უფასო ხელსაწყოები SEO ოპტიმიზაციისთვის

იანვარი 23, 2024

თუ SEO ოპტიმიზაციის სწავლა გადაწყვიტეთ და საქმის გასამარტივებლად ახალი ხელსაწყოების ძიების პროცესში ხართ, დარწმუნებული ვარ ამ ბლოგში აუცილებლად იპოვით, ისეთ ხელსაწყოს, რომელიც სამუშაო პროცესში ძალიან დაგეხმარებათ.

სარჩევი

როგორ შევამოწმოთ ვებსაიტის ტექნიკური გამართულობა?

ვებსაიტის ტექნიკური SEO-ს გამართულობა მოწინავე პოზიციების მოპოვების ფუნდამენტური ნაწილია. თუ ვებსაიტი ტექნიკურად გამართული არ არის, მაშინ მას საძიებო სიტემებში წარმატების მიღწევა გაუჭირდება. ქვემოთ დაგხვდებათ იმ ხელსაწყოების ჩამონათვალი, რომელსაც SEO სპეციალისტები ვებსაიტის ტექნიკური გამართულობის შესამოწმებლად ყოველდღიურად იყენებენ.

Screaming Frog – უფასო ვერსია

ტექნიკური SEO მიმართულებით Screaming Frog ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელსაწყოა, რომელიც ბოტის საშუალებით შედის ვებსაიტზე, ამოწმებს ვებსაიტის სხვადასხვა ასპექტს და მარტივიდად აღსაქმელი გზით გვიჩვენებს მონაცემებს. ხელსაწყოს არალიცენზირებული ვერსიის დახმარებით შესაძლებელია 500-მდე URL-ის შემოწმება. აუდიტში განხილული ინფორმაცია კი მოიცავს (არამარტო) შემდეგს:

  • ინფორმაცია გატეხილი ბმულების შესახებ
  • მეტა ინფორმაციის სრული ანალიზი
  • გადამისამართებების შემოწმება
  • Hraflang ატრიბუტის შემოწმება
  • სურათების შესახებ დეტალური ინფორმაცია

ტექნიკური სეო ხელსაწყო screaming frog

SSL Checker

SSL (Secure Sockets Layer) სერთტიფიკატი ციფრული სერტიფიკატია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, დაშიფრულ კომუნიკაციას ვებსაიტსა და მომხმარებლის ბრაუზერს შორის. 

მოგეხსენებათ, დღესდღეობით დაუცველ ვებსაიტზე შესვლა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. იმის გასაგებად, აქვს თუ არა კონკრეტულ გვერდს SSL სერტიფიკატი საკმარისია ვებსაიტის ლინკის მარცხნივ არსებულ ბოქლომს დავაკვირდეთ, ამ თუნდაც URL-ს სტრუქტურას, რომელშიც აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს https პროტოკოლი.

ზემოთ მოცემული ხერხი ერთი კონკრეტული გვერდის დაცულობის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფი გზაა, მაგრამ თუ ვებსაიტის ათასობით გვერდის დაცულობის შემოწმება გვსურს, უმჯობესია SSL checker-ები გამოვიყენოთ, რომლებიც ამ ინფორმაციას რამდენიმე წამში მოგაწვდიან. SSL სერტიფიკატის შესამოწმებლად არაერთი ხელსაწყო არსებობს, მათ შორისაა: Jitbit, SSLShoper, SSLLabs და სხვა.

ხელსაწყოები Schema Markup-ისთვის

Schema Markup არის კოდის ფრაგმენტი, რომელიც საძიებო სისტემებს ეხმარება უკეთ აღიქვან ინფორმაცია თქვენს ვებსაიტზე.

Schema markup-ის დახმარებით შეგვიძლია საძიებო შედეგების ველში rich result ფორმით გამოვჩნდეთ – ანუ სათაურისა და აღწერის გარდა დამატებითი ინფორმაციით მივიქციოთ მომხმარებლის ყურადღება. ამ გზით შეგვიძლია უზრუნველყოთ, რომ საძიებო სისტემაში უფრო დიდ ადგილს ვიკავებდეთ და კონკურენტებისგან მეტად გამოვირჩეოდეთ.

კონტენტის შინაარსიდან გამომდინარე არსებობს მრავალი ტიპის სქემა, მაგალითად ორგანიზაციული, ლოკალური ბიზნესის, კლინიკის, რეცეპტების, არტიკლების, პროდუქტებისა და სხვა. თითოეული ტიპის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია schema.org-ზე იხილოთ.

როგორც აღვნიშნეთ, schema markup კოდის ფრაგმენტია, თუმცა კოდის წერასთან შეხება თუ არ გქონიათ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან არსებობს არაერთი ვებსაიტი, რომელიც შესაბამისი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ ამ კოდს დაგიგენერირებთ.

სტრუქტურული მონაცემების შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ Schema Markup გენერატორი, მათ შორის Google-ის Structured Data Markup Helper, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ფავორიტია Technicalseo.com-ის ხელსაწყო, რომელიც საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. საკმარისია ავირჩიოთ სასურველი სქემის ტიპი, მივუთითოთ საჭირო ინფორმაცია და კოდი მზად იქნება.

თუ სქემის შემოწმება გსურთ, Schema Markup Validator შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც უშუალოდ Schema.org-ის შექმნილია ან Google-ის მიერ შექმნილი Rich Results Test.

ქართURL

მოგეხსენებათ, ქართული ბმულები გაზიარებისას უშნოვდება და გაურკვეველი სიმბოლოებისგან შემდგარ რამდენიმე ხაზიან ბმულად იქცევა ხოლმე. სწორედ ამ პრობლემას ჭრის ხელსაწყო ქართURL, რომელიც დაგეხმარებათ ქართული ბმულები ისე დააკოპიროთ და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, რომ ის მარტივად აღქმადი იყოს. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია:

  1. დააკოპირეთ ქართული სიმბოლოებისგან შემდგარი ბმული
  2. შერჩეული ბმული შეიყვანეთ ქართURL-ის ხელსაწყოს “უშნო ბმულის” ველში
  3. “ქართული ბმულის” ველში მყისიერად გამოჩნდება გასწორებული ბმული
  4. “დაკოპირების” ღილაკზე ხელის დაჭეით ან ველში ბმულის მონიშვნით და CTRL + C (Command + C Mac-თვის) კომბინაციის გამოყენებით დააკოპირეთ გასწორებული ბმული.

ხელსაწყოები მეტა ინფორმაციის შესამოწმებლად

მეტა ინფორმაციის სწრაფად შესამოწმებლად გამოსადეგია ბრაუზერის გაფართობეები, მაგალითად: SEO Meta in 1 click ან თუნდაც Detailed SEO Extension.

მოცემული ხელსაწყოები კონკრეტულ გვერდზე შესვლისას გიჩვენებენ, თუ რა არის ამ გვერდის მეტა ინფორმაცია, როგორია გვერდზე H-tag სტრუქტურა, სწორად არის თუ არა გაწერილი კანონიკური თეგი, მოკლედ რამდენად გამართულია ვებსაიტის On-Page SEO.

Ahrefs SEO Toolbar

Ahrefs SEO Toolbar არის უფასო გაფართოება Chrome-ისთვის და Firefox-ისთვის, რომელიც გთავაზობთ SEO-სთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ გვერდის შესახებ, რომელზეც შესული ხართ.

ხელსაწყო გთავაზობთ ვებგვერდის On-Page SEO რეპორტს, რომელშიც განხილულია მეტა ინფორმაცია, კონტენტის ზომა, H-tag სტრუქტურა. აქვე იხილავთ აქვს თუ არა გვერდს სწორად გაწერილი კანონიკური თეგი, Robots.txt ფაილი, Sitemap და Hreflang ატრიბუტი. დაგხვდებათ ინფორმაცია გვერდის Schema markup-ზე, სურათებზე და მათ ალტ ტექსტებზე. მოკლედ, გვერდის შესახებ საჭირო ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეშია მოქცეული.

გარდა ამისა, აღნიშნული ხელსაწყო გამოსადეგია საძიებო სიტყვების კვლევის პროცესშიც. როგორც იცით, საკვანძო სიტყვების ძიებისას საკმაოდ გამოსადეგია უშუალოდ საძიებო სისტემის Autocomplete-ისა და მსგავსი ძიების ველიდან ინფორმაციის მიღება. ხელსაწყოს დახმარებით კი მათი გადმოკოპირების პროცესი ბევრად გამარტივებულია. 

აღსანიშნავია, რომ ხელსაწყო ზოგადად ძიების პროცესსაც უფრო კომფორტულს ხდის ნუმერაციის მინიჭებით, ამასთან ერთად კი შეგიძლიათ თქვენი ვებსაიტის სახელის მითითებით საძიებო სისტემაში ის უფრო მარტივი მოსაძებნი გახადოთ.

უფასო სეო ხელსაწყო Ahrefs SEO Toolbar

Keyword Density Tool

კონტენტის შექმნისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საძიებო სიტყვების დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ,,რანკირების” პროცესზე.

ზოგადად, მანამ სანამ ტექსტში საკვანძო სიტყვა ბუნებრივად გვხვდება და ისინი ტექსტში ჩატენილს არ გავს, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ყოველთვის ჯობია, ეს ხელსაწყოს გამოყენებითაც გადავამოწმოთ. Keyword Density Tool გვიჩვენებს ტექსტის საერთო რაოდენობის რა პროცენტია კონტრეტული სიტყვა – ოპტიმალურ დონეს წარმოადგენს 1-2%, თუ ტექსტში საძიებო სიტყვა ამაზე უფრო მეტჯერ  გაქვთ გამოყენებული ჯობია მცირე კორექტირება შეიტანოთ.

ხელსაწყოები სურათების SEO ოპტიმიზაციისთვის

ვებსაიტზე გამოყენებული სურათები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ბრენდის სახესთან და ვებსაიტის სტილთან. ისინი მომხმარებლის ყურადღებას უნდა იპყრობდეს და მათში ინტერესს აღძრავდეს.

ვებსაიტზე კარგი ვიზუალური მასალის გამოყენება აუმჯობესებს მომხმარებლის კმაყოფილებას, თუმცა არაოპტიმიზირებული სურათები, ხშირ შემთხვევაში, მკვეთრად აუარესებს ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარეს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ უფასო ხელსაწყოების სიას სურათების SEO ოპტიმიზაციისთვის.

Iloveimg

Iloveimg ფოტოების ოპტიმიზაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყოა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ დააკომპრესოთ სურათები, რეზოლუცია შეუცვალოთ, წაუშალოთ ფონი, გადაიყვანოთ jpg ფორმატში, ან პირიქით jpg ფორმატიდან pgn-ში, ასევე შესაძლებელია სურათის მოჭრა, upscale და watermark-ის დადება.

მოკლედ, ამ საიტზე დაგხვდებათ ყველაფერი რაც სურათებზე სამუშაოდ გჭირდებათ, ამიტომ აუცილებდათ დატესტეთ.

WebP ფორმატში გადამყვანი

ვებსაიტზე სურათების WebP ფორმატში განთავსება SEO სპეციალისტების მიერ საუკეთესო პრაქტიკადაა მიჩნეული და მას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად, ამ გზით შესაძლებელია ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარის გაზრდა.

სურათების WebP ფორმატში გადასაყვანი მარავალი ხელსაწყო არსებობს მათ შორისაა  squoosh.app, cloudconvert, freeconvert და სხვა.

უფასო SEMRush

SEO ხელსაწყოებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ SEMRush, რომელიც რეალურად ფასიანი ხელსაწყოა, მაგრამ რიგ ფუნქციონალებს უფასოდაც გვთავაზობს. 

კერძოდ, ამ ხელსაწყოს გამოყენებით შესაძლებელია შეამოწმოთ თქვენი ვებსაიტის დომენის ავტორიტეტი, ადვილად დააკვირდეთ რანკირების პროცესს, მოიძიოთ საძიებო სიტყვები და მათი ძიების რაოდნობები და ძიების მიზნები, რათა უკეთ განსაზღვროთ თუ რომელ მათგანზე ღირს მუშაობა. ხელსაწყო დაგეხმარებათ კონკრენტების ანალიზსა და ბექლინკების მოძიების პროცესშიც და მეტიც ამ საქმეს ძალიან კომფორტულს გახდის.

სემრაშის სურათი

SEMRush-ის უფასი ვერსიით შესაძლებელია:

საკვანძო სიტყვების ანალიზი უფასოდ – ხელსაწყოს უფასო ვერსიით Keyword Overview-სა და Keyword Magic Tool-ის 10 ჯერ გამოყენებაა შესაძლებელი, თითოელ გამოყენებაზე კი 10 საძიებო სიტყვის შესახებ შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება, ამიტომ დღის განმავლობაში 100 საძიებო სიტყვის ანალიზს. 

გაითვალისწინეთ, რომ ხელსაწყოების გამოყენების ლიმიტია 10 და არ აქვს მნიშვნელობა თუ, რომელ ხელსაწყოს გამოიყენებთ, თითო გამოყენებაზე ლიმიტს ერთი მოაკლდება.

უფასო კონკურენტების ანალიზი – დომენის შეყვანის შემთხვევაში SEMRush საკმაოდ გამოსადეგ ინფორმაციას გვაწვდის კონკურენტებისა და საძიებო ბაზრის შესახებ, მათ შორის:

  • რამდენ და რომელ საკვანძო სიტყვებს იკავებს დომენი (ორგანულ და ფასიან ძიებაში)
  • პოზიციების განაწილება ამ საკვანძო სიტყვებისთვის
  • მთავარი კონკურენტები (ორგანულ და ფასიან ძიებაში)
  • ტრაფიკის შემომყვანი მთავარი საკვანძო სიტყვები
  • ბრენდირებული და არაბრენდირებული ტრაფიკის თანაფარდობა
  • ბექლინკების და ბექლინკ წყაროების რაოდენობა

საკვანძო სიტყვების მონიტორინგი – უფასო ვერსიით მომხმარებლებს შეუძლიათ აკონტროლონ 10-მდე საკვანძო სიტყვა Position Tracking ინსტრუმენტის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა:

  • დააყენოთ თქვენი პროექტი (უფლება გაქვთ დააყენოთ მხოლოდ 1 პროექტი)
  • შეიყვანოთ თქვენი დომენი
  • მონიშნოთ თქვენი მდებარეობა და მოწყობილობის ტიპი
  • მიუთითოთ ის საძიებო სიტყვები, რომელთა მონიტორინგიც გსურთ

ვებსაიტის აუდიტი – როგორც უფასო მომხმარებელს, Site Audit Tool-ის გამოყენებას მხოლოდ 100-მდე URL-ზე შეძლებთ. აუდიტით მიიღებთ ინფორმაციას ვებსაიტის “ჯანმრთელობის ქულას” (Health Score), რეპორტს აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, რეკომენდაციებს და რჩევებს ხარვეზების გამოსასწორებლად, საბოლოოდ კი თემატურ რეპორტს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა დაქროლვა, არის თუ არა ვებსაიტი დაცული, გამართულია თუ არა შიდა გადალინკვის ქსელი, მითითებულია თუ არა სტრუქტურული მონაცემები და სხვა.

Ahrefs-ის უფასო ხელსაწყოები

Ahrefs-ის ერთ-ერთი ხელსაწყო ზემოთ უკვე განვიხილეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს კომპანია საკმაოდ ბევრ მინი ხელსაწყოს სრულიად უფასოდ გვთავაზობს, თანაც ისე, რომ რეგისტრაციის გავლაც არ დაგჭირდებათ. 

საკვანძო სიტყვების მოსაძიებლად Ahrefs გთავაზობთ შემდეგ ხელსაწყოებს: Keyword Generator – Google-ისთვის, Bing-ისთვის, Amazon-ისთვისა და Youtube-ისთვის. ასევე ხელსაწყოს, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად რთულია საძებო სიტყვებზე პოზიციების მოპოვება.

ბექლინკების ანალიზისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ Backlink Checker, რომელიც გიჩვენებთ ვებსაიტის ტოპ 100 ბექლინკს მისი რეინტინგის მიხედვით. ასევე Ahrefs გვთავაზობს Broken Link Checker-ს, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას შიდა და გარე გაფუჭებული ლინკების შესახებ. 

უფასო ხელსაწყოს დახმარებით შეძლებთ ვებსაიტის დომენის ავტორიტეტისა და ტრაფიკის  გარკვევას და სხვა ინფორმაციის მიღებას. მოკლედ ზემოთ აღნიშნული ხელსაწყოები და უფრო მეტიც შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე – Ahrefs-ის უფასო ხელსაწყოები.

ChatGPT SEO-სთვის

დღესდღეობით უკვე ყველამ ვიცით რამდემად დიდი შესაძლებლობები აქვს ChatGPT-ის ამიტომ მისი მნიშვნელობის ახსნას დიდ დროს არ დავუთმობ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს AI ხელსაწყო SEO ოპტიმიზაციის მიმართულებითაც არაერთი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

chatGPT სეოსთვის

მაგალითისთვის, ChatGPT-ის დახმარებით შეგიძლიათ რელევანტური ბლოგის იდეების გენერირება და მისი მონახაზის გაკეთება – უშუალოდ ბლოგის ChatGPT-ით დაწერას არ გირჩევთ, რადგან, ჩვენი ანალიზით, თუ კონტენტზე მითითებული არ გაქვთ, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია (AI Generated) ეს უარყოფითად აისახება ვებსაიტის რეპუტაციაზე. მართალია ჯერ Google ქართულ ბაზარზე ხელოვნური ინელექტისა და ადამიანის დაწერილ ტექსტსტებს შორის განხვავებას ვერ ამჩნევს, მაგრამ უცხოურ ბაზარზე დაურედაქტირებელი AI კონტენტი სხვადასხვა მეტრიკების კლებას გამოიწვევს.

ChatGPT გამოსადეგია კონტენტის სტრატეგიის შედგენისას, მეტა ინფორმაციის ოპტიმიზაციისთვის და ასევე ბექლინკების მოპოვების პროცესშიც. მაგალითისთვის ხელსაწყო დაგეხმარებათ ააწყვოთ შიდა გადალინკვის ოპტიმიზებული ქსელი ან თუნდაც დაწეროტ მეილი, რომელიც ბექლინკს მოგაპოვებინებთ. სხვა AI (ხელოვნური ინტელექტი) ხელსაწყოების სანახავად გირჩევთ იხილოთ ჩვენი ბლოგი.

დიდი იმედი გვაქვს, ამ სიაში თქვენთვის ღირებული ისეთი ხელსაწყოც აღმოაჩინეთ, რომელიც სამომავლოდ SEO ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ეს სია არ არის სრული და მას მომავალში კიდევ ბევრი კარგი ხელსაწყო დაემატება. მანამდე კი ძალიან გაგვახარებთ, თქვენც თუ გვირჩევთ თქვენს საყვარელ ხელსაწყოებს.

ანა ქარელი
ანა ქარელი

სტატიის ავტორი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მსგავსი სტატიები