ქართული url-იანი ბმულის ერთხელ ნახვაა საჭირო, რომ ცუდი მოგონებასავით გონებაში ჩაიბეჭდოს და არასდროს დაგვავიწყდეს უსაშველოდ გაწელილი უამრავი სიმბოლო, რომელიც მას მოჰყვება.
ეს მაგალითი უცებ მიგახვედრებთ რასაც ვგულისხმობ:

ბმული, რომელიც ისეა შექმნილი, თითქოს კლავიატურაზე შეშინებულმა კატამ გადაირბინაო, მისი ვინმესთვის გაზიარება, მინიმუმ, უხერხულობის გრძნობას ქმნის.
მესენჯერში თქვენი მეგობრისთვის მიწერილი ლინკის ვიზუალიზაცია რომ მოვახდინოთ, შედეგი ასეთი იქნება:
თუ ეს მეგობარი მე ვარ და მსგავსი ლინკი ჩათში ამომივარდა, თქვენთან ჩემს მეგობრობას ეჭვქვეშ დავაყენებ.
ფეისბუქზე, ან ვორდის ფაილში ბმულის დაკოპირებაც მინიმუმ დისკომფორტის შემცველია და დარწმუნებული ვარ, თქვენც ჩემი არ იყოს, ყოველთვის თავს არიდებთ მსგავსი ლინკის სადმე გაზიარებას.
საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი.
სამწუხაროდ, ამ ვარიანტებიდან ყველა ეფექტური არ არის.
მეტი თვალსაჩინოებისთვის სერჯიო ლეონეს დავესესხებით და ამ რამდენიმე გამოსავალს კარგ, ცუდ და ბოროტ კატეგორიად დავყოფთ.
კარგი გამოსავალი – ბმულის დაკოპირება https://-ის გარეშე 🤠
ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მტკივნეული გზა ბრაუზერის ბმულის ველიდან მხოლოდ ვებგვერდის დასახელების დაკოპირებაა, ყოველგვარი https-შმhttps-ების გარეშე.
ამისთვის საკმარისია მოვნიშნოთ რაც https://-ის მერე მოდის (იხ. ქვემოთ მოცემული სურათი) ამ მეთოდის მთავარი მინუსი ისაა, რომ ბმული პოსტებში გამოყენებისას აღიქმება ტექსტად და არა ბმულად. შესაბამისად, ამ გამოსავალსაც კი გაუჭირდებოდა შემდეგ ტურში გადასვლა.


ცუდი გამოსავალი – ბმულის დაკოპირება ttps-ით, ანუ h–ის გარეშე 😑
ეს მეთოდი პირველი ვარიანტის თითქმის იდენტურია, ოღონდ უფრო ცუდი და არა პრაქტიკული.
იმისათვის, რომ ბმული ქართულად დავაკოპიროთ, ვნიშნავთ ბმულს თითქმის სრულად – ოღონდ https-დან h-ის გამოკლებით.
შემდგომ ჩავსვამთ იქ, სადაც გვსურს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ttps-იან ბმულს მოწყობილობა სრულყოფილ ბმულად არ აღიქვამს, ამიტომაც მისი ჩასმის შემდეგ თავში უნდა დაურთოთ “h” და შემდეგ თავდაჯერებულად დააწკაპოთ “Enter”-ს.
მეთოდი და შედეგი:

ბოროტი გამოსავალი – დაკოპირების ნაცვლად, ბმულის ხელით აკრეფა 😈
სათაური თვითონ გეუბნებათ რასთან გვაქვს საქმე. ეს მეთოდი ძალიან შრომატევადია და ბოსტონის ფილიალის გატეხის ტოლფასია.
თუ ბევრი დრო გაქვთ და კლავიატურაზე ბეჭდვა თქვენი გამოძახილია, მაშინ ეს ვარიანტი ზუსტად სათქვენოა (თუმცა, მაინც გირჩევთ, რომ სხვა ჰობი გაიჩინოთ <3 ).
მეთოდის დემონსტრირებისთვის ვიდეო ჩავწერეთ, სადაც on.ge-დან ბეჭდების მბრძანებელზე ქვიზის ბმულს „ვაკოპირებთ“ და ვუზიარებთ ჩვენს მეგობარს ელ.ფოსტით. თუ სხვაგან ვერაფერს უყურებთ, მოიმარაგეთ პოპკორნი და ჩაუსხედით.
ჩვენი გამოსავალი – ქართURL 🤓
მაშ ასე, ჩვენ გავაკეთეთ უფასო ხელსაწყო (უფასო არაფერი არსებობს და ეგეთები არ დაიწყოთ…), რომელსაც ჰქვია „ქართURL“, რაც სიტყვა-სიტყვით ქართულ ბმულს ნიშნავს. ხელსაწყოს მიზანია, უშნო და გაუგებარ ენაზე დაწერილი შელოცვის მაგვარი ტექსტი ქართულ ენაზე მარტივად აღსაქმელ და მოწესრიგებულ ბმულად აქციოს.
საკმაოდ მარტივი და კომფორტული ხელსაწყოა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გინდათ და რამდენჯერაც გინდათ. “ქართURL” გამოსადეგია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი – ციფრულ მარკეტერებისთვის, სოც. მედია მენეჯერებისთვის, SEO სპეციალისტებისთვის, რომლებიც შეძლებენ ყოველდღიურ საქმიანობაში მის გამოყენებას.
დამალული გამოსავალი, ანუ Easter Egg 🍳
„ქართURL“-ის გვერდზე (ვიდეო ინსტრუქციაში) არის ერთი პატარა მინიშნება, თუ როგორ ვაპირებთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავუმარტივოთ მომხმარებლებს ქართული ბმულების დაკოპირება და შევთავაზოთ ახალი გამოსავალი.
თუ ახლა, ამ ტექსტს კითხულობთ და მეტიც, თუ იპოვით ზემოთხსენებულ მინიშნებას – აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში, ასევე თუ თქვენ იცით უფრო მარტივი დაკოპირების მეთოდი, ეგეც გაგვიზიარეთ ✌️