ხელოვნური ინტელექტი – საუკეთესო ციფრული ხელსაწყოები

ოქტომბერი 28, 2022

თანამედროვე ციფრულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი დინამიკურად ვითარდება. მუდმივად იქმნება ახალი პროგრამები და ციფრული ხელსაწყოები, რომლებითაც მომხმარებელი სწრაფად იღებს შედეგებს. როგორც ყველა სიახლეს, AI-საც (Artificial Intelligence) ციფრული მარკეტერების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მათ საპირისპირო დაუმტკიცა.

ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებს ეხმარება გაცილებით მარტივად და ეფექტურად მიაღწიონ შედეგებს. ჯერ-ჯერობით ამ სფეროს შესაძლებლობებს ბევრი კომპანია არ იყენებს (განსაკუთრებით ქართულ ბაზარზე). ამიტომ სწორედ ახლა, ქვემოთ ჩამოთვლილი ციფრული ხელსაწყოების პრაქტიკაში იმპლემენტირება ხელს შეგიწყობთ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.

სარჩევი

ChatGPT – ადამიანური ხელოვნური ინტელექტი

2022 წლის ნოემბერში ციფრულ სამყაროში ჩაეშვა პროექტი, რომლის გავლენა დღემდე არ არის შეფასებული. ეს არის პროდუქტი, რომელმაც თავდაყირა დააყენა AI-ს სფერო. შეიძლება ითქვას ის უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი არაა, არამედ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერ კითხვას დაუსვამთ. მისი სახელია – ChatGPT

რა არის ChatGPT და რას ნიშნავს ის?

ის არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ენობრივი მოდელი, რომელიც OpenAI-მ ჩაუშვა ბაზარზე.  მისი მიზანია ადამიანური ენით ტექსტური კომუნიკაცია დაამყაროს მოსაუბრესთან. სახელი “GPT” იმ პროგრამულ არქიტექტურას მოიაზრებს, რომლის ბაზაზეც შეიქმნა – Generative Pretrained Transformer და გულისხმობს, რომ პასუხებს წინასწარ დამუშავებული პროგრამის წყალობით აგენერირებს.

მისი საშუალებით თითქმის ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი, რჩევები, კონკრეტული საჭიროებისთვის დაწეროთ კოდიც (სასურველ პროგრამულ ენაში), დაწეროთ სტატიები და განიხილოთ საინტერესო იდეები. რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიან და ზუსტ პასუხებს რამდენიმე წამში მიიღებთ. კარგად აუხსენით რა ინფორმაცია გჭირდებათ და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დაგიბრუნებთ მზა მასალას. თუ სრულყოფილი პასუხი ვერ მიიღეთ არ დაღონდეთ, როგორც ადამიანს მისწერეთ მეტი კონტექსტი, უფრო დაწვრილებით აუხსენით რა გსურთ და პასუხებს მყისიერად მიიღებთ.

დადებითი

ChatGPT დადებითი მხარეები 1 სტატიით ნამდვილად ვერ ამოიწურება. ამის ნაცვლად უმჯობესია კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ და თავად დარწმუნდეთ მის შესაძლებლობებში.

მოდით, ChatGPT-ის ვთხოვოთ SEO-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი Hreflang კოდი დაგვიწეროს. ეს ელემენტი საძიებო სისტემას კონტენტის ენობრივი აუდიტორიის გააზრებაში ეხმარება.

იხილეთ შედეგი:

ChatGPT - ხელოვნური ინტელექტი

მოგვწერა, თუ რა არის Hreflang კოდი და რისთვის გამოიყენება ის. ასევე მოგვაწოდა კოდი, რომლის გადაკოპირება და ვებსაიტზე ჩასმა მარტივად შეგვიძლია და შემდეგ აგვიხსნა დაგენერირებული პასუხი. აღსანიშნავია, რომ უფრო კომპლექსურ კოდს მარტივად აგენერირებს, ამიტომ იდეალურია როგორც პროგრამისტების, ასევე კოდის წერის არმცოდნე ადამიანთათვის.

ახლა ვკითხოთ რა არის SEO ოპტიმიზაცია და რა სარგებელს მოუტანს კომპანიებს.

პასუხი: რთულია არ დაეთანხმო 😊

თუ ინფორმაცია არ გაკმაყოფილებთ დააჭირეთ ღილაკს “Regenerate response” და იგივე კითხვაზე განსხვავებული პასუხი მიიღეთ, ან ისევ მიწერეთ სიტყვა: “more” და SEO ოპტიმიზაციის დადებით მხარეებს დაუზარებლად ჩამოგიწერთ.

ChatGPT უფასოა?

შეზღუდული გამოყენებით (რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს მოგცემთ) ხელმისაწვდომია უფასოდ, თუმცა აქვს შედარებით სრულყოფილი ფასიანი ვერსიაც.

აი, თავად რას ამბობს ამ კითხვაზე 👇

ChatGPT Plugins – გაოცებას საზღვარი არ აქვს

ChatGPT 4 ვერსიაში ჩაშენებულია ახალი ფუნქციები (Plugins), რომლებიც გაძლევთ შესაძლებლობას სხვადასხვა AI კონტენტი დააგენერიროთ, გაანალიზოთ excel-ის ფაილი, ავტომატურად შექმნათ ცხრილები, შინაარსი ამოიღოთ ტექსტიდან და ა.შ. მაგ: მასში იმპლემენტირებულია DALL-E 3 (იხ.ქვემოთ), რომელიც თქვენს ტექსტებს ფოტოებად აქცევს.

ჩეტბოტის ფლაგინეი ChatGPT

Google Bard AI – გუგლის ხელოვნური ინტელექტი

ChatGPT-ის ბაზარზე გამოჩენამ AI პროდუქტების ბუმი გამოიწვია. ამჯერად გუგლის Bard AI-ს სურს დაგიმეგობრდეთ. 

ზემოთ წარმოგიდგინეთ ChatGPT, რომელიც OpenAI-მ გააცნო საზოგადოებას. Google Bard AI-იც მსგავსი პროდუქტია, უბრალოდ ამჯერად მისი ავტორი თავად Google-ია. ის სწორედ გუგლის მიერ განვითარებულ ენობრივ მოდელ LaMDA-ზეა დაფუძნებული.

მასაც შეუძლია თქვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხოს, დაგეხმაროთ დავალებების დაწერაში, დაგეგმოს თქვენი დღე და ა.შ.

Google Bard AI-ს უპირატესობაა, რომ მუდმივად განახლებად ინფორმაციაზე აქვს წვდომა, რაც აძლევს შესაძლებლობას სწრაფად განვითარდეს. მომხმარებელს კი გაცილებით ზუსტი პასუხები მიაწოდოს.

მაგ: ვკითხეთ თბილისში რომელიმე SEO სააგენტოს მისამართი ეჩვენებინა, მან არა მხოლოდ მისამართი დაგვიწერა, არამედ გუგლის განახლებული რუკაც მოგვაწოდა:

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ალპაკას მისამართი

მოდით, ახლა შედარებით გავურთულოთ.😊

დავუშვათ ხართ პროექტის მენეჯერი და გაინტერესებთ როგორ დაიწყოთ დავალებების ორგანიზება. ამიტომ გჭირდებათ ზოგადი ინსტრუქცია.

Bard AI-მ არა მხოლოდ ინსტრუქცია მოგვაწოდა, არამედ კონკრეტული სტატიის ბმულებიც შემოგვთავაზა, რომელშიც ამ თემაზე იყო საუბარი. (ამისათვის დააჭირეთ Google-ის სიმბოლოს პასუხების ველის ზედა მარცხენა კუთხეში.)

გუგლ ბარდის მიერ შექმნილი ინსტრუქცია

აქვე დამატებით შემოგვთავაზა ჩვენთვის საინტერესო და რელევანტური კითხვები: 👇

ბარდის პასუხები

მისი შესაძლებლობები, უბრალო კითხვა-პასუხით არ ამოიწურება. მაგალითად: თუ საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავთ, შეგიძლიათ Bard-ს სთხოვოთ, რომ გაგაცნოთ შესაფერისი თარიღები, მოიძიოს ფრენისა და სასტუმროს შესახებ ინფორმაცია, დაგეგმოს მარშრუტი Google maps-ის საშუალებით და მოგაწოდოთ ვიდეომასალა Youtube-დან. ეს ყველაფერი კი ერთი საუბრის ფარგლებში ხდება. 

და ხო, მართლა საუბრის დასრულებამდე უკუკავშირის გაგზავნა – კმაყოფილი ხართ თუ არა – არ დაგავიწყდეთ. 

Bard-ის შესაძლებლობების მოკლე სპექტრი ასე გამოიყურება:

  • სტატიებისა და ვებგვერდების შეჯამება;
  • აზრებისა და იდეების გენერირება;
  • სლოგანებისა და შთამაგონებელი ტექსტების გენერირება;
  • კვლევებისა და სქემების მონაცემების ერთმანეთთან შედარება;
  • მონაცემების დამუშავება
  • რეკომენდაციები მოგზაურობისა და სხვა საქმიანობებისათვის. 

ChatGPT თუ Bard AI

რთულია ამ 2 AI მეგობრიდან არჩევანი გააკეთო. გირჩევდით, რომ ორივესთან გაგეგრძელებინათ ურთიერთობა. 

ორივე თითქმის მსგავს სამუშაოს ასრულებს, თუმცა გარკვეული განსხვავებებით აქვთ:

  • Bard ინფორმაციას იღებს ინტერნეტიდან, ხოლო ChatGPT 2021 წლამდე გენერირებული მასალებითაა დატრენინგებული. Შესაბამისად, Bard-ში შედარებით განახლებული ინფორმაციაა თავმოყრილი.
  • ChatGPT-ის აქვს ჩაშენებული დამატებითი ფუნქციები (Plugin), რომლებიც ტექსტურ მასალასთან ერთად განსხვავებული ტიპის კონტენტის გენერირების შესაძლებლობას გაძლევთ. Მოცემული ფლაგინები წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს გაგიხსნით. 
  • ზოგადად ChatGPT-ს უფრო კონტენტის გენერირებისთვის იყენებენ, ხოლო Bard AI-ს კვლევებისთვის.

Midjoureny – სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ოცნება?

წარმოიდგინეთ, ყველა იდეის ფოტოებად გამოსახვა, რომ შეგეძლოთ. ათასობით იდეას, სცენასა და სურათს, რომლებიც ეხლა გონებაში გიტრიალებთ ეკრანზე გამოსახავდით. შეგეძლებოდათ ფიქრთა ილუზორული სამყარო გაგეცოცხლებინათ. 🦄

2022 წლის დასაწყისში Midjourney-მ სწორედ ამის განხორციელება დაიწყო. ფართო აუდიტორიას მისცა შესაძლებლობა ტექსტი მაღალი ხარისხის ვიზუალურ მასალად ექცია. შეიძლება ითქვას Midjourney არის თქვენი “მეგობარი მხატვარი”, რომელიც თქვენი სიტყვების მიხედვით შედევრებს ქმნის (Text-to-image AI). 

მთავარია კარგად აუხსნათ თქვენს მეგობარს რა დახატოს, როგორ და რა არ უნდა გამოიყენოს ამ პროცესში. 

Midjourney ხელმისაწვდომია Discord-ის პლატფორმაზე. მისი საშაულებით ფოტოების გენერირება შეგიძლიათ ჩატში უბრალოდ /imagine ბრძანების დაწერით. შემდეგ კი უბრალოდ აუხსენით Discord-ის ბოტს, თუ რისი გენერირება გსურთ.

დავუშვათ ბოტმა უკვე მოგაწოდათ ფოტოს რამდენიმე ვერსია. თუ მიღებული 2 ფოტოს გაერთიანება ან ერთმანეთთან შერყწმა გსურთ, მაშინ გამოიყენეთ ბრძანება /blend.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ბრძანება ზედმეტად გრძელია და გიჭირთ აზრის გადმოცემა /shorten ბრძანება დაგეხმარებათ Midjourney-სთვის გასაგებ ენაზე ჩამოაყალიბოთ წინადადება.

Fake? 🕵️

Midjourney-ს საშუალებით თითქმის რეალური ფოტოების გენერირებაა შესაძლებელი, რაც ამ ხელსწყოს ძალიან დიდი უპირატესობას აძლევს. ხშირად რთულდება ერთმანეთისგან გაარჩიოთ ნამდვილი ფოტო ყალბისგან. მაგ: 2023 წელს სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა პაპი ფრანცისკეს Midjourney-თ გენერირებული ფოტო (იხ.ქვემოთ). Რომელშიც მას თეთრი სამოსი აცვია. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრმა დაიჯერა ამის შესახებ.

AI გენერირებული ფოტო რომის პაპის

როგორ ვესაუბროთ Midjourney-ს?

იმისთვის, რომ Midjourney-სთან მუშაობისას საუკეთესო შედეგი მიიღოთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი: 

  1. გახადეთ  თქვენი მოთხოვნა უფრო კონკრეტული. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 40-60 სიტყვას. ერიდეთ ორაზროვნებასა და ბუნდოვანებას.
  2. გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც თქვენს მოთხოვნას ნიუანსს შემატებს და მას უფრო აღქმადს გახდის. მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ობიექტის ფერი, ზომა, ფორმა და სხვა მახასიათებლები.
  3. prompt-ში სასურველი სტილი აუცილებლად ახსენეთ. თუ გსურთ მაქსიმალურად რეალისტური სურათის შექმნა, წინადადებაში აუცილებლად მოაქციეთ სიტყვა “hyper-realistic”.
  4. გამოიყენეთ ნეგატიური ენა – უთხარით ხელსაწყოს რა არ გსურთ დასრულებულ ვიზუალში მოხვდეს, მაგ.: No frame, No flowers, No people. 
  5. საჭიროებისამებრ დაიხმარეთ “creative tag”, რომლის მოთხოვნაში დამატებით თქვენ ბოტს განსაკუთრებით უჩვეულო და საინტერესო სურათის გამოტანისკენ უბიძგებთ. 
  6. დაამატეთ prompt-ში “stylize tag”, ის ბოტის შემოქმედებით უნარებს წაახალისებს და დაეხმარება მას მაქსიმალურად სტილიზებული სურათი შექმნას. შესაბამისი თეგის ველში რაც უფრო მაღალ რიცხვს მონიშნავთ (0-დან 6000-მდე), მით უფრო აბსტრაქტულ ვიზუალს მიიღებთ საბოლოო ჯამში. 

კვლევითი ორგანიზაცია Midjourney

Midjourney  2021 წელს დაარსებული კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც ყოველთვიურად ხელოვნური ინტელექტის სფეროში თამამ ნაბიჯებს დგამს. მან 2022 წელს ხელოვნური ინტელექტის ჩეტ-ბოტი გამოუშვა სხვადასხვა სტილის ვიზუალური მასალის დაგენერირების შესაძლებლობით. ჩეტ-ბოტის მიერ გენერირებული ვიზუალები დღესდღეობით გამოიყენება როგორც კომერციული, ისე პირადი მიზნებისთვის. 

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ როგორც ოფიციალურ ვებსაიტზე აქვთ გამოქვეყნებული, ორგანიზაციაში მხოლოდ 11 full-time თანამშრომელია. 😱

მიდჯორნის გენერირებული ფოტოები

Image AI  გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება, Midjourney მუდმივად ცდილობს ახალი ფუნქციები ჩააშენოს პლატფორმაზე. მაგ: უახლოეს მომავალში დაემატება ბრძანება /weird, რომელიც უცნაურ და მოულოდნელი შინაარსის მქონე ფოტოებს მოგაწოდებთ.

აქ კი წარმოდგენილია Midjourney-ს ხელოვნური ინტელექტის ფოტოები, დატკბით და თავად სცადეთ მსგავსის შექმნა.

ხელოვნური ინტელექტი AI-ს ფოტო

ai ფოტოები

DALL-E 3 – გააცოცხლეთ ფანტაზია

იცით, როგორ შეგიძლიათ სიტყვების ფოტოებად ქცევა? – DALL-E 3-ის დახმარებით ძალიან მარტივად. ხელსაწყო ხელოვნური ინტელექტის ნამდვილ შედევრს წარმოადგენს. მისი საშუალებით ნებისმიერი სტილისა და ტიპის ფოტოს დააგენერირებთ. საერთოდაც არ არის აუცილებელი ფოტოაპარატი გქონდეთ, DALL-E 3-ის საშუალებით სურათებს კამერის გარეშე გადაიღებთ.

ის, ზემოთ ხსენებული Midjourney-ს კონკურენტია. ციფრული ხელსაწყოს მიმზიდველობა, მის მარტივად გამოყენებაში მდგომარეობს. ფოტოების მისაღებად საჭიროა აღწეროთ სასურველი ნახატი და დააჭიროთ ღილაკს “Generate”. ამასთანავე, შეგიძლიათ მიღებული ფოტო სურვილისამებრ დააკორექტიროთ და გადმოწეროთ.

უნდა გაითვალისიწინოთ, რომ დალი 3-ს აქვს გარკვეული ტიპის შეზღუდვები. მაგ: ძალადობის, დისკრიმინაციულ და მსგავს კონტენტს არ აგენერირებს. ამიტომ ამ ტიპის კონტენტის დაგენერირებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.

როგორ გამოვიყენოთ DALL-E 3

ამჟამად, მისი გამოყენების ერთადერთი საშუალება ChatGPT-ით სარგებლობაა. DALL-E 3 მხოლოდ OpenAI-ს მიერ შექმნილი Chatbot-შია ხელმსაწვდომი. 

ამისათვის, უნდა შექმნათ ChatGPT-ის პროფილი და შემდეგ ChatGPT 4 (ფასიანი) ვერსიით მიიღებთ წვდომას DALL-E 3-ზე.  რეალურად, ChatGPT-ში DALL-E-ის ინტეგრირება მოგცემთ შესაძლებლობას ფოტოებთან ერთად ტექსტურ მასალაზეც ✍️ იმუშაოთ.

*გაითვალისწინეთ, რომ პროექტი ჯერ კიდევ Beta ვერსიითა წარმოდგენილი.

მოდით ახლა DALL-E 3-ს ვთხოვოთ შექმნას ალპაკას ფოტო, რომელშიც SEO სპეციალისტად იქნება წარმოდგენილი.

აი, ისიც:

ალპაკა როგორც SEO სპეციალისტი

დადებითი:

  • შეუძლია შექმნას უამრავი სტილისა და თემატიკის ფოტო
  • ერთ ცდაზე აგენერირებს 4 ვარიანტს
  • ინტეგრირებულია ChatGPT-ში.
  • DALL-E 3 ვერსია მის წინამორბედზე გაცილებით უკეთესია.
  • კონკურენტებთან შედარებით ზუსტი და ეფექტურია.
  • სწრაფად ქმნის ფოტოებსა და მათ ვერსიებს
  • შეგიძლიათ დაახატინოთ თქვენ მიერ მიწოდებული სურათის მსგავსი ფოტოები.
  • დალის მიერ დაგენერირებული ფოტოები შეგიძლიათ გაყიდოთ
  • ყოველ ჯერზე უნიკალურ კონტენტს აგენერირებს

უარყოფითი:

  • ფასიანია
  • ფოტოებზე არ აწერს ტექსტებს.
  • ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად

იხილეთ DALL-E 3 მიერ გენერირებული ფოტოები სხვადასხვა თემატიკაზე:

პანდები AI-ით გენერირებული

ისტორიული პირების ხელოვნური ინტელექტი

aiXcoder AI – კოდის წერა მარტივია

კოდის წერის გეშინიათ? გჭირდებათ ადამიანი, რომელიც კოდის წერის რთულ და ჩახლართულ პროცესში დაგეხმარებათ? aiXcoder სწორედ თქვენთვისაა. 

როდესაც კოდის წერით გადაიღლებით, დაიხმარეთ aiXcoder და თავად შემოგთავაზებთ კოდის Snippet-ებს, რომლებითაც შეძლებთ სასურველი შედეგების მიღებას.

მისი ჩაშენება შეგიძლიათ Code Editor-ებში და უშუალოდ წერის პროცესში იმპლემენტირება.

aiXcoder ცდილობს გაანალიზოს თქვენი კოდის ლოგიკა და მიხვდეს თუ რის დაწერას დააპირებთ შემდეგ. ამის საფუძველზე კი მოგცემთ რეკომენდაციებს, მათ შორის დაწეროთ სემანტიკურად გამართული კოდი.

რატომ aiXCoder?

  • როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, aiXcoder-ის შეუძლია კოდის წერის დროს თქვენი ნაბიჯების პროგნოზირება, და ავტომატურ რეჟიმში კოდის ლოგიკური დასასრულის შემოთავაზება.
  • ასევე, სისტემას GitHub ადაპტური კოდის ძიების ფუნქცია აქვს. ამ ფუნქციით შეგიძლიათ კოდის კონკრეტული სტრიქონები იპოვოთ და მათი გამეორება თავიდან აიცილოთ. ის კონფიდენციალურობისა და მონაცემების დაცვის მაღალი ხარისხით ხასიათდება.
  • ამასთანავე, aiXcoder მხარს უჭერს პროგრამირების რამდენიმე ძირითად ენას, მათ შორის Java, Python, C#, C/C++, JavaScript, TypeScript და Go.

შეზღუდვები

aiXcoder-ს გააჩნია როგორც უფასო ისე ფასიანი ვერსია. უფასო ვერსია რა თქმა უნდა შეზღუდულია ფუნქციონალით. ამასთანავე, ზოგჯერ კონტექსტური ენის ხარვეზებმა შესაძლოა არაზუსტი წინადადებები განაპირობოს. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ aiXcoder მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინტერნეტ კავშირზე, შესაბამისად, ოფლაინ რეჟიმში მუშაობა არასანდოა და არ არის დაზღვეული ცდომილებებისაგან. 

Jasper – დაწერეთ სტატია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით

ალბათ, დავალებებით გადატვირთულ ქოფირაითერებს ხშირად უოცნებიათ ჯადოსნურ ხელსაწყოზე, რომელიც მათ ნაცვლად დაწერდა. (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქოფირაითერი საჭირო არ იქნებოდა, არამედ გაუმარტივებდა მუშაობის პროცესს).

რთული დასაჯერებლია, მაგრამ ჯასპერმა მათი ოცნება რეალობად აქცია. შეგიძლიათ ნაკლები ძალისხმევა დახარჯოთ ტექსტების წერაზე. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დააგენერიროთ გაცილებით მეტი და ხარისხიანი კონტენტი, ვიდრე ამას წარსულში აკეთებდით.

უბრძანეთ ჯასპერს რა დაწეროს, თქვენ კი ამ დროს გემრიელი ყავით ისიამოვნეთ.

Jasper AI გაძლევთ შესაძლებლობას 6-ჯერ უფრო სწრაფად იმუშაოთ. ამ გზით მარტივად გამოათავისუფლებთ ტექსტების წერაზე დახარჯულ დროს. მისი საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ქოფი სულ რამდენიმე წუთში შექმნათ, იქნება ეს გრძელი ფორმატის სტატიები თუ სარეკლამო ბანერების ტექსტები.

პროგრამა გამოირჩევა მუდმივად განახლებადი ფუნქციებით, რომლებიც ქოფირაითერებისა და კონტენტის მწერლებისთვის ნამდვილ ოქროს საბადოს წარმოადგენს.

რამდენიმე კვირის წინ ჯასპერის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა “One-shot blog-post” ფუნქცია. თქვენ მხოლოდ სტატიის სათაური, ტექსტის წერის სტილი და სამიზნე აუდიტორია (ვისთვის წერთ) უნდა მიუთითოთ, დანარჩენს ჯასპერი მიხედავს.

ტექსტების გენერირების გარდა ჯადოსნურ ციფრულ ხელსაწყოს სიტყვების სურათებად ქცევაც შეუძლია. ჩაწერეთ რა და როგორ სტილში დაგიხატოთ ჯასპერმა და რამდენიმე წამში ფრაზა საოცარ ფოტოებად იქცევა.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ჯასპერი არ ანაცვლებს ქოფირაითერებს. უბრალოდ, ეხმარება მათ სწრაფად და მარტივად მიაღწიონ სასურველ შედეგებს.

ხელსაწყო აერთიანებს უამრავ მუდმივად განვითარებად ფუნქციას:

  • დაწერეთ სტატია მე-8 კლასელისთვის გასაგებ ენაზე
  • შექმენით რეკლამის ქოფი AIDA (Attention, Interest, Desire, Action) მოდელის გამოყენებით
  • დაწერეთ ბლოგ-პოსტი ღილაკზე თითის 1 დაჭერით
  • გაზარდეთ ან შეამცირეთ წინადადების სიგრძე
  • დააგენერირეთ ვებსაიტის გვერდისთვის მეტა სათაური და აღწერა
  • მიიღეთ ბლოგ-პოსტის ქვესათაურები
  • აუხსენით რთული იდეა 5 წლის ბავშვს
  • შექმენით ვიდეოს ქოფი
  • და ა.შ.

ამჟამინდელი სრული ფუნქციები იხილეთ სურათზე:

ჯასპერის ინტერფეისი

 

დადებითი 

  • 100%-ით უნიკალური კონტენტი – SEO სპეციალისტების მუდმივი თავის ტკვილი პლაგიატთან ბრძოლაა. ჯასპერის წყალობით შეგიძლიათ ამაზე არ ინერვიულოთ.
  • უამრავი ხელმისაწვდომი წერის სტილი და tone of voice
  • ტექსტის სტილი და ტონი მარტივად სამართავია
  • One-shot blog-post ფუნქციით შეგიძლიათ სასურველ თემაზე უსწრაფესად მიიღოთ სრული სტატია.
  • ქოფირაითერზე მინიმუმ 6-ჯერ სწრაფად ტექსტის შედგენა.
  • ინტეგრირებულია ონლაინ გრამატიკული გამსწორებლები , ე.წ “Spelling Checker”.
  • 1 ცდაზე ხელმისწვდომია ტექსტის რამდენიმე ვარიანტი
  • მუდმივად ვითარდება და ემატება ფუნქციები
  • 25-ზე მეტი ენაა ხელმისაწვდომი.

უარყოფითი

  • სრული პაკეტის ე.წ “Boss Mode” -ის ღირებულებაა თვეში 600$.

რომელი ქართული კომპანია იყენებს წარმატებით Jasper AI-ს?

ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტო ალპაკაში კონტენტის შექმნისას წარმატებით ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს – Jasper AI-ს. მისი საშუალებით, არა მხოლოდ კონტენტის, არამედ SEO ოპტიმიზაციის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესება შევძელით. შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, დამკვეთებს მოკლე დროში უამრავი მოცულობითი ინგლისური კონტენტი დავუგენერირეთ.

 

Wonder AI – ფოტოები 1 წუთის ფასად

Wonder AI არის მობილური აპლიკაცია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას უფასოდ შექმნათ ფოტოები სასურველ თემატიკაზე. შეილება ითქვას ზემოთ განხილული DALL–E 2-ის მობილურის ვერსიაა. ამ წინადადებაში მნიშვნელოვანი სიტყვაა “უფასო”. ვინადიან ციფრული ხელსაწყოების პაკეტების უმეტესობა სიძვირის გამო მცირე ბიზნესებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

როგორ ახერხებს Wonder AI უფასოდ მოგაწოდოთ ფოტოები? – როდესაც ტექსტის ველში სასურველ ფრაზას შეიყვანთ და შესაბამის სტილს აირჩევთ, ფოტოს მისაღებად ბოლომდე უნდა უყუროთ 30 წამიან რეკლამებს. ვიდეო რგოლის დასრულების შემდეგ მიიღებთ ფოტოს რამდენიმე ვერსიას (ძირითადად 2 ვარიანტი). ცხადია შეგიძლიათ რეკლამების გამორთვაც, მაგრამ ამისათვის Wonder AI-ს ფასიანი ვერსია უნდა შეიძინოთ. რეალურად აპლიკაციის შემოსავალი სწორედ რეკლამებზე დგას. ამიტომ, ონლაინ ხელსაწყო იდეალურია მათთვის, ვისაც არ სურს ფოტოებში ფულის გადახდა და მზად არის საკუთარი დროით გადაიხადოს.

დადებითი:

  • თანხის გადახდა არ გიწევთ
  • იღებთ სურათის რამდენიმე ვერსიას
  • მარტივი ინტერფეისი აქვს
  • რამდენიმე სტილია ხელმისაწვდომი
  • შეგიძლიათ გადმოწეროთ და გემოვნებისამებრ შეცვალოთ
  • ხელმისაწვდომია ფასიანი ვერსიაც

უარყოფითი:

  • მოგიწევთ მინიმუმ 2 30 წამიანი რეკლამის ყურება.
  • იხდით არა ფულით, არამედ ძვირფასი დროით.
  • სტილების რაოდენობა შეზღუდულია.

იხილეთ Wonder AI-ს ინტერფეისი:

wonder-ის ხელოვნური ინტელექტი აპლიკაციის სახითაა ხელმისაწვდომი, აქ წარმოდგენილია ინტერფეისი

Gliacloud.com – თუ ვიდეოს გადაღებით დაიღალეთ

დღეში მილიონობით ვიდეოს იღებენ. TikTok, Facebook, Instagram აჭრელებულია ვიდეო კონტენტით. ალბათ ყველამ, ვისაც ვიდეოს მონტაჟთან შეხება ჰქონია, იცის თუ რამდენად შრომატევადია ხარისხიანი მასალის შექნა.

Glia Studio-მ ეს გამოწვევა წარმატებით მიიღო და შექმნა ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პლატფორმა – gliacloud.com. მისი საშუალებით შეგიძლიათ ფრაზები არა სურათებად, არამედ ვიდეოებად აქციოთ. მიღებული კონტენტი კი სურვილისამებრ გადააკეთოთ. ამ ციფრული ხელსაწყოს საშუალებით ვიდეორგოლის გადასაღებად, საერთოდაც არ გჭირდებათ ვიდეო კამერა.

პლატფორმის მუშაობის პრინციპი ძალიან ჰგავს DALL-E 2-ის ლოგიკას. ეს რევოლუციური პროდუქტი შვებას მოგვრის მარკეტერებს, ვლოგერებს, გამომცემლებს, ტიკტოკერებს და ა.შ. ქართულ ბრენდებს წარმატებით შეუძლიათ გამოიყენონ გლიას ციფრული ხელსაწყო, ვიდეოზე მუშაობის დროს დაზოგონ კოლოსალური დრო და ენერგია. თუ გსურთ კონტენტი მრავალფეროვანი ელემენტებით გაამდიდროთ gliacloud სწორედ თქვენთვისაა.

დადებითი:

  • მოკლე დროში სხვადასხვა სტილის ვიდეოების გენერირება
  • შეგიძლიათ აკონტროლოთ ვიდეოს ხანგრძლივობა და თემათიკა
  • უამრავი დაზოგილი საათი და დღე
  • ფანტაზიით შეგიძლიათ არარეალისტური ვიდეოების გენერირებაც.

უარყოფითი:

  • ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისური ვერსია

Synthesia.io – ვიდეოები მცირე ბიზნესებისთვის

ისევ ვიდეოები…

მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის რთულია მაღალკვაფიციური ვიდეო გადამღების დაქირავება. რეალურად მათ არ სჭირდებათ რთული ვიზუალური ეფექტები, მაშინ რატომ უნდა გადაიხადონ დამატებითი ფული? სწორედ ეს კითხვა გაუჩნდათ Synthesia-ს შემქმნელებს, რომლებმაც მცირე ბრენდებს მისცეს შესაძლებლობა ვიდეო კონტენტი დამოუკიდებლად შეექმნათ.

ციფრული ხელსაწყო იყენებს უამრავ ავატარს და შაბლონს (Template), რომლებიც თქვენს ბრენდს მიმზედველად აქცევენ. ვიდეოების გადაღება აქ გაცილებით იაფია – 30$ თვეში. ხელსაწყო ზედგამოჭრილია იმ ბრენდებისთვის, რომლებსაც წარდგენითი ვიდეოების გადაღება სურს.

მარტივი ინტერფეისი მის ღირებულებას ერთიორად ამაღლებს: ხმების, ავატარის, შაბლონების, ტექსტებისა და კიდევ უამრავი ცვლადის დამოუკიდებლად მართვა. რაც მთავარია 60-ზე მეტ ენაზე გექნებათ წვდომა (მათ შორის დიალექტებზეც). სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული ენა ხელმისაწვდომი არ არის.

დადებითი:

  •       მარტივად გამოყენებადი
  •       სტილის მრავალფეროვანი არჩევანი
  •       სხვა პლატფორმებთან შედარებით იაფია – 30$ თვეში (ასევე აქვს კორპორატიული პაკეტიც)
  •       60-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი

უარყოფითი:

  •       იაფი პაკეტის დახმარებით მხოლოდ მარტივი ვიდეოების გადაღებას შეძლებთ
  •       ქართული ენა არ არის ხელმისაწვდომი

გადაიღეთ ვიდეოები მცირე ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

 

Wordtune.com – დახვეწე წინადადებები

ქოფირაითერებისთვის საინტერესო ამბავი გვაქვს, ამ ამბავს Wordtune ჰქვია. ის არის პლატფორმა, რომელიც დაგეხმარებათ წინადადებების გადაკეთებაში, სტილისა და ზომის შეცვლას. ეს, მართლაც სიანტერესო ციფრული ხელსაწყო, წინადადებებთან ერთად პარაგრეფების გენერირების საშუალებასაც გაძლევთ.

ხელოვნური ინტელექტის ამ ინსტრუმენტის ყველაზე საინტერესო ნაწილია, რომ დღეში 20 წინადადებაზე მუშაობა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. Ცხადია, ფასიანი ვერსია გაცილებით მეტ შესაძლებლობებს გთავაზობთ: წინადადების შემოკლება-გაზრდა, ფორმალური და არაფორმალური სტილი და სხვ

დადებითი:

  • უფასო ვერსიაზე 20 ცდის უფლება გაქვთ
  • წინადადების ძალიან ბევრ ვარიაცას გიჩვენებთ.
  • სხვა ანგარიშიდან შესვლის შემთხვევაში ცდების რაოდენობა თავიდან აითვლება.
  • პრემიუმ ვერსიაზე ხელმისაწვდომია აბზაცის გენერატორი.
  • შეგიძლიათ გადასახადი გაიყოთ, თუ გუნდი დარეგისტრირდება

უარყოფითი:

  • სხვა ინსტრუემენტებთან შედარებით ნაკლები ფუნქცია აქვს

wordtune-ის ციფრული ხელსაწყო ქოფირაითერებისთვის

რამდენიმე ათეული წლის წინ ბუნდოვანი იყო თუ რამდენად ხელმისაწვდომი გახდებოდა ხელოვნური ინტელექტი ფართო საზოგადოებისთვის. დღეს, მომხმარებელს AI შესაძლებლობები ხელისგულზე აქვს გადაშლილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული თემები SEO სპეციალისტებისთვისაც აქტუალურია. ვინაიდან, როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, ვებგვერდის გაუმჯობესების პროცესში დიდ როლის თამაში შეუძლიათ.

გაგვიზიარე კომენტარებში შენთვის საინტერესო AI ციფრული ხელსაწყო და უამბე საზოგადოებას თუ რატომ უნდა გამოიყენოს ის.

სპარტაკ გაჩეჩილაძე
სპარტაკ გაჩეჩილაძე

სტატიის ავტორი

One Response

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები