებზე გავუწიოთ მათ კონკურენცია და ა.შ.

ბლოგ-პოსტის სტრუქტურა (headings)

რეკომენდირებულია, რომ სტატია წიგნივით იკითხებოდეს. გამოყოფილი ჰქონდეს სათაური და ქვესათაურები. კონტენტში უნდა გვხვდებოდეს მხოლოდ 1 H1 თეგი. დამატებით, დაცული უნდა იყოს h-tag -ების იერარქია, h1-ს უნდა მოჰყვებოდეს h2, h2-ს h3 და ა.შ.

გასათვალისწინებელია, რომ შერჩეული ქივორდები განვათავსოთ ბლოგ-პოსტის სათაურსა და ქვესათაურებში (headings).

ენქორ ტექსტები (anchor text)

ენქორ ტექსტი არის გალინკული სიტყვა, რომელიც მომხმარებელს ერთი გვერდიდან სხვა გვერდზე გადაამისამართებს.

გუგლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდის გვერდები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. მომხმარებელი მისი საშუალებით მარტივად იღებს დამატებით ინფორმაციას, ასევე შიდა ბმულები ვებგვერდზე ნავიგაციას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ენქორ ტექსტების დახმარებით მომხმარებელი უფრო მეტ დროს ატარებს ვებგვერდზე, რაც ზრდის წარმატებული გაყიდვების შანსს.

შესაბამისად, ენქორ ტექსტი გვეხმარება შიდა ბმულების გენერირებაში. გავითვალისწინოთ, რომ შიდა გამავალი ბმულების ტექსტის დასაწყისში ჩასმა არ არის რეკომენდირებული, რადგან ამით მომხმარებელს ვუბიძგებთ მალე დატოვოს გვერდი.

შიდა ბმულები მიმართული უნდა იყოს მნიშვნელოვან გვერდზე, ძირითადად ეს პროდუქტების, მომსახურების ან მთავარი გვერდია (Home Page).

სარჩევი

სტატიაში სარჩევი მომხმარებლის კითხვის გამოცდილებას სასიამოვნოს ხდის და  გუგლისთვისაც პრიორიტეტულია. კარგად ორგანიზებული სარჩევის დახმარებით გუგლი საძიებო შედეგებიდან მომხმარებელს ზუსტი ინფორმაციის მისაღებად სტატიის კონკრეტულ მონაკვეთში ამისამართებს ხოლმე. თავის მხრივ სარჩევის ოპტიმიზაცია ტექსტის სტრუქტურაზეა დამოკიდებული.

Meta Data

მეტა სათაურსა და აღწერაში ქივორდები ორგანულად უნდა გამოვიყენოთ: აღვწეროთ გვერდის არსებობის მიზანი ქივორდის გამოყენებით. გუგლი, ხშირად თავისით ირჩევს რა გამოიტანოს აღწერაში, თუმცა მეტა ინფორმაცია მისთვის დამატებითი სიგნალია კონტენტის უკეთ გასაცნობად, ამიტომ საჭიროა რელევანტური მონაცემები მივაწოდოთ მას.

FAQ

კარგი იქნება, თუ მომხმარებლების ხშირად დასმულ კითხვებზე გავცემთ პასუხს. ამით საძიებო შედეგების FAQ ნაწილში გვერდის გამოჩენის შანსი იზრდება. დამატებით, შესაძლოა მომხმარებელი ვრცელი ინფორმაციისთვის ჩვენს ვებგვერდზე გადმოვიდეს ან გვერდზე გადმოსვლის გარეშე გაიცნოს ბრენდი.

Related Articles

სტატიის ბოლო ნაწილში კარგი იქნება, თუ ბლოგ-პოსტის თემის რელევანტური სტატიები იქნება წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დამატებითი ინფორმაცია დააინტერესებს, ამ სტატიებზე გადავა. ეს კი ზრდის მოხმარებლის ვებგვერდზე გატარებულ დროს, რაც გუგლისთვის დადებითი სიგნალია.

ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალა

აუდიო კონტენტი

ვიზუალური კონტენტი მომხმარებელს ინფორმაციის უკეთ გააზრებაში ეხმარება. თუმცა მიმზიდველი ფოტო საკმარისი არ არის. ვინაიდან გვერდის ჩატვირთვის დრო საძიებო სისტემისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, დროის შემცირების მიზნით უნდა შემცირდეს სურათის მოცულობა.

მოცულობის გარდა, ფოტოს განთავსებისას უნდა გავითვალისწინოთ რეზოლუცია, ალტ-ტექსტი და სათაური. ცხადია, სურათის ტექსტებში ქივორდები ორგანულად უნდა გამოვიყენოთ, მოკლედ აღვწეროთ რა არის გამოსახული ფოტოზე.

გუგლისთვის დადებითი ფაქტორებია მდიდარი ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალა. ამიტომ ბლოგ-პოსტებში რეკომენდირებულია მათი ბუნებრივად გამოყენება.

კომენტარები

ხშირად, მომხმარებლის შეფასებებს ყურადღებას არ აქცევენ, რაც საფუძველშივე არასწორია. SEO ოპტიმიზაციის გარდა, შეფასებები ბრენდს უშუალოობასა და ნდობას სძენს. გუგლისთვის კომენტარები მნიშვნელოვანია. ის ყურადღებას აქცევს, რამდენად შეესაბამება კომენტარებში დაფარული თემა ბლოგის თემას. რელევანტურობის შემთხვევაში გუგლი კონტენტს ხარისხიან და მომხმარებელზე მორგებულად აღიქვამს, რაც ზრდის საძიებო შედეგებში მოწინავე პოზიციების დაკავების შანსს.

უმჯობესია, რომ მოხმარებლების კომენტარებს ვუპასუხოთ. რაც მთავარია, პასუხები არ უნდა იყოს შაბლონური.

სიტყვების რაოდენობა

გუგლისთვის არ არსებობს რეკომენდირებული სიტყვების რაოდენობა, მისთვის მთავარია რამდენად შეესაბამება შინაარსი მოხმარებლის განზრახვასა (search intent) და საძიებო სიტყვებს. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დიდი მოცულობის რელევანტური და ორგანულად დაწერილი ბლოგ-პოსტი გაცილებით მარტივად აღწევს წარმატებას საძიებო შედეგებში. ამიტომ, სიტყვების ოპტიმალური რაოდენობის შერჩევამდე კარგი იქნება, თუ შევისწავლით კონკურენტების პოსტებს და ქივორდების ბუნებრივად გამოყენებით შევქმნით კონტენტს.

Backlinko-ს კვლევის თანახმად, მოცულობითი კონტენტი მცირესთან შედარებით დაახლოებით 77%-ით მეტ ბექლინკს (backlink – შემომავალი ბმული) იღებს, რაც ვებგვერდს ავტორიტეტის გაზრდაში ეხმარება.

იმავე კვლევის თანახმად, მოცულობითი ბლოგ-პოსტის სიტყვების ოპტიმლაური რაოდენობაა 1000 – 2000 სიტყვა.

ბექლინკები

საძიებო სისტემისთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ვებგვერდის შესახებ სხვები, გუგლს აინტერესებს უწევენ თუ არა რეკომენდაციას გვერდს, იყენებენ თუ არა წყაროებად და ა.შ. ეს გამოიხატება კონტენტში ლინკის ჩასმით. მაგ: თუ რომელიმე ვებგვერდი სტატიაში ბმულის ფორმატით მოიხსენიებს (დალინკავს) ალპაკას ამ ბლოგ-პოსტს, მაშინ ეს იქნება ბექლინკი ალპაკასთვის. გუგლისთვის პრიორიტეტულია follow ბმულები, რომლებიც  ადრესატის სანდოობაზე მიუთითებს.

ბექლინკის ორგანულად მოპოვებისთვის საჭიროა იმდენად ხარისხიანი, სიანტერესო და მრავლისმომცველი კონტენტის შექმნა, რომ სხვა ვებგვერდებმა საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ თავიანთ კონტენტში.

ბექლინკების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია ვებგვერდის ავტორიტეტის ზრდისთვის.

მობილური ვერსია – responsiveness

ყოველდღიურად კომპანიები უამრავ ტრაფიკის იღებენ მობილური მოწყობილობებიდან. ამიტომ ბლოგ-პოსტის განთავსების შემდეგ უნდა შევამოწმოთ როგორ გამოიყურება ტექსტი, ფოტო, ვიდეო, ღილაკები, გვერდის ნავიგაცია რამდენად ინტუიტიურია და ა.შ.

სწორედ, ზემოთ ხსენებული პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის გჭირდებათ SEO სააგენტო.

რატომ გვჭირდება SEO კონტენტ მენეჯერი?

კონტენტ მენეჯერი

კონტენტ მენეჯმენტის სწორად და ორგანიზებულად წარმართვისთვის საჭიროა კარგი კონტენტ სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია საინტერესო ამბები გუგლის პრიორიტეტების მიხედვით გადმოსცეს.

კონტენტ მენეჯერის როლი

მისი მთავარი საზრუნავი ონლაინ სივრცეში ბრენდის რელევანტურად და მიმზდველი კუთხით წარმოჩენაა. სწორედ, მან უნდა წარმართოს ზემოთხსენებული პროცესები კომპანიის სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების შესაბამისად. ის საზღვრავს კონტენტის სამიზნე აუდიტორიას, ადგენს კომპანიის კონტენტ სტრატეგიას, ქმნის მასალებს და ანაწილებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში.

კონტენტ მენეჯერი კარგად უნდა იყოს დახელოვნებული კრეატიულ წერაში, ინფორმაციების მოძიებაში, სტრატეგიულ დაგეგმვაში და ა.შ. მას კარგად უნდა ესმოდეს ბრენდის იდენტობა და შეეძლოს მთავარი ღირებულებების კონტენტში მომხმარებლისთვის საინტერესოდ წარმოჩენა.

SEO კონტენტ მენეჯერი

ეს არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ კონტენტის შექმნის პროცესს ხელმძღვანელობს, არამედ უზრუნველყოფს საძიებო სისტემაში ინფორმაციის კონკურენტებზე უკეთ წარმოჩენას.

ის, ზემოთხსენებულ უნარებთან ერთად, უნდა ფლობდეს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცოდნას, რათა შეძლოს არა მხოლოდ შექმნას მასალა, არამედ პირველი მიაწოდოს მომხმარებლებს.

ვებგვერდის ოპტიმიზაციისა და კონტენტის გენერირების პროცესი ერთმანეთთან შეთნახმებულად უნდა მიმდინარეობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ საინტერესო, მაგრამ ცუდად ოპტიმიზირებულ სტატიას, ან პირიქით. შესაბამისად, ვებგვერდისთვის იდეალური ვარიანტია ორივე სფეროს სინთეზი.

SEO და კონტენტ მენეჯმენტის კომბინაცია სინერგიის ეფექტს ქმნის, რომელიც ვებგვერდს ტრაფიკს, კონვერტაციებს, ცნობადობასა და კიდევ უამრავ ბენეფიტს სთავაზობს.

სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები